8 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ტოტენჰემმა" გასვლაზე 3:2 მოუგო "აიაქსს" და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით ფინალში გავიდა.
ვერაფერს იტყვი, მართლაც ჩინებული ნახევარფინალები ვიხილეთ, რამეთუ ეს თამაშთა თამაშები და მისი უდიდებულესობა ფეხბურთის უმაღლეს დონეზე წარმოჩინება გახლდათ!
"ტოტენჰემი" სახლში 0:1 დამარცხების შემდეგ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერია მოსალოდნელი, რაც "ლივერპულისა" და "ბარსელონას" შეხვედრამაც დაადასტურა. "დეზების" მენეჯერმა პოჩეტინომ იხუმრა, თუ სასწაული მოხდა და ტურნირი მოვიგეთ, პენსიაზე გასვლა შემეძლებაო.
მოთელვაზე ტრავმა მიიღო "აიაქსის" ნახევარმცველმა ნერესმა და მწვრთნელმა ტენ ჰაგმა სასტარტოში მის ნაცვლად დოლბერგი დააყენა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და დე ლიხტმა ნაკუთხურალ ბურთს ლორისის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
"ტოტენჰემი" პირველი ტაიმის შუაწელში გამოერკვა, ორჯერ სახიფათო იერიშიც მიიტანა ონანას კარზე, მაგრამ სონმა ბურთი ძელს გაარტყა, ერიკსენის დარტყმული ბურთი კი გოლკიპერმა აიღო.
ამსტერდამულმა გუნდმა კი საპასუხოდ შეუტია. ტადიჩმა მახვილი კუთხიდან ვერ უწია მიზანს, სამაგიეროდ, მომდევნო ეპიზოდში ზიეშმა დალაშქრა ლონდონელთა კარი და შეხვედრის ბედი თითქოს გადაწყდა. მხოლოდ თითქოს.
ცნობისათვის, აქამდე ამ ტურნირზე პირველი გოლის გატანის შემდეგ "აიაქსი" არასოდეს არ დამარცხებულა.
მეორე ტაიმი "ტოტენჰემმა" აქტიურად დაიწყო. ალის ახლო მანძილიდან გოლის გატანა ონანამ არ დაანება, თუმცა მერე ორი გოლი გაუშვა - მოურამ დუბლი შეასრულა, 2:2 და სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო და "აიაქსმა" უკან არ დაიხია, მეტოქის ნახევარზე აიწია და ორჯერ ახლოს იყო კვლავ დაწინაურებასთან - ჯერ ვერტონგენმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, ხოლო შემდეგ ზიეშმა ბურთი ძელს გაარტყა.
ბოლოს "დეზები" მაინც გადავიდნენ შტურმზე და ლორენტემ ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო ლუკას მოურამ 96-ე წუთზე ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.
* * *
1-ელ ივნისს ფინალში "ლივერპული" და "ტოტენჰემი" მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" შეხვდებიან. ეს ისტორიაში მეორე და 2008 წლის შემდეგ პირველი ინგლისური ფინალია - მაშინ "მანჩესტერმა" "ჩელსის" სძლია (1:1, პენ 6:5).
"ტოტენჰემი" პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (რაც ტურნირს სახელი გადაერქვა და ფორმატი შეიცვალა), სადაც 4 ინგლისურ გუნდს უასპარეზია: "არსენალს", "ჩელსის", "ლივერპულს" და "მანჩესტერს".
"ტოტენჰემი" უკანასკნელი 20 წლის შემდეგ პირველი გუნდია, რომელიც ნახევარფინალში 0:2 მარცხდებოდა და საბოლოოდ გაიმარჯვა. მაშინ ეს "მანჩესტერმა" "იუვენტუსთან" მოახერხა (3:2), ფინალში კი "ბაიერნს" 2:1 სძლია.
ლონდონი პირველი ქალაქია, რომლის 3 გუნდი ფინალში გავიდა.
ლუკას მოურა ტურნირის ისტორიაში ნახევარფინალში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი მეხუთე ფეხბურთელია.
19 წლის დე ლიხტი ასაკით ახალგაზრდებს შორის მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში გოლი გაიტანა. მასზე ახალგაზრდები გოლის გატანის მომენტში ნორდინ ვოტერი (აიაქსი, 1996), ობაფემი მარტენსი (ინტერი, 2003) და კილიან მბაპე (მონაკო, 2017) იყვნენ.
დეილი ბლინდმა ტურნირზე "აიაქსის" შემადგენლობაში 26-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით თავის მამას, დენი ბლინდს დაეწია, რომელიც ამსტერდამულ გუნდში 1986-99 წლებში თამაშობდა და 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი". 53 285 მაყურებელი
აიაქსი - ტოტენჰემი 2:3
გოლები: 1:0 დე ლიხტი (5), 2:0 ზიეში (35), 2:1 მოურა (56), 2:2 მოურა (59), 2:3 მოურა (90+6)
აიაქსი: ონანა, მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ვან დე ბეკი (მაგალიანი 90), დე იონგი, შონე (ველტმანი 62), ზიეში, ტადიჩი, დოლბერგი (სინკგრავენი 67), ტალიაფიკო
ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი (ლამელა 81), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ვანიამა (ლორენტე 46), სისოკო, როუზი (დევისი 83), ერიკსენი, ალი, მოურა, სონი