ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. I მატჩის წინ: ჰაინკესს გული კარგს უგრძნობს

AutoSharing Option
  • ევროთასებზე ყველაზე ხშირად ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი შეხვედრია.
  • ეს მათი 25-ე დაპირისპირებაა - სრული თანაფარდობა, გუნდებმა 11-11 მატჩი მოიგეს.
  • ზინედინ ზიდანის "რეალი" ზედიზედ მესამე ტიტულს უმიზნებს.
  • იუპ ჰაინკესი აქამდე ყოველთვის გადიოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
  • "ბაიერნის" ახლანდელი ბოსი 1997/98 წლების სეზონში "რეალს" წვრთნიდა.
  • "რეალი" ზედიზედ მერვედ გავიდა ლიგის ნახევარფინალში, ხოლო "ბაიერნი" ბოლო 7 სეზონში - მეექვსედ.

ბოლო ოთხი სეზონია, რომელიმე ესპანური კლუბი ჩემპიონთა ლიგიდან "რეკორდმაისტერს" გათამაშებიდან აგდებს, ბოლოს კი ეს სწორედ "რეალმა" შეძლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. იყო სკანდალიც მსაჯობასთან დაკავშირებით...

"რეალი" "ბაიერნის" წინააღმდეგ - ეს
დუელი ყველაზე ხშირია ევროთასების ისტორიაში. ესპანური და გერმანული გრანდები აქამდე ერთმანეთს 24-ჯერ შეხვდნენ და მათ შორის ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა - გუნდებმა 11-11 მატჩი მოიგეს, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, გოლებით კი "რეალი" იგებს მინიმალურად - 37:36.

ბოლო დაპირისპირება მართლაც დასამახსოვრებელი იყო - მიუნხენში მადრიდელებმა 2:1 იმარჯვეს. მაშინ "ბაიერნს" "რეალის" კიდევ ერთი ყოფილი თავკაცი, კარლო ანჩელოტი წვრთნიდა.

"ალიანც არენაზე" ანგარიში არტურო ვიდალმა გახსნა და მერე მანვე ოქროს შანსი გაუშვა ხელიდან, ვერ გაიტანა პენალტი. მეორე ტაიმის დასაწყისში კრიშტიანო რონალდომ გაათანაბრა და როცა "ბაიერნს" ხავი მარტინესი გაუძევეს, რონალდომ მეორეც გაიტანა.

წაგების მიუხედავად, არავის სჯეროდა, რომ "ბაიერნი" იოლად დანებდებოდა. არც დანებებულა - მადრიდში რობერტ ლევანდოვსკიმ 53-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში, მაგრამ რონალდომ გაათანაბრა. ორ წუთში სერხიო რამოსმა საკუთარი კარი დალაშქრა - 1:2. თამაში დამატებით დროში გადავიდა.

"ბაიერნმა" ეს დრო ვიდალის გარეშე, 10 კაცით გაატარა. რონალდომაც გაილაღა. მან იმ საღამოს ჰეთ-თრიკი შეასრულა. ანგარიშს კი წერტილი მარკო ასენსიომ დაუსვა - 6:3 ორი მატჩის ჯამში.

პრესკონფერენცია
იუპ ჰაინკესი (ბაიერნი): "გუნდში ძლიერი მებრძოლი სულია დაბუდებული და შესანიშნავი ატმოსფეროა. სწორედ მხოლოდ ასეთი განწყობით შეიძლება მიაღწიო გამარჯვებას და გადადგა მთები. მეც ეს მაიმედებს.

ჩვენს გუნდში სხვადასხვა ხასიათის უძლიერესი ფეხბურთელები არიან და მათი მართვა მართლაც დიდად საპასუხისმგებლო საქმეა. "რეალთან" დაპირისპირებაში ფავორიტს არ დავასახელებ, მაგრამ გული კარგს მიგრძნობს.

ნახევარფინალში უძლიერესები გავიდნენ, მათ შორის, ფავორიტი "სიტისა" და "ბარსელონას" გამგდები "ლივერპული" და "რომა". ჩვენ ყველა მეტოქეს დიდი პატივისცემით ვეპყრობით".

ზინედინ ზიდანი (რეალი): "იუპ ჰაინკესს დიდ პატივს ვცემ. მას დიდი დამსახურება აქვს, როგორც "ბაიერნის", ასევე "რეალის" წინაშე. მისი კომპლიმენტები კი ძალზე სასიამოვნოა.

ჩვენ ხვალ ძალიან მაგრად უნდა ვითამაშოთ ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. "ბაიერნი" დიდი კლუბია, მებრძოლი სულით. ამ წყვილში ფავორიტებზე ლაპარაკი არასწორი იქნებოდა.

არც წინა დაპირისპირებებს აქვს მნიშვნელობა, ხვალ სრულიად ახალი მატჩი გველის. ეჭვიც არ მეპარება, რომ "რეალი" ბრძოლისთვის 150%-ით მზად არის".

საინტერესო ფაქტები
  • ეს ამ კლუბების მეოთხე ორრაუნდიანი ბრძოლაა ბოლო 7 სეზონში.
  • "რეალმა" ორი მათგანი მოიგო, "ბაიერნმა" - 1.
  • პლეი-ოფში ეს გუნდები 11-ჯერ შეხვდნენ, 6-ჯერ "რეალმა" მოიგო, 5-ჯერ "ბაიერნმა".
  • ნახევარფინალურ ეტაპზე "ბაიერნის" უპირატესობაა - 4 მოგება, 2 წაგება.
  • "რეალმა" "ბაიერნს" ბოლო 5 დაპირისპირება მოუგო, 13 გოლი გაუტანა და 4 გაუშვა.
  • კრიშტიანო რონალდო "ბაიერნს" 6-ჯერ დაუპირისპირდა და 9 გოლი გაუტანა. ბოლო სამ მატჩში მის ანგარიშზე 7 გოლია.
  • "რეალმა" ბოლო ორი მატჩი მოიგო "ბაიერნის" სტადიონზე, მანამდე კი მას სტუმრად მოგებული არ ჰქონდა.
  • "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მე-13-ედ გავიდა, ეს რეკორდია. შემდეგ სწორედ "ბაიერნი" და "ბარსელონა" მოდიან - 11-11 ნახევარფინალი.
  • "რეალი" ჩემპიონთა ლიგისა და მისი წინამორბედი ტურნირის ნახევარფინალში ჯამში 29-ედ გავიდა, 15-ჯერ "რეალმა" ფინალში გააღწია. ბოლო 8 ცდიდან "რეალს" ეს მხოლოდ სამჯერ გამოუვიდა.

ოთხშაბათი, 25 აპრილი
ბაიერნი-რეალი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, ალაბა - ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა - ხამეს როდრიგესი, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი

რეალი (4-4-2): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო - ისკო, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - რონალდო, ბენზემა

არ ითამაშებს: ალაბა, ნოიერი, ვიდალი - ნაჩო
საეჭვოა: კომანი, ტოლისო -

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული