დღეს, 19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების მეორე დღის მატჩები გაიმართება. პირველი დღის კაშკაშა წყვილებიდან განსხვავებით, დღეს ლიგის ჰიმნი უფრო მოკრძალებულ არენებზე ჩაირთვება. საოცრად ლამაზად მოთამაშე "ატალანტა" ბერგამოში "ვალენსიას" მიიღებს, ხოლო "ტოტენჰემ ჰოთსპური" კი "ლაიპციგს" უმასპინძლებს.
"ატალანტა" - "ვალენსია"
გასაკვირი არ იქნება, თუ დავწერთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ოფიციალურ თამაშებში არასდროს შეხვედრიან. მხოლოდ 1 ამხანაგური მატჩი აქვთ გამართული 2017 წელს და ის შეხვედრა იტალიელებმა მოიგეს - 2:1. თუ "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალს 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, "ატალანტასთვის" მიმდინარე ტურნირი სადებიუტოა და
ბუნებრივია, პლეი-ოფშიც პირველად თამაშობს.
ატალანტა
ბერგამოული კლუბი მართლაც ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. მიმდინარე სეზონში გასპერინის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთხელ, 3 ნოემბერს, "კალიარისთან" გამართულ შეხვედრაში ვერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება და სერია A-ში გატანილი გოლებით ლიდერები არიან.
სადებიუტო სეზონი "ატალანტამ" ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად დაიწყო და ზედიზედ 3 მატჩი ("დინამო ზგ" 0:4, "შახტარი" 1:2, "სიტი" 1:5) წააგო. თუმცა, 1/8-ფინალში გასვლა მაინც მოახერხეს. ბერგამოელებს იტალიის ჩემპიონატშიც ნორმალურად მისდით საქმეები, მე-4 ადგილზე არიან 45 ქულით და მე-5-ზე მყოფ "რომას" 6 ქულით უსწრებენ.
სავარაუდო შემადგენლობა:
გოლინი, ტოლოი, პალომინო, ჯიმსიტი, ჰეითბოერი, დე როონი, ფროილერი, გოსენსი, პაშალიჩი, გომესი, ილიჩიჩი
ვალენსია
"მელიებმა" საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლების მოპოვება და უშანსოდ არც "ატალანტასთანაა". "ვალენიას" დაცვა გაუვალი ნამდვილად არაა, მიმდინარე სეზონში გასვლაზე ჩატარებულ მატჩებში მხოლოდ 3-ჯერ არ გაუშვეს გოლი და აქედან 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე. აღსანიშნავია, რომ ეს სამივე შეხვედრა "ვალენსიამ" მოიგო.
მართალია, ლა ლიგაში მე-7 ადგილზე არიან, თუმცა მე-3-ზე მყოფ "ხეტაფეს" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან. უკანასკნელ ტურში "ატლეტიკოსთან" ფრედ ითამაშეს - 2:2.
სავარაუდო შემადგენლობა
დომენეკი, გაია, დიახაბი, მანგალა, ვასი, პარეხო, კოდოგბია, სოლერი, გუედეში, მაქსი გომესი
"ტოტენჰემი" - "ლაიპციგი"
"ლაიპციგი", არსებობის 10-წლიან ისტორიაში, არასოდეს შეხვედრია "ტოტენჰემ ჰოთსპურს". გერმანელები ჩემპიონთა ლიგაზე მეორე სეზონს ატარებენ და პირველად გავიდნენ 1/8-ფინალში. "ტოტენჰემი" კი ლიგის შარშანდელი ფინალისტია, თუმცა წელს იმავე მიღწევის გამეორება ნამდვილად გაუჭირდება.
ტოტენჰემი
"წუწუნა" მოურინიოს ნამდვილად აქვს წუწუნის საფუძველი, რადგან, მისივე განცხადებით, ადრე თავდამსხმელი სათადარიგოთა სკამზე არ ჰყავდა, ჰენ მინ სონის ტრავმის შემდეგ კი არც მოედანზე ჰყავს.
ლონდონელებს 7 მატჩია არ წაუგიათ და სერიის გაგრძელებას აუცილებლად ეცდებიან, თუმცა ადვილი ნამდვილად არ იქნება. დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაში ძალიან ცოტა გატანილ გოლს ვიხილავთ და "ტოტენჰემიც" ორიენტირებული კარის მშრალად შენახვაზე იქნება.
სავარაუდო შემადგენლობა
ლორისი, ორიე, სანჩესი, ალდერვაირელდი, ტანგანგა, უინკსი, ნდომბელე, ბერგვინი, ალი, ლო სელსო, ლუკას მოურა
ლაიპციგი
გერმანული კლუბი, მოკლე ისტორიის მანძილზე, წელს პირველად გავიდა 1/8-ფინალში და უშანსოდ ნამდვილად არ არის. "ლაიპციგს" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ან ორი გოლი (5 მატჩში) გააქვს, ან საერთოდ ვერა (1 მატჩში). 2 გოლის გატანზე მეტად სავარაუდო საერთოდ ვერგატანაა, თუმცა არც ტრადიციის დარღვევა უნდა გამოვრიცხოთ.
სავარაუდო შემადგენლობა
გულასკი, მუკიელე, კლოსტერმანი, ჰალსტენბერგი, ანჟელინიო, ლაიმერი, ჰაიდარა, ფორსბერგი, საბიცერი, ვერნერი, შიკი
ორივე მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
აქვე შესაბამისი ლექსი, რომელიც ლაიპციგს დავუწერე:
გუშინ საათი ვიყიდე, გავუყარე მაჯა
ჯიმი ჯიმი ჯიმი, აჯა აჯა აჯა