ჩემპიონთა ლიგა. IV ტურის წინ: რა იქნება "ჰელოუინზე"?

AutoSharing Option
მეოთხე ტურში მერვედფინალის საგზურის მოპოვება 11 კლუბს შეუძლია. ესენია: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაზელი", "პარი სენ-ჟერმენი", "ბაიერნი", "ჩელსი", "ბარსელონა", "იუვენტუსი", "მანჩესტერ სიტი", "ბეშიქთაში", "ტოტენჰემი" და "რეალი".

ასევე 11 კლუბს შეუძლია ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დაასრულოს პლეი-ოფზე ოცნება. ყველაზე საოცარი ისაა, რომ აუტსაიდერთა შორის დორტმუნდის "ბორუსიაცაა". დღეს ევროპაში "ჰელოუინის" საღამოა. ვნახოთ, ვისთვის იქნება ის დრამატული და ვისთვის სამხიარულო.

IV ტურის მატჩები ისევ იმ წყვილებს შორის იმართება, რომლებმაც III ტურში ითამაშეს, ოღონდ ახლა სტუმარ-მასპინძელია შეცვლილი. ასე რომ, წინა ტურში სასტიკად
დამარცხებულ "სევილიასა" და "მარიბორს" შურისძიების შანსი აქვთ.

დღის მატჩი რომა-ჩელსი
მესამე ტურში ამ გუნდებმა შესანიშნავი შოუ შემოგვთავაზეს და 3:3 ითამაშეს. ახლა კი დაპირისპირება იტალიის დედაქალაქშია. "რომას" შანსი აქვს, შინ 9 წლის შემდეგ პირველად მოუგოს "ჩელსის", ხოლო ინგლისელთა თავკაცი ანტონიო კონტე სამშობლოში ჩადის. "სტემფორდ ბრიჯზე" მასპინძელთა რიგებში გოლები დავიდ ლუისმა და ედენ აზარმა (დუბლი) გაიტანეს. "რომაში" კი თავი დუბლით ედინ ჯეკომ გამოიჩინა, მანამდე კი გოლი ალექსანდარ კოლაროვმა გაიტანა.

ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - მათ თითო მოგება და ფრე აქვთ. ბურთების სხვაობით "რომა" წინაა - 6:5. 2008/09 წლების სეზონში ლუიშ ფელიპე სკოლარის "ჩელსიმ" ლონდონში 1:0 მოიგო ჯონ ტერის გოლის წყალობით. ლუჩანო სპალეტის "რომამ" შინ შური იძია - 3:1. კრისტიან პანუჩიმ და მირკო ვუჩინიჩმა (დუბლი) გოლები გაიტანეს, ინგლისელთა ერთადერთი გოლი ნიკოლა ანელკას ანგარიშზეა.

"რომა" ინგლისურ კლუბებს შინ ურიგოდ არ ეთამაშება - 8 მოგება, 3 ფრე და 4 მარცხი. აქ არ არის შესული ჩემპიონთა თასის ფინალი, რომელიც "ოლიმპიკოზე" გაიმართა და "რომამ" პენალტების სერიაში წააგო "ლივერპულთან". "ჩელსის" იტალიაში ერთი მოგება, 3 ფრე და 5 წაგება დაუგროვდა.

ფორმა
3:3-ის შემდეგ "რომამ" ზედიზედ მოუგო შინაურ პირველობაზე "ტორინოს", "კროტონესა" და "ბოლონიას". "ჩელსიმ" კი პრემიერლიგაში ორმატჩიანი მარცხების სერია "უოტფორდთან" 4:2 გამარჯვებით დაასრულა. "რომას" რიკ კარსდორფი, ბრუნო პერესი და პარტიკ შიკი დააკლდებიან. საეჭვოა გრეგუარ დეფრელისა და კოსტას მანოლასის თამაში. ნგოლო კანტეს გამოჯანმრთელების შემდეგ "ჩელსის" მინიმალური დანაკლისი აქვს, ვერ ითამაშებს მხოლოდ ვიქტორ მოზესი.

სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-2-1): ალისონი - ფლორენცი, ფასიო, ჟესუსი, კოლაროვი - ნაინგოლანი, გონალონი, სტროტმანი - პელეგრინი, პეროტი - ჯეკო
ჩელსი (3-4-3): კურტუა - კეჰილი, დავიდ ლუისი, რიუდიგერი - ასპილიკუეტა, ფაბრეგასი, ბაკაიოკო, ალონსო - პედრო, მორატა, აზარი

პრესკონფერენცია
ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომა): "ლონდონში, "რომას" რომ ეკადრება, ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ. ასე იქნება რომშიც. იგივე მენტალობა, როგორც "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ აღვნიშნე, გადამწყვეტი იქნება ხვალინდელი დაპირისპირებისთვისაც.

შიკი ჯერ კიდევ გრძნობს დისკომფორტს. კვლევებმა არაფერი გამოავლინა, მაგრამ, რადგან თავს სათანადოდ არ გრძნობს, გააგრძელებს მხოლოდ ინდივიდუალურ ვარჯიშს. მიხარია, რომ ფასიომ ჩვენთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, ის ჩვენი დაცვის ხაზის ერთ-ერთი ლიდერია. ის დიდი შენაძენია გუნდისთვის.

იმავე გუნდის გამოყვანა შემიძლია, რომლითაც "ბოლონიასთან" ვითამაშე, თუმცა რაჯა ნაინგოლანი აუცილებლად დაუბრუნდება სასტარტო შემადგენლობას, ეს უკვე გადაწყვეტილია.

ისეთ შემადგენლობას გამოვიყვან, რომელსაც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტი შანსი ექნება "ჩელსისთან" მატჩში. წინა მატჩში დავიდ ლუისმა ნახევარდაცვაში ითამაშა. მათგან სიურპრიზებს ახლაც ველით. თუ კანტე დაბრუნდება, მათი სისტემა მთლიანად შეიცვლება, მაგრამ, მგონი, "ჩელსი" აუცილებლად ორი შემტევი ნახევარმცველით დაგვიპირისპირდება.

დაცვაში ბოლო დროს კარგად ვთამაშობთ და ალისონს ნაკლები საქმე აქვს. ეს გუნდის ძლიერი მხარეა. იმედია, "ჩელსისთან" წინა მატჩში დაშვებული ინდივიდუალური შეცდომები აღარ განმეორდება".

ანტონიო კონტე (ჩელსი): "სამი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა. დრინკვოთერი და კანტე უკვე ვარჯიშობენ, მაგრამ მათ მაინც დრო ესაჭიროებათ ფორმაში შესასვლელად. მოზესს კი ჯერ ცოტა დრო რჩება ლაზარეთში. ვფიქრობ, "სტემფორდ ბრიჯზე" ემოციური მატჩი ვიხილეთ.

ეს კი გამოწვეული იყო ორივე გუნდის გამარჯვების წყურვილით. შედეგიც ნამდვილად სამართლიანი იყო. ძალიან რთული ჯგუფი გვაქვს, რადგან ჩვენ გარდა, არის კიდევ "ატლეტიკოც". ამიტომ ჯგუფში პირველობა ძალზე მნიშვნელოვანია. ხვალ ძალიან დაძაბული მატჩი იქნება. ახლა "რომაც" კარგ ფორმაშია. კანტეს საკითხი ხვალ გადაწყდება".

ფაქტები
  • ამ გუნდების წინა დაპირისპირება ორი კვირის წინ ლონდონში 3:3 დასრულდა.
  • "რომამ" "ჩელსი" 2008 წელს 3:1 დაამარცხა. ამის მერე იტალიურ კლუბს "ლურჯებისთვის" შინ აღარ მოუგია.
  • "ჩელსის" ბოლო სამი ვიზიტი იტალიაში ამ კლუბისთვის უიღბლოდ დასრულდა - სამივე წააგო.
  • ფედერიკო ფასიომ (რომა) კვირას კლუბთან კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი და ახლა იგი "რომაში" 2020 წლამდე რჩება.
  • სტეფან ელ შაარავისა (რომა) და ტიემუე ბაკაიოკოს (ჩელსი) ერთად "მონაკოში" უთამაშიათ.
  • ჩემპიონთა ლიგაზე "რომამ" ბოლო 22 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, შინ ბოლო 8 მატჩიდან - მხოლოდ ერთი.
  • ედინ ჯეკომ (რომა) ბოლო 2 მატჩში ლიგაზე 3 გოლი გაიტანა.
  • "ჩელსიმ" ბოლო 20 ლიგის მატჩიდან 19-ში შეძლო გოლის გატანა.
  • ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსის" იტალიაში ბოლოს 2003 წელს აქვს მოგებული "ლაციოსთან" (4:0). მას მერე გუნდმა "იუვენტუსთან", "ნაპოლისთან", "ინტერთან" და "რომასთან" წააგო.
ვინ შეიძლება გავიდეს დღეს
A ჯგუფი: "მანჩესტერი" გავა, თუ თავის თამაშს მოიგებს და ცსკა ვერ შეძლებს "ბაზელის" დამარცხებას ან თუ "მანჩესტერი" ფრეს ითამაშებს, რუსული კლუბი კი დამარცხდება.

"ბაზელი" გასულია, თუ გაიმარჯვებს, ხოლო "მანჩესტერი" თავის თამაშს არ წააგებს.

B ჯგუფი: პსჟ გასულია, თუ მოიგებს და "სელტიკი" "ბაიერნს" ვერ დაამარცხებს, ან თუ პსჟ ფრეს ითამაშებს, "სელტიკი" კი წააგებს.

"ბაიერნი" გასულია, თუ იმარჯვებს და პსჟ თავის შეხვედრას არ წააგებს.

C ჯგუფი: "ჩელსის" "რომას" დამარცხება 1/8-ფინალში გაიყვანს.

D ჯგუფი: "ბარსელონა" გასულია, თუ თავის თამაშს მოიგებს და "იუვენტუსი" "სპორტინგთან" არ წააგებს ან "ბარსა" ფრეს ითამაშებს და "სპორტინგი" დამარცხდება.

"იუვენტუსი" გასულია, თუ იმარჯვებს და "ბარსელონა" არ წააგებს "ოლიმპიაკოსთან".

მთავარი დანაკლისები
ანდრეს ინიესტა ვერ დაეხმარება "ბარსელონას" ვერც "ოლიმპიაკოსთან" მატჩში და ვერც - "სევილიასთან". ანდრესის ანგარიშზე 125 მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე.

რობერტ ლევანდოვსკი ვერ დაეხმარება "ბაიერნს" გლაზგოს "სელტიკთან" დაპირისპირებაში.

პოლ პოგბა (მანჩესტერი) არ იქნება "ბენფიკასთან" მატჩში. ჟერემი მატიო დააკლდება "სპორტინგს" "იუვენტუსთან" შეხვედრაში.

სხვა ფაქტები
  • "ატლეტიკოს" ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 14-დან 9 მატჩის პირველ ტაიმებში გოლი არ გაუტანია.
  • "ბაზელს" 111 მატჩი (40% მოგებები) აქვს ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები, ცსკა-ს - 95 (31%).
  • "ბაიერნს" გლაზგოში მარტო ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული - "სელტიკთან" ფრე, "რეინჯერსთან" 1 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება.
  • რაც იუპ ჰაინკესი დაბრუნდა, "ბაიერნს" თამაში არ წაუგია - 4 მოგება, 1 ფრე.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ოლდ ტრაფორდზე" ბოლოს 2012 წელს წააგო რუმინულ "კლუჟთან".
  • "მანჩესტერს" "ბენფიკასთვის" 15 მატჩი აქვს მოგებული, 5 ფრე და 3 მარცხი. თუმცა ამ წაგებიდან ორი 4 და მეტი გოლის სხვაობით იყო.
  • "ოლიმპიაკოსი" და "ბარსელონა" ერთმანეთს მხოლოდ მეორედ ხვდებიან, წინა მატჩი ორი კვირის წინათ იყო - 3:1 "ბარსელონას" სასარგებლოდ.
  • ლეო მესიმ ევროთასებზე 100 გოლი გაიტანა და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლის გატანამდე 3 აშორებს.
  • "ანდერლეხტს" 2005 წლის მერე სტუმრად არ მოუგია ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
  • ლისაბონის "სპორტინგს" ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) შინ არ წაუგია - 8 მოგება, 2 ფრე.

A ჯგუფი
ბაზელი-ცსკა 23:45
მანჩესტერ იუნ-ბენფიკა 23:45

B ჯგუფი
პსჟ-ანდერლეხტი 23:45
სელტიკი-ბაიერნი 23:45

C ჯგუფი
ატლეტიკო-ყარაბაღი 23:45
რომა-ჩელსი 23:45

D ჯგუფი

სპორტინგი-იუვენტუსი 23:45
ოლიმპიაკოსი-ბარსელონა 23:45
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული