ჩემპიონთა ლიგა. ფინალი: უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა და ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში "რეალმა" 3:1 დაამარცხა "ლივერპული" და მიჯრით მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

გუნდების მწვრთნელებს სასტარტო შემადგენლობებში არანაირი სიურპრიზი არ შემოუთავაზებიათ, ზინედინ ზიდანმა ძირითადში კვლავ ბენზემა დააყენა და ბეილი სათადარიგოთა შორის დატოვა. ბლანკოსი პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორი ფინალი ერთი და იგივე შემადგენლობით დაიწყო. იურგენ კლოპმაც ოპტიმალური თერთმეტეული გაიყვანა მოედანზე.

მატჩი "ლივერპულის" შეტევებით დაიწყო, თუმცა რეალური სახიფათო მომენტი არ შეუქმნია, 26-ე წუთზე კი სერხიო რამოსმა ჭიდაობის ილეთით დაანარცხა მოედანზე სალაჰი, რომელსაც მხარი დაუზიანდა და მიუხედავად იმისა, რომ
სცადა თამაშის გაგრძელება, 30-ე წუთზე მაინც შეცვალეს და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი.

Sportall.Ge

ეგვიპტელის გამოკლება ორმაგი დანაკლისი იყო: ფსიქოლოგიური და თანაც, სულ რომ არაფერი გაეკეთებინა, ორი მოწინააღმდეგე მისი მეურვეობით იყო დაკავებული. მოკლედ, რამოსმა თავისი საქმე გააკეთა და ამის შემდეგ "სამეფო გუნდი" უპირატესობას დაეუფლა. გოლიც გაიტანა ბენზემამ, თუმცა მსაჯმა რონალდოზე სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე.

ტრავმა მიიღო კარვახალმაც და ისიც შეცვალეს, მაგრამ ეს "რეალისთვის" ტრაგედია ნამდვილად არ იყო.

მოკლედ, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მომენტები თითქმის არ შექმნილა და ეს ორივე გუნდის მაღალ კლასზე მიუთითებს, რამეთუ გამართულად თამაშობდნენ და თავისუფალ ზონებს არ სტოვებდნენ.

შესვენების შემდეგ ისკომ ბურთი ხარიხას გაატყა, მერე კი კარიუსმა კურიოზული შეცდომა კი არა ისეთი რამ გააკეთა, რასაც სახელი არ ჰქვია და ბენზემამ ანგარიში გახსნა. ერთი სიტყვით, "წითლები" უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

და ამ უმძიმეს ვითარებაში, თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, მესისაიდელებმა ანგარიში გათანაბრა - ნაკუთხურალი ბურთი კარისკენ ლოვრენმა გადაგზავნა და სწრაფმა მანემ მიმართულება შეუცვალა - 1:1.

61-ე წუთზე ისკოს დარტყმული კარიუსმა მოიგერია და ზიდანმა ისკოს ნაცვლად შეცვლაზე ბეილი შეუშვა. შეუშვა და უელსელმა მაკრატელათი ულამაზესი გოლი გაიტანა.

ისევ შეუტია "ლივერპულმა" და მანემ ძელს გაარტყა ბურთი. მერე რონალდოს გასატანად გამზადებული ბურთი ნახტომში ფეხიდან რობერტსონმა ააცალა.

ბოლოს კარიუსმა კიდევ ერთი საშინელი შეცდომა დაუშვა, ბეილმა დუბლი შეასრულა და "რეალმა" ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

მოკლედ, სალაჰის ტრავმამ ფაქტიურად გადაწყვიტა ამ შეხვედრის ბედი. ნათლად წარმოჩნდა, თუ რამდენადაა დამოკიდებული "ლივერპული" ამ ერთ ფეხბურთელზე. ზიდანისგან განსხვავებით, კლოპს ფეხბურთელთა დიდი არჩევანი არ გააჩნია და ბლანკოსის გამარჯვება ლოგიკური გახლდათ.

კიევი. "ოლიმპიისკი". 61 561 მაყურებელი
რეალი - ლივერპული 3:1
გოლები: 1:0 ბენზემა (51), 1:1 მანე (55), 2:1 ბეილი (64), 1:3 ბეილი (83)

რეალი: ნავასი - მარსელო, რამოსი, ვარანი, კარვახალი  (ნაჩო 37)- კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო (ბეილი 61)- რონალდო, ბენზემა (ასენსიო 89)

ლივერპული: კარიუსი - რობერტსონი, ვან დეიკი, ლოვრენი, ალექსანდერ-არნოლდი - მილნერი (ჯანი 83), ჰენდერსონი, ვეინალდუმი - მანე, ფირმინო, სალაჰი (ლალანა 30)
მკითხველის კომენტარები / 47 /
ფინალამდე მსაჯების უდიდესი დახმარებით.ფინალში სერხიო რამოსი.რამოსმა მოიგო ლიგა
გიო 777
00:47 27-05-2018
5
რამოსმა ფინალი გააფუჭა, კარიუსმა კი საერთოდ მოკლა.
ირაკლი
01:08 27-05-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული