ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალის წინ: ნორვეგიელი დებიუტანტი და პარიზული ლაზარეთი

AutoSharing Option
ზუსტად ორთვიანი პაუზის შემდეგ ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა პლეი-ოფით ბრუნდება.

1-ელ ივნისს ფინალი მადრიდის "ვანდა მეტროპოლიტანოზეა", იქ მოხვედრის იმედი კი 16 კლუბს შერჩა.

დღეს, 12 თებერვალს ლიგა რომსა და მანჩესტერში იწყება. სიახლე კი VAR-ია, ანუ ვიდეორეფერი, რომელსაც ამიერიდან ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიყენებენ.

"ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ-ჟერმენი" ოფიციალურ მატჩებში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

საფრანგეთის ჩემპიონმა C ჯგუფი მოიგო და მერვედფინალში საპასუხო მატჩის შინ გამართვის უპირატესობაც დაიმსახურა. ინგლისურმა კლუბმა H ჯგუფში მეორე ადგილი მოიგო, მას მერე კი "ოლდ
ტრაფორდზე" ბევრი რამ შეიცვალა - ჟოზე მოურინიოს ნაცვლად გუნდს ოლე გუნარ სოლსკაიერი წვრთნის, რომლის ხელშიც "იუნაიტედი" 11 თამაშია დაუმარცხებელია!

ინგლისელებს მეოთხედფინალში გასვლა 2014 წლის შემდეგ ნატვრად აქვთ, ხოლო პსჟ ორი წელია წარუმატებლად ცდილობს იქ გასვლას - ჯერ "ბარსელონამ" გამოაგდო, შემდეგ "რეალმა".
ინგლისური კლუბისთვის ეს ლიგის მე-18 პლეი-ოფია. გუნდმა 10-ჯერ ითამაშა მერვედფინალში (6 გამარჯვება, 4 მარცხი). "იუნაიტედი" შარშან, როგორც პსჟ, მერვედფინალში გააჩერეს - "სევილიასთან" დამარცხდა ორრაუნდიან ბრძოლაში.

სოლსკაიერს აქამდე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაუწვრთნია გუნდი, "ნამდვილ" ლიგაზე კი მისი დებიუტია. მას "მიოლდესთან" ერთად უფრო ევროპალიგაზე ჰქონდა წარმატებები.

გუნდებს სამ-სამი ფეხბურთელი დააკლდებათ, თუმცა პსჟ-ის დანაკლისი განუზომლად დიდია - ფრანგებს აკლიათ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ნეიმარი და ტოპ-ცენტრფორვარდი ედინსონ კავანი. არ იქნება არც ბელგიელი თომა მონიე. სოლსკაიერს კი მარკოს როხო, ანტონიო ვალენსია და მატეო დარმიანი არ ეყოლება.

ფაქტები
  • "იუნაიტედმა" ლიგის საშინაო მერვედფინალებში 6 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 დათმო, თუმცა გუნდმა ამ ეტაპზე "ოლდ ტრაფორდზე" გამართული ბოლო 3 მატჩიდან 2-ში წააგო.
  • "იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 26 მატჩიდან მხოლოდ 5 დათმო (16 მოგება, 5 ფრე).
  • "წითელმა ეშმაკებმა" ფრანგულ კლუბებთან ევროთასებზე პლეი-ოფის 7 დაპირისპირებიდან 6 მოიგეს. ბოლოს ეს ევროპალიგაზე, 1/32-ფინალში "მონპელიეს" წინააღმდეგ მოხდა (3:0 და 1:0).
  • პსჟ ზედიზედ მეშვიდედ გადის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. ამ კლუბის საუკეთესო შედეგი ლიგის ნახევარფინალია 1994/95 წლების სეზონში.
  • პსჟ 2013-2016 წლებში ზედიზედ 4-ჯერ გავიდა მეოთხედფინალში, მომდევნო სამ სეზონში კი ზედიზედ ორჯერ დამარცხდა მერვედფინალში.
  • ამ ეტაპზე პსჟ-მა ორჯერ გააგდო ინგლისური კლუბი, ორჯერვე "ჩელსი" - 2015 და 2016 წლებში.

ოლე გუნარ სოლსკაიერი ("მანჩესტერის" მწვრთნელი): "ჩვენ დიდი და ჯანსაღი შემადგენლობა გვყავს, არჩევანი მდიდრულია. წინ ფანტასტიკური მატჩია, რადგან ჩემპიონთა ლიგა ფანტასტიკური ტურნირია. გუნდი ამ შეხვედრას კარგ ხასიათზე ელოდება. თუკი ოდესმე დიდი მატჩის დრო იყო, ახლა ეს დრო მოვიდა.

ყოველი გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდნენ კავანი, ნეიმარი და მონიე, მაგრამ ეს სხვა ფეხბურთელებისთვის შანსია. ნახეთ, როგორი ელვასავით სწრაფია კილიან მბაპე. თანაც, თუ აქამდე ვიცოდით, რომელი ტრიო ითამაშებდა პსჟ-ის შეტევაში, ახლა ისიც გამოსაცნობია, რა ტაქტიკით გვეთამაშება მეტოქე. პსჟ-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს - ლეგენდა ბუფონი კარში, ტიაგო სილვა დაცვაში..."

"ოლდ ტრაფორდი". 12 თებერვალი
მანჩესტერი-პსჟ 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - იანგი, ლინდელიოფი, ჯონსი, შოუ - ანდერ ერერა, მატიჩი, პოგბა - ლინგარდი, რაშფორდი, მარსიალი
პსჟ (4-1-3-2): ბუფონი - კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი - დანი ალვეში - მარკინიოსი, ვერატი, დი მარია - დრაქსლერი, მბაპე
არ ითამაშებენ: დარმიანი, ვალენსია - ნეიმარი, კავანი, მონიე
საეჭვოა: როხო (მანჩესტერი)
არბიტრი: დანიელე ორსატო (იტალია)

როგორც ორი წლის წინ?
გასული სეზონის სენსაცია "რომა" წლეულსაც გვპირდება სასწაულს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "პორტუს" ორი მატჩის დამარცხება იტალიური კლუბისთვის სენსაციის ტოლფასია. ერთია - ისტორია პორტუგალიური კლუბის მხარესაა.

"პორტუმ" ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 5 მატჩი მოიგო და D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეტიც, პორტუგალიელებს ბოლო 4 შეხვედრაში სულ მცირე, 3-3 გოლი გაჰქონდათ. "რომამ" "რეალის" ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

ორი წლის წინათ ამ გუნდების მატჩები პლეი-ოფში დრამატული გამოდგა - "დრაგაოზე" 1:1-ის შემდეგ, თითქოს, "რომა" იყო ფავორიტი, მაგრამ "ოლიმპიკოზე" მასპინძლებს სრული ფიასკო ელოდათ - გოლები ფელიპემ, მიგელ ლაიუნმა და კორონამ გაიტანეს.

ზამთრის სატრანსფერო სეზონში "პორტუმ" შესანიშნავი გაძლიერება მიიღო ექსრეალელი პეპეს სახით. გუნდს ერთ-ერთი მთავარი გოლეადორი მარეგა დააკლდა. დისკვალიფიცირებულია ხესუს კორონაც. "რომას" დანაკლისია ფორვარდი შიკი, საეჭვოა მეკარე ოლსენისა და შემტევი ჯენგიზ იუნდერის თამაში.

ფაქტები
  • "პორტუ" "რომას" 4-ჯერ დაუპირისპირდა და არც ერთი მატჩი არ წაუგია.
  • 1981/82 წლების თასების თასზე და 2016/17 წლების ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუმ" შეძლო "რომას" გავლა.
  • "რომამ" შარშანდელ სეზონში პლეი-ოფში "შახტარი" და "ბარსელონა" ჩამოიცილა.
  • ედინ ჯეკომ "რომას" ბოლო 5 საპლეიოფო მატჩში შეძლო გოლების გატანა.
  • "რომამ" პორტუგალიურ კლუბებთან ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო - "პორტუსთან" შინ 2017 წელს.
  • "პორტუმ" ჯგუფურ ეტაპზე 16 ქულა მოაგროვა. ყველაზე მეტი ამ სეზონში.

ეუსებიო დი ფრანჩესკო ("რომას" მწვრთნელი): "სერჟიო კონსეისაომ "პორტუში" დიდი სამუშაო გასწია. ახლა "პორტუ" ყველასგან გამორჩეული და ეფექტური გუნდია. ის კომპაქტურად მოთამაშე, ორგანიზებული გუნდია. ამ დაპირისპირებაში ფიზიკური მზადყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს. დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ჩვენ კი ჩვენს სათამაშო სტილს არ უნდა გადავუხვიოთ".

"ოლიმპიკო". 12 თებერვალი
რომა-პორტუ 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): მირანტე - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - პელეგრინი, დე როსი, კრისტანტე - ძანიოლო, ჯეკო, ელ შაარავი
პორტუ (4-3-3): კასილიასი - ედერი, ფილიპე, პეპე, ალექს ტელიესი - დანილო, ერერა, ოლივერ ტორესი - ოტავიო, სოარესი, ბრაიმი
არ ითამაშებენ: შიკი - მარეგა, კორონა (დისკვ)
საეჭვოა: იუნდერი, პეროტი, ოლსენი (რომა)
არბიტრი: დენი მაკელი (ჰოლანდია)

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
მოუთმენლად ველოდები, ვფიქრობ, რომ უმაგრესი მატჩი იქნება და ორივე გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს შემოგვთავაზებს (ეჭვიც არ მეპარება ამაში ) :** იმედია ყველაფერი სამართლიანად წარიმართება და ვიდეორეფერი ამ ჩემპიონატშიც დაეხმარება მსაჯებს
T.k
12 თებერვალი 2019 23:40
0
4.2 მანჩესტერი
nodari
12 თებერვალი 2019 23:35
1
მანჩესტერი მოიგებს დამსახურებლად! 3-1-ერთს
გია1
12 თებერვალი 2019 21:51
2
2-2 თან დაძაბული
ფენომენო
12 თებერვალი 2019 18:04
3
პირველი ტაიმი 1:0
მეორე ტაიმი 2:1
მტლიანობაში კი
მანჩესტეი-პსჟ
3:1
ეუჰჰ
12 თებერვალი 2019 17:37
1
2-0
Shota
12 თებერვალი 2019 17:15
0
მანჩესტერი
თემო
12 თებერვალი 2019 15:21
1
g
12 თებერვალი 2019 14:51
2
სახლში არ წააგებს
მერაბი
12 თებერვალი 2019 14:38
4
პორტოს აქ რაუნდა. დღეს თამაშს ასწავლიან ალბათ.
111
12 თებერვალი 2019 14:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული