ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალის წინ: "ბარსელონა" "მანჩესტერის" გამწარებას კიდევ ერთხელ ეცდება

AutoSharing Option
10 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი გაიმართება.

ორივე შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს და დიდი ალბათობით, დაძაბული ბრძოლები გველოდება.

მანჩესტერ იუნაიტედი-ბარსელონა
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. მეტოქე მისთვის კარგად ნაცნობი "ბარსელონაა", რომელთანაც 2009 და 2011 წლებში ორი ფინალი დათმო.

ფავორიტი აშკარად "ბარსელონაა". "წითელი ეშმაკების" ქომაგები რამდენიმე თვის წინ იმასაც ვერ იფიქრებდნენ, რომ მათი კლუბი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდოდა და პრემიერლიგის ოთხეულისთვის იბრძოლებდა, თუმცა პსჟ-ის გაგდების შემდეგ ოლე-გუნარ სოლსკიაერის უკვე ყველას სჯერა.

სოლსკიაერის ხელმძღვანელობით
შესანიშნავი სტარტის შემდეგ "იუნაიტედს" მცირე კრიზისი აქვს - ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 4 შეხვედრიდან კლუბმა 3 მარცხი განიცადა. საპირისპიროს თქმა შეგვიძლია "ბარსელონაზე", რომელიც ოფიციალურ შეხვედრაში 16 მატჩია არ დამარცხებულა.

ლიონელ მესის ლა ლიგის ბომბარდირობა, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს. ის მთავარი ფავორიტია ჩემპიონთა ლიგაზეც. მას 8 გოლი აქვს, იმდენივე, რამდენიც რობერტ ლევანდოვსკის, თუმცა მისი "ბაიერნი" გათამაშებას უკვე გამოეთიშა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" კატალონიელებს დანაკლისით ხვდება, ტრავმის გამო მოედანზე ალექსის სანჩესს ვერ ვიხილავთ. კლუბს დაცვის ცენტრში დააკლდება ბაილიც.

"ბარსელონა" კი ინგლისს ოპტიმალური შემადგენლობით სტუმრობს. ერთადერთი, ვინც შეიძლება მათ დააკლდეთ, უსმან დემბელეა, თუმცა ერნესტო ვალვერდემ ის განაცხადში მაინც შეიყვანა.

ფაქტები
  • ამ კლუბებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 8 ოფიციალური მატჩი გამართეს და "იუნაიტედმა" მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა (4 ფრე, 3 მარცხი).
  • "ბარსელონამ" ბოლო 6 შეხვედრაში მატჩის უკანასკნელ 10 წუთში 9 გოლი გაიტანა.
  • ეს კლუბები ბოლო ორ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩში "ბარსელონამ" გაიმარჯვა.

10 აპრილი. ოლდ ტრაფორდი
მანჩესტერ იუნაიტედი-ბარსელონა 23:00
შემადგენლობები
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა, ეშლი იანგი, სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ, მატიჩი, ერერა, პოგბა, ლინგარდი, მარსიალი, რაშფორდი.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა, არტური, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო, სუარესი, მესი.
არ იქნებიან: ბაილი, დარმიანი, ალექსის სანჩესი, ვალენსია (ყველა - მანჩესტერი), რაფინია (ბარსელონა).
საეჭვოა: ერერა, მატიჩი, რაშფორდი (სამივე - მანჩესტერი), დემბელე (ბარსელონა).


აიაქსი-იუვენტუსი
არანაკლებ საინტერესო შეხვედრა გველოდება "იოჰან კრუიფის არენაზე", სადაც ახალგაზრდული "აიაქსი" თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს, ტურინის "იუვენტუსს" მიიღებს.

"იუვემ" იტალიის ჩემპიონობა უკვე გაიფორმა. მას ამ შედეგის ოფიციალურად დასაფიქსირებლად მხოლოდ 1 ქულა აკლია, ამსტერდამელებს კი შიდა ჩემპიონატში სერიოზული ბრძოლა პსვ-სთან უწევთ.

სეზონის წინ, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ჰოლანდიური კლუბის "იუვენტუსთან" ტოლ-სწორად თამაში მოსალოდნელი იქნებოდა, თუმცა მადრიდის "რეალთან" ფანტასტიკური მატჩის შემდეგ ყველა მოუთმენლად ელოდება "აიაქსის" მომავალ გამოცდას.

თუმცა, "სამეფო კლუბისგან" განსხვავებით, "ბებერ ქალბატონს" კრიშტიანო რონალდო ეყოლება, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებში თამაშისას მიღებული ტრავმა მოირჩინა და თამაშს მოწყურებული გოლების გატანას ჰოლანდიელების კარში ეცდება.

"აიაქსს" მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰყავს მაზრუის სახით, რომელიც ამ ფორმაციის გუნდში შეუცვლელი მოთამაშეა, თუმცა ის დისკვალიფიცირებულია, შეტევაში კი ტენ ჰააგის გუნდს პრობლემები არ აქვს.

"იუვენტუსს" კი კაპიტანი ჯორჯო კიელინი და ემრე ჩანი დააკლდებიან.

ფაქტები
  • "აიაქსს" "იუვენტუსი" ოფიციალურ მატჩში არასდროს დაუმარცხებია (2 ფრე, 4 მარცხი).
  • "აიაქსს" ჩემპიონთა ლიგა (ჩემპიონთა თასი) 4-ჯერ აქვს მოგებული, მათ დღევანდელ მეტოქეს კი - 2-ჯერ.
  • ჰოლანდიელები ფინალში 2-ჯერ დამარცხდნენ, "იუვენტუსს" კი წაგებათა რეკორდი აქვს დამყარებული - 7 მარცხი ფინალში.
  • ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "აიაქსმა" ბოლოს საკუთარ მოედანზე 1995-96 წლების სეზონში დორტმუნდის "ბორუსიასთან" გაიმარჯვა.

10 აპრილი. იოჰან კრუიფის არენა
აიაქსი-იუვენტუსი 23:00
შემადგენლობები
აიაქსი (4-3-3): ონანა, ველტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო, ვან დე ბიკი, შონე, დე იონგი, ტადიჩი, ნერესი, ზიეჩი.
იუვენტუსი: შესნი, დი შილიო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო, ბენტაკური, პიანიჩი, მატუიდი, მანჯუკიჩი, ბერნანდესკი, რონალდო.
არ იქნებიან: მაზრუი, ბანდე (ორივე - აიაქსი), კასერესი, ჩანი, კიელინი (იუვენტუსი).
საეჭვოა: ბარძალი, დუგლას კოშტა, პერინი (ყველა - იუვენტუსი).

მკითხველის კომენტარები / 6 /
აიაქსი კარგი გუნდია მაგრამ ვფიქრობ ძალა აღარ ეყოფა ქალბატონის გასამკლავებლად
ზურა
19:32 10-04-2019
1
კრიშტიანომ თუ ტერმინატორი ჩართო და ფრენა დაიწყო იუვენტუს აიაქსი კი არა ვერავინ გააჩერებს.იგი 21 საუკუნის ყველაზე დიდი სპორტსმენია,თან მაგარი კაცი.
ამაშია საქმე
16:32 10-04-2019
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული