ჟოზე მოურინიოს მესუთ იოზილის გადაბირება უნდა

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიოს ძალიან უნდა, თავის რიგებში იხილოს ლონდონის "არსენალის" ფლეიმეიქერი მესუთ იოზილი.

ამის შესახებ პორტუგალიელ სპეციალისტს "არსენალთან" წინასამატჩო პრესკონფერენციაზე
ჰკითხეს, თუმცა მოურინიომ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

ცნობილია, რომ "იუნაიტედი" ფლეიმეიქერს ეძებს და ამ პოზიციის გასაძლიერებლად გუნდში რამდენიმე ვარიანტი უკვე განიხილეს.

სასურველ სიაში მოხვდა ბრაზილიური "გრემიოს" ნახევარმცველი არტურიც, თუმცა მანჩესტერული კლუბი უპირატესობას იოზილის ტრანსფერს ანიჭებს. მათ ამის გაკეთება ზაფხულში უფასოდ შეუძლიათ, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ იოზილის გადაბირება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა კლუბებმაც მოინდომონ.

შესაბამისად, ზაფხულამდე მოცდა სარისკო
საქმეა და მანჩესტერულ გრანდს სოლიდური თანხის გაღება მოუწევს, თუ მესუთ იოზილის გადაბირება დაუყოვნებლივ სურს.

მოურინიო ბოლომდე კმაყოფილი არაა ჰენრიხ მხითარიანისა და ხუან მატას ასპარეზობით და მათზე სამომავლოდ იმედებსაც არ ამყარებს. მხითარიანის გვარს სულაც სხვა კლუბებს უკავშირებენ და არ არის გამორიცხული, სომეხმა ფეხბურთელმა კლუბი ძალიან მალე შეიცვალოს.

აღსანიშნავია, რომ თუ  ტრანსფერი შედგა, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა მოურინიო-იოზილის თანამშრომლობის. ერთად ისინი მადრიდის "რეალშიც" მოღვაწეობდნენ და ეს იოზილისთვის საკმაოდ კარგი პერიოდი იყო. გერმანელი კარიერის საუკეთესო დროებას განიცდიდა და იმ ფორმაციის "რეალის" ერთ-ერთ ლიდერადაც მიიჩნეოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული