ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. I მატჩები: ფირმინო "ნეკარ არენაზე" ბრუნდება

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის 10 წყვილიდან 5 თამაშობს. ბუნებრივია, ყველაზე დიდ ინტერესს გერმანული მატჩი იწვევს - იურგენ კლოპმა "ლივერპული" სამშობლოში ჩაიყვანა.

ჰოფენჰაიმი-ლივერპული
"ლივერპულის" მეტოქე "ჰოფენჰაიმია", ინგლისელები ფავორიტები არიან, მაგრამ... იურგენ კლოპმა გერმანიაში 22 ფეხბურთელი იახლა და მათ შორის არ არის გუნდის ლიდერი ფილიპე კოუტინიო.

ბრაზილიელს ოფიციალურად ზურგი აწუხებს, მაგრამ ყველამ იცის, რაშია საქმე სინამდვილეში - კოუტინიოს "ბარსელონაში" სურს, "ლივერპული" კი არ უშვებს, ბოლოს 90-მილიონგირვანქიანი წინადადება უარყო მისი ტრანსფერის თაობაზე.

ასე რომ, "წითლები" სანუკვარ ლიგაზე ლიდერის დახმარების გარეშე უნდა "გაძვრნენ". გერმანიაში
ვერ წავიდა დენიელ სტარიჯიც, რომელსაც ტრავმა აქვს.

კლოპი "ჰოფენჰაიმს" 16-ჯერ შეხვდა მწვრთნელის რანგში ("მაინცსა" და "დორტმუნდში"), 5-5 მოიგო და წააგო და 6 ფრედ დაასრულა.

ეს თამაში განსაკუთრებულია "ლივერპულის" რობერტო ფირმინოსთვის, რომელიც 2011-15 წლებში "ჰოფენჰაიმის" ღირსებას იცავდა.

ყარაბაღი-კოპენჰაგენი
დანიის ჩემპიონის მწვრთნელ სტალე სოლბაკენს აზერბაიჯანი კარგად ახსოვს, 1998 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან აზერბაიჯანს ორი გოლი გაუტანა, როცა ნორვეგიის ნაკრების ნახევარმცველი იყო.

სხვათა შორის, იმ თამაშში (ნორვეგიამ 5:0 მოიგო) ყურბან ყურბანოვი შეცვლაზე შევიდა. ახლა იგი "ყარაბაღის" თავკაცია, რომელიც პირველად არის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. "ყარაბაღს" აქვს შანსი, გახდეს პირველი აზერბაიჯანული კლუბი, რომელიც ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

სპორტინგი-სტიაუა
საინტერესოა, რომ ეს გუნდები ევროთასებზე ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. პორტუგალიური გრანდი ორჯერ იყო ამ ეტაპზე და ორჯერვე ჩარჩა, მესამე და სამართალი?

იანგ ბოისი-ცსკა
შვეიცარიული გუნდი პლეი-ოფში მესამედ თამაშობს, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე ჯერ ერთხელაც არ გასულა. აი, ცსკა კი აქამდე სამჯერ იყო ამ სტადიაზე და სამჯერვე გადალახა წინაღობა (2004, 2006 და 2015 წლებში).

აპოელ-სლავია
"სლავიას" ევროთასებზე სტუმრად 2007 წლის მერე არ მოუგია, მაშინ ჩეხებმა III საკვალიფიკაციო ეტაპზე "აიაქსი" დაამარცხეს. ათი წლის განმავლობაში პრაღელებმა 17 მატჩი ითამაშეს, 8 ფრედ დაასრულეს და 9 დათმეს.

სამშაბათი. 15 აგვისტო
ყარაბაღი (აზე)-კოპენჰაგენი (დან) 20:00
აპოელ (კვი)-სლავია (ჩეხ) 22:45
ჰოფენჰაიმი (გერ)-ლივერპული (ინგ) 22:45
სპორტინგი (პორ)-სტიაუა (რუმ) 22:45
იანგ ბოისი (შვე)-ცსკა (რუს) 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
romelime arxi achvenebs tu icit
0

სიახლეები პოპულარული