გთავაზობთ 14 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:
"მანჩესტერ სიტი" დაცვის ხაზის გაძლიერებას "ფულემის" მცველით, ენტონი რობინსონით გეგმავს. 23 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ინგლისურ კლუბში 32 შეხვედრა გამართა.
"რომა" ტრავმირებული სპინაცოლას შემცვლელს ეძებს. შეგახსენებთ, იტალიელმა მცველმა ევრო 2020-ის მიმდინარეობისას აქილევსის ტრავმა მიიღო, რეაბილიტაციას კი, როგორც მინიმუმ, 7 თვე დასჭირდება. ჟოზე მოურინიო, სავარაუდოდ, მას ალექს ტელესით შეცვლის.
"მილანი" ხორვატი ნახევარმცველის, ნიკოლა ვლაჰიჩის დამატებასთან ახლოსაა. სავარაუდოდ, "როსონერი" ცსკა-ს ფეხბურთელს იჯარის წესით, შემდეგ კი გამოსყიდვის უფლებით (25 მილიონი ევრო) წაიყვანს.
როდრიგო დე პაულის "ატლეტიკოში" გადასვლის შემდეგ,
სავარაუდოდ, საულ ნიგესის მადრიდული კარიერა დასრულდება. "როხი ბლანკოსა" და "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ შესაძლოა ნიგესი და გრიზმანი ერთმანეთში გაცვალონ.
"მილანს" შემტევი ნახევარმცველის დამატება სურს. "როსონერი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლაიპციგის" ფეხბურთელის, მარსელ ზაბიცერის გადმობირებას შეეცდება. წარმოშობით ავსტრიელ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი მომდევნო სეზონამდე აკავშირებს.
ერლინ ჰოლანის დამატებით "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და მადრიდის "რეალია" დაინტერესებული, ფეხბურთელის აგენტი კი ტრანსფერიდან ასტრონომიულ თანხას, 40 მილიონ ევროს მიიღებს.
The Telegraph-ი იტყობინება, რომ "ტოტენჰემი" "საუთჰემპტონის" ფეხბურთელის, დენი ინგსის ტრანსფერით დაინტერესდა. 28 წლის ფეხბურთელს "წმინდანებთან" კონტრაქტი მომდევნო წელს უმთავრდება. "ჰოთსპური" ასევე ჰარი კეინის შესაძლო წასვლასაც ითვალისწინებს და დენის დამატების ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა.
"ინტერი" აჩრაფ ჰაკიმის პსჟ-ში წასვლის შემდეგ მარჯვენა მცველის დამატებაზეა გადართული. "ნერაძურის" ინტერესთა სფეროში "არსენალის" მცველი ჰექტორ ბელერინი და პსვ-ის ფეხბურთელი დენზელ დუმფრიზი გახლავთ. როგორც ცნობილია, იტალიელებისთვის პრიორიტეტი ნიდერლანდელი მცველი გახლავთ, თუმცა "ეინდჰოვენის" გუნდის ხელმძღვანელობა ახალგაზრდასთან 20 მილიონზე ნაკლებად შელევა არ სურს, მილანელებს კი ფინანსური პრობლემები აქვთ.
"მანჩესტერ სიტი" სერხიო აგუეროს შემცვლელის ძიებაშია. "ქალაქელებმა" "დორტმუნდის" ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის 130-მილიონიანი შეთავაზება უკვე გააკეთეს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე "არისტოკრატებისა" და "ბლანკოსისა". როგორც ჩანს, ნორვეგიელის სანაცვლოდ სატრანსფერო ტაციაობა ატყდება.
"ბარსელონას" ფეხბურთელს, პაულინიოს, ჩინეთიდან წამოსვლა და ევროპულ ფეხბურთში თამაში სურს. ბრაზილიელით ორი თურქული კლუბი - "ფენერბაჰჩე" და "გალათასარაი" ინტერესდება, ხელფასის სახით კი წელიწადში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.
"ევერტონის" ახალ მთავარ მწვრთნელს დაცვის გაძლიერება "ნაპოლის" მცველ კალიდუ კულიბალის დამატებით სურს. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სწორედ ესპანელმა სპეციალისტმა წამოიყვანა კალიდუ "პარტენოპეიდან".
Sky Sports-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და რაფაელ ვარანი შეთანხმებას სულ მალე მიაღწევენ, ფრანგი ფეხბურთელი კი სათამაშოდ "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება. სხვა პირობები ჯერჯერობით უცნობია.
"ბარსელონა" ლიონელ მესის შესანარჩუნებლად ანტუან გრიზმანის გაყიდვას გეგმავს. ფრანგი ფორვარდით "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსია" დაინტერესებული. შესაძლოა, "ბლაუგრანამ" ფეხბურთელი "ატლეტიკოს" ნახევარმცველის, საულ ნიგესის სანაცვლოდ გაცვალოს.
Bild-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ "ჩელსის" გუნდის გაძლიერება სურს. "არისტოკრატები" და აბრამოვიჩი ერლინ ჰოლანზე შეშვებას არ აპირებენ. ისინი ყველანაირად შეეცდებიან, ნორვეგიელი მათ რიგებში გადაიყვანონ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით