- "ლივერპული" "რომას" მეექვსედ ხვდება - 2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.
- "ლივერპულმა" "რომას" 1984 წლის ევროპის თასის ფინალში მოუგო.
- მოჰამედ სალაჰი გასულ ზაფხულში გადავიდა "რომადან" "ლივერპულში".
- "რომამ" ინგლისურ კლუბებთან ბოლო ექვსი ორრაუნდიანი დაპირისპირება დათმო.
- "ლივერპულს" ეს ტიტული ხუთჯერ აქვს მოგებული.
"ბარსას" სასწაულებრივად გამგდები "რომა" "ენფილდზე" თამაშობს და ყველაზე მეტად ყოფილ ფეხბურთელს, მოჰამედ სალაჰს უფრთხის.
ახლახან ეგვიპტელი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგა ერთი ნახვით დაიპყრო. ახლა მან ყოფილი გუნდი "რომა" უნდა გაამწაროს.
მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპული" ევროპული გრანდია და ეს ყველაზე პრესტიჟული
"რომას" კიდევ უფრო ნაკლები აქვს დასაკვეხნი, ეს კლუბი მხოლოდ ერთხელ იყო ნახევარფინალში - 1984 წელს. მაშინ მან ფინალს უწია, სადაც... "ლივერპულთან" დამარცხდა.
წინა ხუთი დაპირისპირებიდან ყველაზე მნიშვნელოვანიც ეგ იყო - მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა და მით უფრო მწარე იყო რომაული კლუბისთვის ეს მარცხი.
ფილ ნილმა "ლივერპული" მე-14 წუთზე დააწინაურა, მაგრამ ტაიმის მიწურულს რობერტო პრუცომ ანგარიში გაათანაბრა. ამის მერე გოლები აღარ გასულა და ევროპამ იხილა პირველი ფინალი, სადაც პენალტების სერია დაინიშნა.
"ლივერპულის" პირველივე დარტყმა გაუცუდდა სტივ ნიკოლს, მაგრამ იტალიელებს ორი უიღბლო აღმოაჩნდათ - ბრუნო კონტი და ფრანჩესკო გრაციანი. ალან კენედიმ გადამწყვეტი დარტყმა გაიტანა და "ლივერპულმა" პენალტების სერია 4:2 მოიგო. ეს იყო "ლივერპულის" მე-4 ტიტული 8 სეზონში. ამის შემდეგ ინგლისურმა გრანდმა ლიგა ერთხელღა მოიგო.
ორრაუნდიან დაპირისპირებაში კლუბები მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ და მაშინაც "ლივერპული" გამოვიდა გამარჯვებული. 2000/01 წლების უეფას თასის IV ეტაპზე "ოლიმპიკოზე" მაიკლ ოუენმა დუბლი შეასრულა და "ლივერპულმა" 2:0 მოიგო. საპასუხო მატჩში კი "რომამ" იმარჯვა ჯანი გიგუს გოლით - 1:0. ის თამაში იტალიელებმა 9 კაცით ჩაამთავრეს, რადგან გიგუ და დამიანო ტომაზი გააძევეს. ის ტურნირი "ლივერპულმა" მოიგო.
ბოლოს ეს გუნდები ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, 2001/02 წლების სეზონში გადაეყარნენ. რომში 0:0 იყო, "ენფილდზე" კი "ლივერპულმა" იარი ლიტმანენისა და ემილ ჰესკის გოლებით 2:0 მოიგო. ამ ჯგუფიდან (მეორე ჯგუფური ეტაპი იყო) "ლივერპული" გავიდა მეოთხედფინალში, "რომა" კი ჩარჩა.
როგორც ხედავთ, ყოველი დაპირისპირების შემდეგ გამარჯვებული მერსისაიდული კლუბი გამოდიოდა და ამ მხრივ, "რომას" შური აქვს საძიებელი. რა თქმა უნდა, ამის მერე იყო ამხანაგური მატჩებიც, 2016 წლის აგვისტოში სენტ ლუისში "რომამ" "ლივერპულს" 2:1 მოუგო და იმ შეხვედრაში ერთი გოლი სწორედ მო სალაჰმა გაიტანა, მაშინ მან დამატებაზე იყოჩაღა.
პრესკონფერენცია
იურგენ კლოპი (ლივერპული): "მოს შესანიშნავი დრო აქვს "რომაში" გატარებული, მაგრამ მან მალევე გაითავისა, რომ აღარ არის "რომას" ფეხბურთელი და მის წინააღმდეგ უნდა ითამაშოს.
ორივე გუნდს კარგი შანსი აქვს ფინალში გასვლის. ეს შესაძლებელია. ასე რომ, ყველაფერი უნდა ვცადოთ იმისთვის, რომ ფინალში გავიდეთ. "რომასთვის" განსაკუთრებული ნახევარფინალია, მაგრამ ასევეა ჩვენთვისაც. ეს ისეთი ეტაპია ლიგაზე, რომ თუ არ ტკბები ამით, ესე იგი, შენ რაღაც არ გაქვს წესრიგში".
ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომა): "სალაჰი შესანიშნავი ბიჭია, ძალიან მშრომელი. ბიჭები მასზე ბევრს მიყვებიან, თუმცა ეს ისედაც ცხადია, მისი ყველა ძლიერი მხარე ისედაც თვალნათელია. მაგრამ ის ფაქტი, რომ ბიჭები მას კარგად იცნობენ, ჩვენთვის შესაძლოა, უპირატესობად იქცეს.
"ენფილდი" ფანტასტიკურია, ინგლისური სტადიონები ულამაზესია. ფანები "ლივერპულს" მხურვალედ დაუჭერენ მხარს, მაგრამ რომიდან ჩვენც გამოგვყვნენ ძალიან ერთგული გულშემატკივრები. "ლივერპული" "ბარსასგან" განსხვავებული გუნდია და წინა ეტაპის გამოცდილება აქ არ გამოგვადგება, უნდა გამოვიყენოთ მათი ნებისმიერი სისუსტე".
სამშაბათი, 24 აპრილი
ლივერპული-რომა 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჰენდერსონი, მილნერი - სალაჰი, ფირმინო, მანე
რომა (3-5-2): ალისონი - ფასიო, მანოლასი, ჟესუსი - ფლორენცი, სტროტმანი, დე როსი, ნაინგოლანი, კოლაროვი - იუნდერი, ჯეკო
არ ითამაშებს: ჯანი, ლალანა, მატიპი - კარსდორპი
საეჭვოა: კლაინი - დეფრელი, კოლაროვი
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"