კრიშტიანო სუპერგმირებში: დუბლები და ჰეთ თრიკები ფინალებში

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესრულებული დუბლით კრიტიკოსები ერთხელაც ჩააჩუმა. დღევანდელ ჩვენს წერილში გავიხსენებთ ჩემპიონთა თასისა და ლიგის იმ ფინალებს, რომლებშიც დუბლი ან ჰეთ თრიკი შესრულდა.

ჩემპიონთა თასი 1955-56
ჩემპიონთა ლიგის არსებობის პირველ წრეში დუბლები და ჰეთ თრიკები არც ისეთი იშვიათობა იყო, როგორიც ახლაა. მაგალითად, ტურნირის პირველ ფინალში დუბლით გამოირჩა არგენტინული წარმოშობის ესპანელი ფორვარდი ექტორ რიალი. მისი დუბლით "რეალმა" პარიზში 4:3 მოუგო "რეიმსს". რიალმა გამარჯვების გოლი შეხვედრის 79-ე წუთზე გაიტანა.

ჩემპიონთა თასი 1959-60
ამ დროს ევროპულ ფეხბურთში "რეალის" ზეობის ხანა
იდგა. განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა ამ სეზონის ფინალი. იმ მატჩში "რეალი" "აინტრახტს" დაუპირისპირდა. გლაზგოში გამართული შეხვედრა "სამეფო კლუბმა" 7:3 მოიგო. პოკერი შეასრულა ფერენც პუშკაშმა, სამი გოლი კი ალფრედო დი სტეფანომ შეაგდო. გერმანელთა რიგებში დუბლი გაიფორმა ერვინ შტაინმა.

ჩემპიონთა თასი 1961-62
"რეალის" ჰეგემონიის შემდეგ ჩემპიონთა თასი ორჯერ "ბენფიკამ" მოიგო. ამ ფინალში "ბენფიკამ" "რეალს" 5:3 მოუგო. 38-ე წუთზე ფერენც პუშკაშს უკვე ჰეთ თრიკი ჰქონდა შესრულებული. როცა ანგარიში 3:3 იყო, თავისი სიტყვა თქვა ეუსებიომ. პორტუგალიელის ორმა გოლმა გამარჯვება "არწივებს" მოუტანა.

ჩემპიონთა თასი 1962-63
ფინალი "ბენფიკასა" და "მილანს" შორის უემბლიზე. ამ შეხვედრაში ანგარიში ეუსებიომ გახსნა, მაგრამ მატჩის გმირი მეორე ფორვარდი, ჟოზე ალტაფინი გახდა. ბრაზილიელი ფორვარდის ორმა გოლმა, რომელსაც იტალიის ნაკრების მაისურა ეცვა, "მილანს" ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასი მოუტანა.

ჩემპიონთა თასი 1963-64
"მილანი" ევროპულ საფეხბურთო მწვერვალის სათავეში მისმა დაუძინებელმა მტერმა, "ინტერმა" შეცვალა. "ნერაძურიმ" ფინალში 3:1 მოუგო "რეალს". ამ მატჩის გმირი ლეგენდარული იტალიელი სანდრო მაცოლა გახდა, ვინც დუბლი შეასრულა.

ჩემპიონთა თასი 1967-68
ამ სეზონში ევროპული ფეხბურთის უმთავრესი ჯილდო "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო. "უემბლიზე" გამართულ ფინალში ინგლისელებმა დამატებით დროში 4:1 გაანადგურეს "ბენფიკა". პირველი და ბოლო გოლები ჯეკი ჩარლტონმა გაიტანა. ეს გამარჯვება ინგლისელთათვის იმით იყო განსაკუთრებული, რომ მიუნხენის ავიაკატასროფის ათი წლისთავს დაემთხვა.

ჩემპიონთა თასი 1968-69
ჩემპიონთა თასის ფინალმა ახალი გმირი გვაჩუქა. "მილანმა" მადრიდში 4:1 გაანადგურა "აიაქსი". პიერინო პრატი ამ შეხვედრის გმირი გახდა. მან ჰეთ თრიკი შეასრულა და უდიდესი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის გამარჯვებაში.

ჩემპიონთა თასი 1971-72
"აიაქსმა" ფინალში 2:0 მოუგო "ინტერს". ამ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა იოჰან კრუიფმა. ლეგენდარული ჰოლანდიელი "აიაქსს" დუბლით შეეწია. ზოგადად, ამ მატჩში "მფრინავი ჰოლანდიელი" შეუჩერებელი გახლდათ.

ჩემპიონთა თასი 1973-74
ამ დროს "ბაიერნის" ზეობის ხანა დადგა. გერმანული კლუბის პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალურია, რადგან ფინალი გადათამაშდა. პირველ ფინალში გერმანულმა გრანდმა და "ატლეტიკომ" ფრედ, 1:1 ითამაშეს. ორი დღის შემდეგ კი "რეკორდმაისტერმა" 4:0 მოიგო. დუბლები შეასრულეს ული ჰიონესმა და გერდ მიულერმა.

ჩემპიონთა თასი 1988-89
"მილანმა" 4:0 მოუგო "სტიაუას". ამ შეხვედრაში ორმა ფეხბურთელმა შეასრულა დუბლი. იტალიური გუნდის შემადგენლობაში გაიბრწყინეს რუდ გულიტმა და მარკო ვან ბასტენმა. ორივე მათგანმა დუბლი შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგა 1993-94
"მილანმა" "ბარსელონას" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ბევრი ფავორიტად კატალონიელებს მიიჩნევდა, ფაბიო კაპელოს გუნდმა კი ყველა გააკვირვა. ამ შეხვედრაში შეუჩერებელი იყო დანიელე მასარო. მან ორი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც "ბარსელონა" გატყდა.

ჩემპიონთა ლიგა 1996-97
"დორტმუნდის" ერთადერთი ტრიუმფი ამ დონეზე. გერმანელებმა ზინედინ ზიდანის "იუვენტუსი" დაამარცხეს. ოტმარ ჰიტცფელდის გუნდმა 3:1 მოუგო "ბებერ ქალბატონს". პირველი ტაიმის ხუთწუთიან მონაკვეთში დუბლი კარლ-ჰაინც რიდლემ შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგა 2004-05
"მილანისა" და "ლივერპულის" ფინალი, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება. "მილანი" 3:0-ს იგებდა. "როსონერის" რიგებში დუბლი ერნან კრესპომ შეასრულა. ამის შემდეგ კი სასწაული მოხდა: "ლივერპულმა" თამაში შემოატრიალა და სანუკვარი ჯილდოც მოიგო.

ჩემპიონთა ლიგა 2006-07
ისევ "მილანისა" და "ლივერპულის" ფინალი. ამ შემთხვევაში ყველაფერი უფრო ბანალურად მოხდა, იტალიურმა გუნდმა 2:1 მოიგო. ამ მატჩში დუბლით გამოირჩა ფილიპო ინძაგი. მისი გოლები ტაიმების ბოლოებს დაემთხვა.

ჩემპიონთა ლიგა 2009-10
"ინტერმა" 2:0 მოუგო "ბაიერნს". მატჩი დიდებულად ჩაატარა "როსონერის" არგენტინელმა ფორვარდმა დიეგო მილიტომ. მან დუბლი შეასრულა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" მილიტო შეუჩერებელი იყო. მისგან ესტაფეტა რონალდომ გადაიბარა. 7-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი ისევ შესრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პატარა შენიშვნა: რონალდო კი არ არის სუპერგმირებთან, ისინი არიან სუპერგმირთან!!!
მიხო
18:15 06-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული