ჩემპიონთა ლიგა. IV ტურის წინ: მთელი ყურადღება დორტმუნდისკენ

AutoSharing Option
დღეს, 5 ნოემბერს, ევროპის 8 ქალაქში, სანკტ-პეტერბურგიდან დაწყებული, ვალენსიით დამთავრებული, ჩემპიონთა ლიგის მატჩები გაიმართება.

დღევანდელი მატჩებიდან მხოლოდ 1 მერვედფინალისტი შეიძლება გაირკვეს და ეს "ნაპოლი" შეიძლება იყოს, იმ შემთხვევაში, თუ "გენკი" "ლივერპულს" ვერ მოუგებს.

სხვა ჯგუფებში დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს და განსაკუთრებით საინტერესო მატჩი დორტმუნდში გველოდება, სადაც ადგილობრივი "ბორუსია" მილანის "ინტერს" უმასპინძლებს.

"ბორუსია" - "ინტერი"

ეს გუნდები გასულ ტურში ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და გამარჯვება "ინტერმა" მოიპოვა - 2:0. ამ ეტაპისთვის ორივე კლუბს 4-4 ქულა აქვს, თუმცა მეორე ადგილზე "ინტერია" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო.
თუმცა იტალიელებს ბურთების სხვაობაც უკეთესი აქვთ.

  • "ბორუსია"
დორტმუნდელებმა ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში "ვოლფსბურგს" 3:0 მოუგეს და მეორე ადგილზე არიან. დღევანდელ მატჩში კი, შესაძლოა, გუნდის ლიდერი და კაპიტანი მარკო როისი დააკლდეთ, რომელმაც სწორედ "ვოლფსბურგთან" მატჩში მიიღო ტრავმა. სხვა მხრივ, გერმანელებს საკადრო პრობლემები არ ექნებათ. აღსანიშნავია, რომ გუნდს პაკო ალკასერი დაუბრუნდა.

  • "ინტერი"
მილანელებმა სერია A-ში ბოლო ორი მატჩი მოიგეს და "იუვენტუსს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან. ანტონიო კონტემ საკმაოდ ძლიერი და მშრომელი კოლექტივი შეკრა. დღევანდელ მატჩში არწაგებით 1/8-ფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ. გუნდს ალექსის სანჩესი, კვადვო ასამოა, დანილო დ'ამბროზიო და რობერტო გალიარდინი დააკლდება.

სავარაუდო შემადგენლობები
"ბორუსია": ბურკი, პისჩეკი, ჰუმელსი, აკანჯი, ჰაკიმი, ვიტსელი, დილეინი, სანჩო, გიოტცე, ბრანდტი, ალკასერი

"ინტერი": ჰანდანოვიჩი, გოდინი, დე ვრეი, სკრინიარი, კანდრევა, ბარელა, ბროზოვიჩი, სენსი, ბირაგი, ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი

შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა მატჩები

F ჯგუფის მეორე მატჩში "ბარსელონა" პრაღის "სლავიას" მიიღებს. პრაღელებს მხოლოდ 1 ქულა აქვთ, თუმცა ეს მათი თამაშის ხარისხს არ შეესაბამება. "ბორუსიასთან" და "ბარსელონასთან" საკუთარ კედლებში გამართული მატჩები დათმეს, თუმცა უამრავი მომენტი შექმნეს და ძალიან ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს. ვნახოთ, თუ გამოუვათ იგივე "ნოუ კამპზე". ეს მატჩი თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება.

მეორე ადრეული მატჩი სანკტ-პეტერბურგში გაიმართება. G ჯგუფის მატჩში "ზენიტი" "ლაიპციგს" უმასპინძლებს. გერმანელები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობენ, 4 ქულა აქვს "ზენიტს". წინა ტურში რუსებმა "ლაიპციგთან" გასვლაზე 1:2 წააგეს და სახლში აუცილებლად მოსაგებად ითამაშებენ.

G ჯგუფის მეორე მატჩში "ლიონი" "ბენფიკას" საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. "ბენფიკამ" წინა ტურში "ლიონის დამარცხებით წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულები მოიპოვა. "ლიონს" 4 ქულა აქვს. ამ ჯგუფში ყველა გუნდი მოსაგებად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იბრძვის.

შედარებით უინტრიგო მატჩები გაიმართება E ჯგუფში. "ლივერპული" "გენკს" მიიღებს, ხოლო "ნაპოლი" - "ზალცბურგს". როგორც ზევით აღვნიშნეთ, თუ "ნაპოლი" გაიმარჯვებს, ხოლო "გენკი" "ლივერპულს" ვერ მოუგებს, ნეაპოლური კლუბი პირველი 1/8-ფინალისტი გახდება.

საკმაოდ საინტერესო მატჩები გველოდება H ჯგუფში. "ჩელსი" "სტემფორდ ბრიჯზე" "აიაქსს" დაუხვდება, ხოლო "ვალენსია" "ლილს" მიიღებს. ამ დროისთვის პირველ ადგილზე "ჩელსი" არის 6 ქულით, თუმცა ქულების ანალოგიური რაოდენობა აქვს "აიაქსსაც". "ვალენსია" 4 ქულით მესამეა, ხოლო ბოლოზე "ლილია" 1 მოპოვებული ქულით. შედეგების მიუხედავად, ჯგუფში ინტრიგა მაინც შენარჩუნდება, რადგან შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს ყველა გუნდი ინარჩუნებს.

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური
ბარსელონა-სლავია 21:55
ზენიტი-ლაიპციგი 21:55
ჩელსი-აიაქსი 00:00
დორტმუნდი-ინტერი 00:00
ლივერპული-გენკი 00:00
ლიონი-ბენფიკა 00:00
ნაპოლი-ზალცბურგი 00:00
ვალენსია-ლილი 00:00
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანალიზიც მოსაწონია და წყვილების გამოქვეყნებაც მატჩების დაწყების დროის ჩვენებით, ხშირად მომხდარა, რომ ახალ დროზე ახლად გადასვლის პერიოდში გულშემატკივარს ეშლება მითითებული თამაშის დაწყების საათი რომელ დღეს განეკუთვნება. თუ არ მოიშველიებს იმ აქსიომას, რომ თამაშები სამშაბათს და ოთხშაბათს ტარდება.ასე, რომ შეიძლება საშუალო დონის გულშემატკივარს მატჩები გამოეპაროს
ნუგზარი
19:24 05-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული