გთავაზობთ 11 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს:
"რომა" ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელს, ტემი აბრაჰამს არ ეშვება. როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, დედაქალაქელებს იმედი აქვთ, რომ ინგლისელ თავდამსხმელს გადაიბირებენ, ამის მიზეზი კი ედინ ჯეკოს ტრანსფერი გახლავთ. ტემის სამსახურით ასევე "არსენალია" დაინტერესებული.
რაც შეეხება ჯეკოს, ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, ბოსნიელი ფორვარდი "ინტერში" სამედიცინო შემოწმებას დღეს, 11 აგვისტოს გაივლის, ყველაფრის ჩაბარების შემთხვევაში კი სერია A-ს ჩემპიონებს შეუერთდება.
"ნერაძური" აჩრაფ ჰაკიმის შემცვლელად ეინდჰოვენის პსვ-ის მარჯვენა მცველს, დენზელ დუმფრისს მოიაზრებს. მილანელებს ნიდერლანდელი ფეხბურთელის შეძენა დაახლოებით 15
მილიონი ევრო დაუჯდებათ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსვ სპორტსმენის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.
ტაკე კუბო მადრიდის "რეალს" იჯარის წესით დატოვებს და "მალიორკას" შეუერთდება. იაპონელ გამთამაშებელს შემოთავაზება "რეალ სოსიედადიდანაც" ჰქონდა, თუმცა არჩევანი კუნძულელებზე შეაჩერა. ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს სულ მალე დაიწყებს.
დოპინგის ტესტის ვერჩაბარების გამო დასჯილი ანდრე ონანა, დიდი ალბათობით, სხვა გუნდში გადაბარგდება. სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ფეხბურთელის მიმართ დიდ ინტერესს ფრანგული "ლიონი" იჩენდა, თუმცა, როგორც ჟურნალისტი ნიკოლო შირა წერს, მეკარის სამსახურით "ინტერი" დაინტერესდა. "ნერაძურის" ბოსები მზად არიან კამერუნელ სპორტსმენს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით