ჩემპიონთა ლიგა. III ტურის წინ: დაამარცხებს "ინტერი" შესუსტებულ "დორტმუნდს"?

AutoSharing Option
დღეს, 23 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართება.

ყველაზე დიდ ინტერესს მილანში გასამართი შეხვედრა იწვევს - "ინტერი" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს. ასევე, ფეხბურთის გულშემატკივარი "აიაქსი"-"ჩელსისა" და "ზალცბურგი"-"ნაპოლის" დაპირისპირებებიდან ლამაზ, შემტევ და უხვგოლიან მატჩებს ელოდება. ამ და დარჩენილი შეხვედრების შესახებ ქვევით ვისაუბრებთ.

"ინტერი" - "ბორუსია"

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ევროპაში ორი საკმაოდ ცნობილი გუნდი დღეს ერთმანეთს პირველად შეხვდება. აქამდე "ინტერსა" და "ბორუსიას" ერთმანეთთან შეხვედრა არასდროს გაუმართავთ.

განვილილი 2 ტურის შემდეგ გერმანელები ჯგუფს "ბარსელონასთან" ერთად 4 ქულით ლიდერობენ. "ინტერს" მხოლოდ 1
ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება.

  • "ინტერი"
მილანელებმა პრაღის "სლავიასთან" 2 ქულა დაკარგეს და ეს შესაძლოა, გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს მათთვის. ჯგუფში აშკარა ფავორიტი "ბარსელონაა". ალბათ, არც "დორტმუნდი" და არც "ბარსა" "სლავიასთან" ქულებს არ დაკარგავენ. ამიტომ "ინტერს" უშუალო კონკურენტების დამარცხება მოუწევს.

დღევანდელ შეხვედრაში იტალიელებს აუცილებლად სჭირდებათ გამარჯვება, ფრეს ან მარცხის შემთხვევაში უფრო მეტად გაურთულდებათ საქმე. "ნერაძურის" ამ მატჩში სანჩესი, დ'ამბროზიო და სენსი დააკლდება. სერია A-ს უკანასკნელ მატჩში "ინტერმა" "სასუოლო" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა (4:3), დღევანდელ მატჩში კი დაცვაში უკეთ თამაში მართებთ.

  • "ბორუსია"
დორტმუნდელებმა 27 აპრილის შემდეგ მხოლოდ "უინიონ ბერლინთან" წააგეს. ვერ ვიტყვით, რომ დაფრინავენ, თუმცა სეზონის წინ საკმაოდ გაძლიერდნენ.

"ბორუსიამ" ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა "ბარსელონასთან" და ალბათ, გამარჯვებასაც იმსახურებდა, თუმცა ტერ შტეგენის წყალობით კატალონიელებმა ქულა მოიპოვეს.

მილანში გუნდის ლიდერი მარკო როისი დააკლდებათ, ვერ ითამაშებენ შმელცერი და ალკასერი, ძირითადი მეკარე ბურკის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეთ "ინტერთან", თუმცა ჰანდანოვიჩი რომ დაუძლეველი ბარიერი არაა, ეს "სასუოლოსთან" გამართულ შეხვედრაში გამოჩნდა.

სავარაუდო შემადგენლობები

"ინტერი": ჰანდანოვიჩი, სკრინიარი, გოდინი, დე ვრეი, კანდრევა, ბარელა, ბროზოვიჩი, ვესინო, ასამოა, ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი

"ბორუსია": ჰიტცი, აკანჯი, ჰუმელსი, ვეიგლი, შულცი,  დილეინი, ვიტსელი, აზარი, სანჩო, ჰაკიმი, ბრანდტი

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა მატჩები

ორი ადრეული (21:00) მატჩი ამსტერდამსა და ლაიპციგში გაიმართება. "აიაქსი" საკუთარ მოედანზე ლონდონის "ჩელსის" მიიღებს. ორივე გუნდი გახსნილ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს და გოლებიც ხშირად გააქვს. თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მსგავსი გუნდების შეხვედრები ხშირად მთავრდება ან უგოლოდ, ან 1 გატანილი გოლით.

"აიაქსი" 6 ქულით ჯგუფის ლიდერია და გამარჯვების შემთხვევაში დიდ ნაბიჯს გადადგამს პლეი-ოფში გასასვლელად. "ჩელსის" კი 3 ქულა აქვს და "ვალენსიასთან" მეორე-მესამე ადგილს იყოფს.

მშვენიერ ფორმაშია "ზენიტი". რუსებს 2 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვთ და ჯგუფს ლიდერობენ. "ლაიპციგს" კი 3 ქულა აქვს. აღნიშნულ ჯგუფში საკმაოდ თანაბარი ძალების გუნდები არიან და თითოეულ თამაშსა და ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

23:00 საათზე დაიწყება ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა - "ბენფიკა" "ლიონს" უმასპინძლებს. პორტუგალიელებმა საწყის 2 ტურში ორივე შეხვედრა წააგეს და ფრანგებთან გასამართი მატჩი შეიძლება ბოლო შანსიც კი არის მათთვის, იბრძოლონ პლეი-ოფში გასასვლელად.

"გენკისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება, ალბათ, ძალიან დიდი ინტრიგის მატარებელი ნამდვილად არ გახლავთ. არჩევანიც არ აქვს იურგენ კლოპის გუნდს. ბელგიაში აუცილებლად უნდა მოიგონ, თუ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა სურთ.

ჯგუფის მეორე მატჩი ზალცბურგში გაიმართება. ადგილობრივი "ზალბურგი" "ნაპოლის" შეხვდება. გუნდები შარშანდელ სეზონში, ევროპა ლიგის პლეი-ოფში შეხვდნენ ერთმანეთს. ავსტრიულმა კლუბმა სახლში 3:1 მოიგო, გასვლაზე 0:3 წააგო და ევროტურნირებს დაემშვიდობა. "ზალცბურგს" შეტევაში პრობლემები ნაკლებად აქვს, 2 მატჩში 9 გოლი გაიტანეს. დღესაც, სავარაუდოდ, უხვგოლიანი მატჩი იქნება, რადგან გოლებთან მწყრალად არც "ნაპოლი" გახლავთ.

საინტერესო და დაძაბული მატჩია მოსალოდნელი "ლილისა" და "ვალენსიას" შეხვედრაში. ფრანგებმა 2-ვე მატჩი წააგეს და ეს მათი უკანასკნელი შესაძლებლობაა, შეინარჩუნონ არათუ ჩემპიონთა ლიგის, არამედ ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსი. "ვალენსია" კი, "აიაქსთან" განცდილი მარცხის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში თამაშისთვის იბრძვის და აუცილებლად მოგება სჭირდება.

ბოლო შეხვედრა ჩეხეთში გაიმართება, პრაღის "სლავია" "ბარსელონას" მიიღებს. ძნელი არაა იმის დაწერა, თუ რას უნდა ველოდეთ ამ შეხვედრიდან. პრაღელებმა ბრძოლისუნარიანობით თავი ბევრს მოაწონეს და ლამაზ, კარგ ფეხბურთსაც თამაშობენ. თუმცა, "ბარსა" ზედმეტად მაღალი თამასაა. ვნახოთ, ალბათ, გოლის გატანითაც ჩეხი ფეხბურთელები კმაყოფილები უნდა დარჩნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული