დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.
საკუთარ შეხვედრებს ჩაატარებენ მადრიდის "რეალი", პსჟ, "იუვენტუსი", "ატლეტიკო", "მანჩესტერ სიტი". ცენტრალური მატჩი კი ლონდონში გაიმართება, სადაც ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტი "ტოტენჰემი" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს.
ლონდონის "ტოტენჰემი" - მიუნხენის "ბაიერნი"
ლონდონურმა კლუბმა 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის პირველი შეხვედრა პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" გასვლაზე ფრედ დაასრულა, არადა, 30-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა.
"ტოტენჰემისაგან" განსხვავებით, "ბაიერნმა" პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა და "ცრვენა ზვეზდას" სახლში 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
ოფიციალურ შეხვედრებში გუნდები ბოლოს ერთმანეთს შორეულ წარსულში -
- "ტოტენჰემი"
- "ბაიერნი"
სავარაუდო შემადგენლობები
"ტოტენჰემი": ლორისი, ორიე, ანდერვაირელდი, ვერტონგენი, დეივისი, უინქსი, სისოკო, ნდომბელე, ერიკსენი, სონი, კეინი
"ბაიერნი": ნოიერი, ალაბა, კიმიხი, ზულე, პავარი, ტიაგო, ტოლისო, კოუტინიო, კომანი, პერიშიჩი, ლევანდოვსკი
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მოსკოვის "ლოკომოტივი" - მადრიდის "ატლეტიკო"
აღნიშნული მატჩი ქართველი გულშემატკივრებისათვის საინტერესო საბა კვირკველიას გამო გახლავთ. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი 1 კვირის წინ დაუბრუნდა მოსკოვურ კლუბს თასის მატჩში, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ სასურველი ფორმიდან საბა შორსაა.
მნიშვნელოვანი შეცდომები არ დაუშვია, თუმცა პირველ ტაიმში უკვე დაღლილი იყო. გასაკვირი არაა, ამდენი ხანი არ უთამაშია და სავარაუდოდ, დღესაც სათადარიგოთა სკამზე იქნება და თუ გუნდს დასჭირდა, სიომინი, ალბათ, ბოლო წუთებზე მაინც შეუშვებს.
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონი კი "ლოკომოტივმა" გასვლაზე "ლევერკუზენის" დამარცხებით დაიწყო - 2:1. "ატლეტიკომ" კი სახლში "იუვენტუსთან" ფრედ ითამაშა.
გუნდები აქამდე 3-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. პირველად - 2007 წელს, უეფას თასზე და მოსკოვში გამართული ის შეხვედრა ფრედ დასრულდა - 3:3. ბოლო დაპირისპირება კი უეფას თასზე იყო, 2018 წელს "ატლეტიკომ" მოსკოვურ კლუბს 2 მატჩის ჯამში 8:1 მოუგო.
- "ლოკომოტივი"
- "ატლეტიკო"
სავარაუდო შემადგენლობები:
"ლოკომოტივი": გილერმე, იგნატიევი, ჰიოვედესი, ჩორლუკა, რიბუსი, მურილიო, ჟემალედინოვი, ბარინოვი, კრიხოვიაკი, ჟოაუ მარიუ, სმოლოვი
"ატლეტიკო": ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი, კოკე, პარტეი, საული, ფელიკსი, მორატა, კოშტა
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
სხვა მატჩები
რაც შეეხება დანარჩენ თამაშებს, ტურის ადრინდელ შეხვედრებში "რეალი" "ბრიუგეს" შეხვდება, ხოლო "ატალანტა" "შახტარს" უმასპინძლებს.
მადრიდელებს, დიდი ალბათობით, ისკო, მარსელო და მენდი დააკლდებათ, ხოლო ხამესი და ბეილი ზიდანმა დაასვენა. ბერგამოში კი "ატალანტა" საკუთარ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩის მოგებას უკრაინელების წინააღმდეგ შეეცდება.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო "შახტარს" იტალიაში დავით ხოჭოლავა ვერ გაჰყვა. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.
ტურის ერთ-ერთ ყველაზე უინტერესოდ ჟღერად შეხვედრაში ერთმანეთს "ცრვენა ზვეზდა" და "ოლიმპიაკოსი" შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ კლუბები აქამდე 3-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, 3-ჯერვე ამხანაგურად და 3-ვე მატჩი ფრედ დასრულდა.
რთული შეხვედრა ელის სტამბულის "გალათასარაის", რომელიც შინ პსჟ-ს მიიღებს. ეს გუნდები მადრიდის "რეალთან" და "ბრიუგესთან" არიან ქვეჯგუფში და თურქებს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები, ალბათ, ბელგიელებთან ელით. თუმცა, საკუთარ კედლებში დიდი ძალაა. პარიზელებს ამ შეხვედრაში ნეიმარი, დრაქსლერი, დაგბა, კეჰრერი და კავანი ვერ დაეხმარებიან. სავარაუდოდ, სათადარიგოთა შორის იქნება კილიან მბაპე.
ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მატჩის მოგებას "ლევერკუზენთან" შეეცდება. გერმანელები, რომლებმაც "ლოკომოტივთან" წააგეს და "იუვეს" შემდეგ 2 მატჩი "ატლეტიკოსთან" ელით, არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში არიან.
ტურინელებს კი ამ შეხვედრაში დე შილიო, დანილო და დუგლას კოშტა დააკლდებათ.
ბოლო შეხვედრა კი მანჩესტერში გაიმართება, სადაც "სიტი" ზაგრების "დინამოს" მიიღებს. ძალიან ძნელია იმაზე საუბარი, რა შანსები შეიძლება ჰქონდეს ამ შეხვედრაში ხორვატიულ კლუბს, თუმცა, თუ პირველი შეხვედრის ანგარიშს გავითვალისწინებთ ("ატალანტას" 4:0 მოუგეს), არაა გამორიცხული, გახსნილი, შემტევი, სანახაობრივი მატჩი ვიხილოთ.