6 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "აიაქსმა" სენსაციურად სძლია "რეალს" 4:1 და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ამსტერდამში მოგებული მატჩის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ "რეალს" მეოთხედფინალში გასვლა გარანტირებული ჰქონდა, მისმა მცველმა სერხიო რამოსმა გაფრთხილებათა გასანულებლად განზრახ მიიღო ყვითელი ბარათი, რის გამოც დისკვალიფიკაციით დაისაჯა, მაგრამ განმეორებითი შეხვედრის მე-18 წუთზე "აიაქსი" 2:0 დაწინაურდა.
ამის შემდეგ მწვრთნელმა სოლარიმ ტრავმირებული ვასკესი და ვინისიუსი ბეილით და ასენსიოთი შეცვალა. პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ვარანმა და ბეილმა ბურთი ძელს გაარტყეს.
მეორე ტაიმში მასპინძლები დიდი ძალებით უტევდნენ, სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ და ტადიჩმა, რომელმაც იქამდე ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მესამედ დალაშქრა კურტუას კარი. მართალია, ასენსიომ მალევე გაქვითა ერთი გოლი, მაგრამ შონემ მეოთხედ დაამწუხრა კურტუა.
ასე და ამგვარად, "რეალმა" მარტის დასაწყისში ფაქტიურად სეზონი დაასრულა, ჩემპიონთა ლიგიდანაც გამოვარდა, ესპანეთის თასიდანაც და ლა ლიგაზე "ბარსელონას" 12 ქულით ჩამორჩება.
"რეალმა" 2006 წელს მსგავსი ფიასკო განიცადა და მაშინ ფლორენტინო პერესმა კლუბის პრეზიდენტის პოსტი დატოვა.
"რეალმა" უკანასკნელად ზედიზედ 4 საშინაო მატჩი 15 წლის წინ წააგო, სეზონში კი 6-ჯერ დიდი ანგარიშით ბოლოს 68 წლის წინ დამარცხდა.
"აიაქსმა" ამ ტურნირის პლეი-ოფში ბოლოს 4 გოლი 1995 წელს გაიტანა.
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 77 013 მაყურებელი
რეალი - აიაქსი 1:4
გოლები: 0:1 ზიეში (7), ნერესი (18), 0:3 ტადიჩი (62), 1:3 ასენსიო (70), 1:4 შონე (72)
გაძევება: ნაჩო (90+3)
რეალი: კურტუა, კარვახალი, ვარანი, ნაჩო, კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო (ვალვერდე 87), ვასკესი (ბეილი 29), რეგილიონი, ვინისიუსი (ასენსიო 35), ბენზემა
აიაქსი: ონანა, ტალიაფიკო, ბლინდი, დე ლიხტი, მაზრაუი (ველტმანი 81), დე იონგი, ვან დე ბეკი, ზიეში, ნერესი (დოლბერგი 74), შონე (დე ვიტი73), ტადიჩი
დანი კარვახალი: ერთ კვირაში ყველაფერი წავაგეთ - რა "მყრალი" სეზონია