5 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის პირველი სათამაშო დღის პირველი ორი მატჩი ჩატარდა.
ლა ლიგაში "ლევანტესთან" 1:3 წაგების შემდეგ "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სლავიას" ვერ მოუგო და ფრედ, 0:0 ითამაშა, რომელსაც სტუმრად ძლივს სძლია (2:1).
პრაღულმა გუნდმა ისევ კარგად ითამაშა "ბარსასთან". მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კოლარჟი და მიღწეული ფრე დიდწილად მისი დამსახურებაა. მან სემედოს, რობერტოს და სამჯერ მესის დარტყმული ბურთები მოიგერია, ხოლო ერთხელ მესიმ ბურთი ძელს გაარტყა.
"ბარსელონამ" თებერვლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა სახლში გოლის გატანა.
მასპინძელთა გუნდის მცველმა ჟერარდ პიკემ
ტურნირზე მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ ტურში "დორტმუნდთან" ვერ ითამაშებს.
ტურნირზე "ბარსა" სახლში ბოლო 34 მატჩში დაუმარცხებელია.
"სლავია" პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "კამპ ნოუზე" ბოლო 7 წელიწადში გოლი არ გაუშვა.
F ჯგუფი
ბარსელონა. "ნოუ კამპი". 67 023 მაყურებელი
ბარსელონა - სლავია 0:0
"ლაიპციგმა" პეტერბურგში, "გაზპრომ არენაზე" "ზენიტს" 2:0 მოუგო.
მე-12 წუთზე სტუმართა გუნდის მცველ ჰალსტენბერგის გოლი მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ ჩაუთვალა, რადგან იქამდე ბურთი ხელზე ნახევარმცველ ნკუნკუს მოხვდა. თუმცა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ "ლაიპციგის" ნახევარმცველმა დემემ მაინც გახსნა ანგარიში. "ზენიტმა" ზედიზედ მეორე მატჩში გაუშვა გოლი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში.
63-ე წუთზე ზაბიტცერი მეკარესთან პირისპირ გავიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
G ჯგუფი
პეტერბურგი. "გაზპრომ არენა". 50 452 მაყურებელი
ზენიტი - ლაიპციგი 0:2
გოლები: 0:1 დემე (45), 0:2 ზაბიტცერი (63)