სახლში 1:2 წაგების შემდეგ პსჟ ისედაც რთულ მდგომარეობაში იყო და მისი სიტუაცია მბაპეს ტრავმამ კიდევ უფრო გაართულა, რომელიც მწვრთნელმა პოჩეტინიომ განაცხადში კი შეიყვანა, თუმცა ვერ ათამაშა. დებიუტში საჯარიმოში ბურთი მხარზე ზინჩენკოს მოხვდა, მსაჯმა კუიპერსმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ გააუქმა. მალე მარეზმა მასპინძლები დააწინაურა. ამას „პარი სენ ჟერმენის“ იერიშები და მარკინიოსისა და დი მარიას გამოუყენებელი მომენტები მოჰყვა. პირველი ტაიმი „სიტიმ“ მოიგო. პსჟ უხეიროდ ირჯებოდა, ნეიმარი და იკარდი გასაკვირად პასიურები იყვნენ და წარმოუდგენლად მოჩანდა, თუ რის ხარჯზე შეეძლო თამაში შემოეტრიალებინა.
63-ე წუთზე მარეზმა დუბლი შეასრულა და ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა. მარეზმა ტურნირზე ზედიზედ 3 მატჩში გაიტანა და ნავასი ნახევარფინალებში მესამედ დაამწუხრა. შემდეგ მსაჯმა დი მარია ფერნანდინიოსთან უხეშობისათვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, ფოდენმა კი ბურთი ძელს გაარტყა.
მაჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - პსჟ 2:0
გოლები: 1:0 მარეზი (11), 2:0 მარეზი (63)
გაძევება: დი მარია (68)
- ეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გვარდიოლას 63-ე მატჩი იყო და მან ანჩელოტის რეკორდი დაამხო. ამას გარდა, მისმა გაწვრთნილმა გუნდებმა პლეი-ოფში 35 გამარჯვება იზეიმეს, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.
- პსჟ-ს ამ მატჩში მეტოქის კარში არ დაურტყამს.
- რაც ნეიმარი სარეკორდო 222 მილიონად შეიძინა, პსჟ-მა ოთხ სეზონში ფინალს მხოლოდ ერთხელ უწია.
- გვარდიოლასა და პოჩეტინიოს გაწვრთნილი გუნდები ერთმანეთს მეოცედ შეხვდნენ. აშკარა უპირატესობა კატალონიელის მხარესაა - 12 მოგება, 5 ფრე და 3 წაგება.