"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში "ლივერპულთან" მარცხის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ მიმართ ნასროლ ტყვიებს მკერდი უნდა შევუშვიროთ. მთელმა გუნდმა კრიტიკულად უნდა შეხედოს მომხდარს, მაგრამ ყველაზე მთავარია, პატიება გულშემატკივრებს, ოჯახის წევრებსა და შვილებს ვთხოვოთ. ეს ჩვენი დამოკიდებულების გამო მოხდა.
ჩვენ ერთი და იგივე შეცდომა ზედიზედ ორჯერ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ზრდასრულები ვართ და საკუთარ თავს კრიტიკულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გამამართლებელი საბუთი არ გვაქვს" - გადმოსცემს ურუგვაელის სიტყვებს Mundo Deportivo.
"ბარსელონამ" პირველ შეხვედრაში გამარჯვების (3:0) შემდეგ გასვლაზე 0:4
წააგო და მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ფინალში "ლივერპული" ითამაშებს.
ინგლისელების მეტოქე დღეს საღამოს, ამსტერდამში გამართულ შეხვედრაში გაირკვევა, სადაც ერთმანეთს "აიაქსი" და "ტოტენჰემი" შეხვდებიან. შეგახსენებთ, ამსტერდამელებმა ლონდონში 1:0 გაიმარჯვეს.