ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალის წინ: "ტოტენჰემის" ახალი სტადიონი და უშანსო "პორტუ"?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა მეოთხედფინალური ეტაპით ბრუნდება და დაძაბულობა პიკს აღწევს.

9 აპრილს ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება და ორივე ინგლისში.

ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი
ლონდონში "ტოტენჰემი" "მანჩესტერ სიტის" მიიღებს. ეს გუნდები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ და მომავალ 11 დღეში ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში 3-ჯერ მოუწევთ - ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე და 20 აპრილს პრემიერლიგაში.

"ტოტენჰემი" შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდება. ის მეტოქეს ახალ სტადიონზე მიიღებს, სადაც გახსნით მატჩში "კრისტალ პალასს" სძლია (2:0), ხოლო მანამდე კი, 5 პრემიერლიგურ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა.

altროგორ გამოიყურება ლონდონის "ტოტენჰემის" ახალი

სტადიონი [VIDEO+PHOTO]

ლონდონელებმა 6 დღე დაისვენეს და მატჩს აღდგენილი ძალებით ხვდებიან.

ვერ ვიტყვით იმავეს "მანჩესტერ სიტის" შესახებ, რადგან პრემიერლიგაში "კარდიფის" დამარცხების (2:0) შემდეგ, პეპ გვარდიოლას შეგირდებმა FA თასზე "ბრაიტონს" სძლიეს (1:0) და ფინალში გავიდნენ. ისინი რამდენიმე ტიტულის მოსაგებად იბრძვიან.
"ტოტენჰემს" არ ეყოლება ერიკ დაიერი, რომელმაც ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში თამაშისას მიიღო ტრავმა. მატჩს გამოტოვებს არგენტინელი შემტევი ერიკ ლამელაც.

იქიდან გამომდინარე, რომ "მანჩესტერ სიტის" ყველა პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშე ჰყავს, ოლექსანდრ ზინჩენკოს, ფაბიან დელფის და კლაუდიო ბრავოს არყოფნა დიდი დანაკლისი არ უნდა იყოს, თუმცა არ არის გამორიცხული, შეხვედრა სერხიო აგუერომ და კაილ ვოლქერმაც გამოტოვონ, რაც ნამდვილად პრობლემა იქნება.

ფაქტები
  • ეს კლუბები ევროპის მასშტაბით ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან;
  • მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტის" სტუმრად მატჩი არ წაუგია (3 მოგება, 1 ფრე);
  • "ტოტენჰემი" და "სიტი" მომდევნო 11 დღის განმავლობაში ერთმანეთს 3-ჯერ დაუპირისპირდებიან.
  • პეპ გვარდიოლა და მაურისიო პოჩეტინო ერთმანეთს მწვრთნელის რანგში 14-ჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ 2 დასრულდა არგენტინელის გამარჯვებით.

10 აპრილი. "ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონი"
ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონჰენი, როუზი, სისოკო, ვინკსი, დელე ალი, ერიქსენი, სონი, კეინი.
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი, დანილო, ლაპორტე, ოტამენდი, მენდი, ფერნანდინიო, გუნდოგანი, დე ბრუინი, ბერნანდო სილვა, სტერლინგი, გაბრიელ ჯესუსი.
არ ითამაშებენ: დაიერი, ლამელა (ორივე - ტოტენჰემი), ბრავო, ზინჩენკო (ორივე - სიტი)
საეჭვოა: ორიე, ლორენტე (ტოტენჰემი), აგუერო, დელფი, ვოლქერი, მენდი (სიტი).

altჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ: რას გვეუბნება სტატისტიკა?

ლივერპული-პორტუ
მეორე მეოთხედფინალური შეხვედრაც ინგლისში გაიმართება, სადაც "ლივერპული" "პორტუს" მიიღებს.

ეს კლუბები ერთმანეთს კარგად იცნობენ, რადგან ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ერთმანეთს მერვედფინალურ ეტაპზე გადაეყარნენ და იურგენ კლოპის შეგირდებმა მეტოქე ადვილად დაჯაბნეს.

პორტუგალიაში "ლივერპულმა" გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა (5:0), ინგლისში კი ნულოვანი ფრე გააგორა, შემდეგ ეტაპზე გავიდა და ფინალშიც გააღწია.

"მანჩესტერ სიტის" მსგავსად, პრემიერლიგაში "ლივერპულიც" ჩემპიონობისთვის იბრძვის, თუმცა მათ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაც სურთ.

"ლივერპულს" მარცხენა ფლანგზე რობერტსონი დააკლდება, რომელიც ამ ფორმაციის "ლივერპულის" შეუცვლელი წევრი გახდა. არ ითამაშებს ჯო გომესიც, რომელიც სეზონის დასაწყისში მოედნის ცენტრში ვან დაიკის უცვლელი მეწყვილე იყო, თუმცა შემდეგ ფეხი მოიტეხა და ჯერჯერობით დაბრუნებას ვერ ახერხებს. დიდი ხანია ტრავმირებულია ოქსლეიდ-ჩემბერლენიც.

"პორტუს" კი დაცვის ცენტრში ძალიან გამოცდილი მცველი პეპე დააკლდება. ის დისკვალიფიცირებულია.

ფაქტები
  • "ლივერპული" 14 მატჩია ყველა ტურნირზე წაუგებლად ასპარეზობს;
  • "პორტუს" 19 შესაძლებლობიდან ინგლისური კლუბი სტუმრად არასდროს დაუმარცხებია (3 ფრე, 16 მარცხი);
  • "ლივერპული" "ენფილდზე" ბოლოს სექტემბერში დამარცხდა;
  • ეს კლუბები ერთმანეთს ისტორიაში 6-ჯერ შეხვდნენ. აქაც სრული უპირატესობა მერსისაიდელთა მხარესაა - 3 მოგება, 3 ფრე.

9 აპრილი. "ენფილდი"
ლივერპული-პორტუ 23:00
ლივერპული (4-3-3): ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, მილნერი, ფაბინიო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მანე, სალაჰი, ფირმინო.
პორტუ (4-4-2): კასილასი, მაქსი, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელეში, დანილო, ოტავიო, კორონა, ბრაჰიმი, მარეგა, სოარესი.
არ ითამაშებენ: რობერტსონი, ჯო გომესი, ოქსლეიდ-ჩემბერლეინი (სამივე - ლივერპული), ერერა, პეპე (ორივე - პორტუ).
საეჭვოა: ლალანა (ლივერპული), ალექს ტელეში (პორტუ).
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს თამაშები 2 საათის სხაობით რო დაიწყოს არ შეიძლება? როცა ბევრი თამაშია მესმის და როცა შეიძლება ორივეს უყუროს კაცმა, ეს ერთდროულად დაწყება რა არის...
1
ტოტენჰემი-სიტი 2-1,ლივერპული-პორტო 3-1
megona
11:40 09-04-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული