ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალის წინ: იწყება მთავარი მატჩები

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდო ისევ ჩადის ესპანეთში. თუ "მესტალიაზე" ის მხოლოდ წითელ ბარათს გამორჩა, ახლა "ვანდაზე" გაცილებით მეტს ელის, ისევე, როგორც მისი "იუვენტუსი".

მორიგ ინგლისურ-გერმანულ დაპირისპირებაში კი "მანჩესტერ სიტი" აშკარა ფავორიტია.

ტურინის "იუვენტუსს" ამ სეზონში სერია A-ში თითქმის გადაწყვეტილი აქვს ამოცანა. მასიმილიანო ალეგრის ნომერი პირველი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. სწორედ ამას ემსახურებოდა კრიშტიანო რონალდოს შეძენაც. ახლა ლიგაზე გადამწყვეტი ეტაპები დგება, მეტოქე კი ძალიან ძლიერი და ორგანიზებულია, დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო".

დიეგო კოშტა მომჯობინდა, მაგრამ ლიგის მატჩში მას ნაკლებად უნდა ველოდოთ. თომას პარტეი, რომელიც
ლა ლიგის მატჩში დისკვალიფიცირებული იყო, ბრუნდება. ასე რომ, საულ ნიგესი ცენტრიდან ფლანგზე გადაიწევს. დაცვის ცენტრში გოდინის მეწყვილეობისთვის ხოსე ხიმენესი და სტევან სავიჩი იბრძოლებენ, ხოლო ექსიუვენტუსელი ალვარო მორატა ანტუან გრიზმანს შეუწყვილდება.

"იუვენტუსი" დაცვაში დროულად მოძლიერდა - ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი დაბრუნდნენ, მათთან ერთად კი "იუვე" ძალიან ძლიერია. ტურინელები სამი შემტევით თუ შეუტევენ, მაშინ პაულო დიბალას შანსი აქვს, სასტარტოში მოხვდეს. იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში ალექს სანდრო დისკვალიფიცირებული იყო, ახლა კი ის ბრუნდება. მარიო მანჯუკიჩი "იუვენტუსში" ძალზე მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა. ის აუცილებლად იქნება სასტარტოში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

ფაქტები
  • "ატლეტიკომ" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 მატჩში გოლი არ გაუშვა.
  • ამ შეხვედრებში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
  • "ატლეტიკო" ბოლო 10 მატჩიდან (ჩემპიონთა ლიგა) 9-ში გამარჯვებული გამოდგა.
  • "იუვენტუსს" რეკორდულად ბევრი ფინალი აქვს წაგებული ევროთასებზე - 5.
  • "ატლეტიკო" 2014 და 2016 წლებში გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და "რეალთან" დამარცხდა.
  • "იუვენტუსი" 2015-ში "ბარსელონასთან", ხოლო 2017-ში "რეალთან" დამარცხდა ფინალში.

20 თებერვალი. ვანდა მეტროპოლიტანო
ატლეტიკო-იუვენტუსი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - საულ ნიგესი, თომასი, როდრი ერნანდესი, ლემარი - მორატა, გრიზმანი
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი, მატუიდი - დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდო
არ ითამაშებს: დიეგო კოშტა, ლუკა ერნანდესი, კოკე (ყველა ატლეტიკო)
საეჭვოა: დუგლას კოშტა, რუგანი (ორივე იუვენტუსი)
არბიტრი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

პეპი გერმანიაში
ხოსეპ გვარდიოლა გერმანიას უბრუნდება და "შალკესთან" ბრძოლაში მისი "სიტი" აშკარა ფავორიტია. "შალკემ" იანვარში "სიტისგან" 18 წლის რაბი მატონდო შეიძინა. ახლა თინეიჯერს ყოფილი გუნდის გამწარების შანსი მიეცემა. არის საკმაოდ რეალური შანსი, რომ მატონდო სასტარტო 11-ეულში იქნება. ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს მცველი მატია ნასტასიჩი. "ხუმარებს" ომარ მასკარელი დისკვალიფიცირებული ჰყავთ. მასპინძლებს ტრავმების გამო ემბოლო, შიოპფი და სკრჟიბსკი დააკლდებიან, ხოლო ბენჟამენ სტამბულის თამაშის მცირე შანსი აქვს.

"სიტის" რიგებში ძნელია, მენდისა და კომპანის გამოჩენა ვივარაუდოთ, კლაუდიო ბრავოს თამაში კი გამორიცხულია. "სიტის" ლეროი სანემ კარიერა "შალკეში" დაიწყო...

ფაქტები
  • "მანჩესტერ სიტის" ბოლო 11 მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "სიტიმ" ლიგაზე ბოლო 5 მატჩში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.
  • "მანჩესტერ სიტი" არ აგებს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 მატჩში.
  • "შალკეს" ბოლო 5 მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე 2.5 გოლზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

ფელტინს არენა. 20 თებერვალი

შალკე-მანჩესტერ სიტი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-5-1): ნიუბელი - კალიჯური, სანე, ნასტასიჩი, ოჩიპკა - მაკენი, ბენტალები, მატონდო, უთი, კონოპლიანკა - კუტუჩუ
სიტი (4-3-3): ედერსონი უოკერი, სტოუნსი, ოტამენდი, ლაპორტი - ფერნანდინიო, დავიდ სილვა, დე ბრუინი - სანე, აგუერო, სტერლინგი
არ ითამაშებს: მასკარელი (დისკვ.), სტამბული, ემბოლო, შიოპფი - მენდი, კომპანი, ბრავო
არბიტრი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სიტი მოიგებს
koba
20:32 20-02-2019
2
ორივე ორიანია ამოტენიან ამაღამ შალკეს და ატლეტიკოს
გოგა
14:08 20-02-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული