ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: შარშანდელი გამარჯვებული ტურნირს გამოეთიშა - პსჟ მეოთხე ცდიდან გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
11 მარტს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ორი 1/8-ფინალური მატჩი გაიმართა და კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ტურნირს შარშანდელი ფინალისტები "ლივერპული" და "ტოტენჰემი" გამოეთიშნენ - ასეთი რამ ბოლოს 13 წლის წინ მოხდა.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ტურნირს დაემშვიდობა


სტუმრად 0:1 დამარცხების შემდეგ "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ მატჩებს მარტო ფეხბურთელები კი არა, არამედ გულშემატკივრებიც აგებენ და მათ კვლავ აქტიური მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. პირველ ტაიმში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ობლაკი. მაინც
გაიტანა "წითლებმა" - თავურით მადრიდელთა კარი ვეინალდუმმა დალაშქრა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, "ლივერპული" უტევდა, "ატლეტიკო" კი იშვიათი კონტრიერიშებით პასუხობდა. ისევ ყოჩაღობდა ობლაკი. მერე რობერტსონმა ბურთი თავით ხარიხას გაარტყა. მოკლედ, "როხიბლანკომ" გაუძლო და დამატებითი დრო დაინიშნა.

ოვერტაიმში ჯერ ფირმინომ დალაშქრა მადრიდელთა კარი, ხოლო ცოტა ხანში ლორენტემ დუბლი შეასრულა. შეცვლაზე შესულმა მორატამ ბოლოს მესამედ დაამწუხრა ადრიანი და შემდეგ ეტაპზე "ატლეტიკო" გავიდა.

"ატლეტიკოს" სასტარტოში იყო თავდამსხმელი დიეგო კოშტა, რომელიც მწვრთნელმა სიმეონემ 55-ე წუთზე შეცვალა და ძალიან უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - ბოლოს ის ძირითად შემადგენლობაში ნოემბერში დააყენეს.

კლოპის ხელმძღვანელობით, მერსისაიდული გუნდი პირველად ვერ გავიდა ფინალში - წინა ორ სეზონში გადამწყვეტ შეხვედრაში იასპარეზა.

ვეინალდუმმა ტურნირზე მე-5 გოლი გაიტანა, მათ შორის 4 პლეი-ოფში.

altკლოპი: "ატლეტიკოს" შეეძლო ნამდვილი ფეხბურთი ეთამაშა

 

altსიმეონე: ობლაკი ჩვენთვის იგივეა, რაც მესი "ბარსელონასთვის"


ლივერპული."ენფილდი". 52 267 მაყურებელი

ლივერპული - ატლეტიკო 2:3 (პირველი მატჩი 0:1)

გოლები: 1:0 ვეინალდუმი (43), 2:0 ფირმინო (94), 2:1 ლორენტე (97), 2:2 ლორენტე (105), 2:3 მორატა (120+1)

პსჟ-მა "დორტმუნდს" გულშემატკივართა გარეშე სძლია

პსჟ-მა ცარიელ სტადიონზე თავიდანვე შეუტია, ანგარიში კი ნეიმარმა გახსნა, რომლის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრებში 26 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა. მეორე გოლი ბერნატმა ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სარაბიას პასის შემდეგ გაიტანა და ორი შეხვედრის ჯამში პარიზული გუნდი დაწინაურდა. უნდა აღინიშნოს, რომ "პარი სენ ჟერმენი" ორჯერ გადაარჩინა მეკარე ნავასმა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დი მარიას გოლის გატანა ბიურკიმ არ დაანება. აქედან მოყოლებული, "დორტმუნდი" უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მომენტი ვერ შექმნა. ბოლოს ნეიმართან უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით ჯანიც გააძევეს, ყველაფერი დასრულდა და პსჟ მეექვსედ გავიდა მეოთხედფინალში, რაც საფრანგეთის რეკორდია.

პსჟ-ის 32 წლის ნახევარმცველმა დი მარიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 24 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ტოპ 5-ის ლიგებში საუკეთესო შედეგია. არგენტინელმა 79-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

"დორტმუნდის" ნაქებმა ფორვარდმა ჰოლანმა, რომელმაც პირველ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად თავი ვერაფრით გამოიჩინა.

პსჟ-მა ტურნირზე 1/8-ფინალიდან გამოვარდნის სამსეზონიანი სერია შეწყვიტა.


პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - დორტმუნდი 2:0 (პირველი მატჩი 1:2)
გოლები: 1:0 ნეიმარი (28), 2:0 ბერნატი (45+1)
გაძევება: ჯანი (89, დორტმუნდი)


მკითხველის კომენტარები / 12 /
გუშინ რაც იყო და მოხდა გასაგებია, ვულოცავთ სიმეონეს და ატლეტიკოს. მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს და თქვენ როგორ გგონიათ მაინტერესებს: ჯგუფურ ეტაპზე გუნდი რომელიც გადის პირველ ადგილზე ავტომატურად პლეიოფის პირველ თამაშს თამაშობს გასვლაზე და მეორეს სახლში და ეს ითვლება იმის "დამსახურებად" რომ პირველ ადგილზე გავიდა ჯგუფში, ანუ უფრო "პატივშია" რა. არადა რეალურად რა გამოდის, მეორე თამაშში როცა პირველი უკვე ნათამაშები გაქვს, გუნდები უფრო კარგად იცნობენ ერთმანეთს და ა.შ. ხარ შარში, რადგან ერთს გაუშვებ და ორს უდრის ფაქტიურად. ანუ ჯგუფში პირველ აგილზე გასულ გუნდზე ბევრად მეტი წნეხი მოდის, პირველ თამშზე გასვლაზე იძულებულია გაიტანოს რაც შეიძლება მეტი და თან 90 წუთში, თორემ მეორე თამშში მოწინააღმდეგეს ფაქტიურად 120 წუთი აქვს "გასვლაზე" გატანილი გოლის გასატანად. ვიცით რომ ასეა მაგრამ ეს წესი სამართლიანია?
2
ლივერპული უკვე მესამე სეზონია,რაც პიკზეა.ამას ჩემპიონატში რეკორდების გამოდევნებაც დაამატეთ და ფსიქოლოგიურად გადაიღალა გუნდი.ფიზიკურადაც,რა თქმა უნდა,მაგრამ უპირველესად ფსიქოლოგიურად გამოიფიტა.კაი ბატონი,ვთქვათ და აიღო ატლეტიკომ თასი,მადრიდელ გულშემატკივართა გარდა,გაუხარდება ვიმეს მათი გამარჯვება?არა მგონია.ანტიფეხბურთი,არავის მოსწონს.იმედი მაქვს,საბოლოოდ მაინც შემტევი ფეხბურთი გაიმარჯვებს
სოსო
11:49 12-03-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული