გთავაზობთ 9 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები:
Sky Sports-ის ცნობით, "არსენალი" და "ნიუკასლი" 21 წლის ინგლისელი ნახევარმცველის, ჯო უილოკის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ფასი დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს.
ჟოზე მოურინიოს ახალი თავდამსხმელის ყიდვა სურს. როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, "რომა" "ჩელსის" ფორვარდის, ტემი აბრაჰამის გადაბირებითაა დაინტერესებული. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ასევე "არსენალი" და "ატალანტაც" გამოთქვამენ.
რომელუ ლუკაკუ "ინტერიდან" "ჩელსიში" გადავიდა, სერია A-ს მოქმედ ჩემპიონებს კი ბელგიელის შემცვლელი სჭირდებათ. "ნერაძურის" ხელმძღვანელობას "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევის, ენტონი მარსიალის ყიდვა სურს. როგორც Sky Sport-ი წერს, "ინტერის" ბოსებისთვის
პრიორიტეტი ედინ ჯეკო გახლავთ. იტალიელებმა ბოსნიელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს...
The Mirror-ის თქმით, "არსენალმა" "ლესტერს" ჯეიმს მედისონის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა "მელიებმა" სოლიდური თანხის სანაცვლოდ ინგლისელი არ გაასხვისა. "მეთოფეები", სავარაუდოდ, ტრანსფერში რამდენიმე ფეხბურთელს ჩართავს.
როგორც The Times-ი იუწყება, "ტოტენჰემი" ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ჩამოდის. როგორც ჩანს, "სპურსი" ჰარი კეინს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ სიტიში" გაუშვებს, თუმცა მას შემდეგ, რაც ლუკაკუ "ჩელსიში" გადავიდა, შესაძლოა "ინტერის" ხელმძღვანელობამ ეს მოლაპარაკებები ჩაშალოს, რადგან გუნდის მეორე ლიდერის გაშვება კარგს არაფერს მოასწავებს.
კირან ტრიპიერით ინგლისის პრემიერლიგის გრანდების უმეტესობა ინტერესდება. მთავარი ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედია", გუშინ გავრცელებული ინფორმაციით კი, მარჯვენა მცველის სატრანსფერო ციებ-ცხელებაში "არსენალიც" ჩაერთო.
"მანჩესტერ სიტი" ჰარი კეინის საყიდლად ყველანაირ გზას ეძებს, თუმცა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ქალაქელებს" "ტოტენჰემის" მიერ მოთხოვნილი 150 მილიონი ევრო ეძვირება. ამიტომ მანჩესტერელებმა გადაწყვიტეს, რომ ტრანსფერში მათი ერთ-ერთი ლიდერი ბერნანდო სილვა ჩართონ. ამ ინფორმაციას Daily Mail-ი ადასტურებს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით