[PREVIEW] რონალდო და "იუნაიტედი" "ვილიარეალს" მასპინძლობენ, "ბარსელონა" ლისაბონში მოსაგებად ჩადის

AutoSharing Option
დღეს, 29 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის დარჩენილი 8 შეხვედრა გაიმართება.

მიუნხენის "ბაიერნი" - კიევის "დინამო"

E ჯგუფში შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ბაიერნი" კიევის "დინამოს" მასპინძლობს. "რეკორდმაისტერმა" 1-ელ ტურში "ბარსელონა" მისსავე მოედანზე 3:0 დაამარცხა. თავის მხრივ, უკრაინელები "ბენფიკას" დაუზავდნენ.

ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 8-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც გერმანელებმა 5 შეხვედრა მოიგეს, "დინამომ" - 2, 1 მატჩი ფრედ დასრულდა, გოლების შეფარდება 12/9-სთან გახლავთ.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს სვენ ულრაიხი და კორენტინ ტოლისო გამოაკლდებათ. საეჭვოა კინგსლი კომანის თამაშიც. უკრაინელებს არტემ ბასედინი, ვლადისლავ კულაჩი
და ერიკ რამირესი არ ეყოლებათ.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"ბენფიკა" - "ბარსელონა"

E ჯგუფში "ბენფიკა" "ბარსელონას" მასპინძლობს.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთს 7-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 1 შეხვედრა ლისაბონელებმა მოიგეს, 3 მატჩი ფრედ დასრულდა, დარჩენილ 3 შეხვედრაში კი კატალონიელებმა გამარჯვება იზეიმეს. გოლების შეფარდება 4/8-სთან გახლავთ.

პორტუგალიელებს დიეგო გონსალესი და დემანია რადონიჩი გამოაკლდებათ.
"ბლაუგრანას" დანაკლისი დიდია, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" მარტინ ბრაიტვეიტის, უსმან დემბელეს, სერხიო აგუეროს, ხორდი ალბასა და ალეხანდრო ბალდეს გარეშე მოუწევთ მოედანზე გამოსვლა. საეჭვოა პედრის თამაშიც.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვილიარეალი"

F ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვილიარეალს" მასპინძლობს.
1-ელ ტურში "წითელი ეშმაკები" სენსაციურად "იანგ ბოისთან" დამარცხდა. "წყალქვეშა ნავებმა" საკუთარ კედლებში ბერგამოს "ატალანტასთან" 2:2 ითამაშა.
ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ. 4-ივე მატჩი ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ევროპა ლიგის გასულ სეზონში ეს კლუბები ერთმანეთს ფინალში გადაეყარნენ, სადაც გამარჯვება ესპანელებმა მოიპოვეს (1:1, 11:10 პენალტების სერიაში).
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მასპინძლები აარონ ვან ბისაკას, მარკუს რაშფორდისა და ამად დიალოს გარეშე იასპარეზებენ. კითხვის ნიშნის ქვეშაა ლუკ შოუსა და ჰარი მაგუაიერის თამაშიც.
"ვილიარეალს" ხერარდ მორენო არ ეყოლება.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
"ატალანტა" - "იანგ ბოისი"

F ჯგუფში ბერგამოელები საკუთარ მოედანზე "იანგ ბოისს" უმასპინძლებენ.
ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პირველად დაუპირისპირდებიან.
მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში ლუის მურიელი და ჰანს ჰატებორი გამოაკლდებათ, ხოსე ლუის პალომინოს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
შვეიცარიელებს გაცილებით დიდი დანაკლისი აქვთ, მატჩს ფაბიან ლუსტენბერგი, ჯან-პიერე ნსამე, ჯოელ მონტეირო და ნიკო მაიერი გამოტოვებენ. შესაძლოა კრისტიან ფასნახტმაც არ ითამაშოს.
მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.
"ზალცბურგი" - "ლილი"

G ჯგუფში "ზალცბურგი" საკუთარ კედლებში "ლილს" მასპინძლობს.
1-ელ ტურში ორივე გუნდმა ფრედ ითამაშა. აქედან გამომდინარე, ჯგუფში სრული თანაფარდობაა.
ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.
უშუალოდ დღევანდელ მატჩში მასპინძლებს ზლატკო იუნუზოვიჩი, კამილ პიატკოვსკი და უმარ სოლეტი არ ეყოლებათ. მაქსიმილიან ვობერის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონებს ჯონათან ბამბას, რენატო სანჩესისა და ლეო ჟარდიმის გარეშე მოუწევთ თამაში.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"ვოლფსბურგი" - "სევილია"

G ჯგუფში "ვოლფსბურგი" საკუთარ კედლებში "სევილიას" მასპინძლობს.
ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ეს გუნდები თავიანთ ისტორიაში 1-ელ შეხვედრას გამართავენ.
გერმანელებს დღევანდელ შეხვედრაში ჯონ ბრუკსი, ბარტოზ ბიალეკი, პაულო ოტავიო, ხავიერ შლაგერი და ვილიანი გამოაკლდებათ.
ანდალუსიელებს იუსუფ ენ-ნესირი არ ეყოლებათ. შესაძლოა მოედანზე ოლივერ ტორესიც ვერ ვიხილოთ.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
"იუვენტუსი" - "ჩელსი"

დღის ცენტრალური შეხვედრა H ჯგუფში გაიმართება, სადაც "იუვენტუსი" "ჩელსის" მასპინძლობს.
1-ელ ტურში ორივე გრანდმა გამარჯვება მოიპოვა და თანაბარი 3-3 ქულით 1-2 ადგილს ინაწილებენ.
ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, თითო-თითოჯერ კი დიდებულმა კლუბებმა იმარჯვეს. გოლების შეფარდება 7/5-თან გახლავთ.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, "ბიანკონერი" მოედანზე ალვარო მორატასა და პაულო დიბალას გარეშე გამოვა. კითხვის ნიშნის ქვეშაა ადრიან რაბიოს თამაშიც.
ლონდონელებს რის ჯეიმსი და ნგოლო კანტე არ ეყოლებათ. კრისტიან პულიშიჩისა და მეისონ მაუნტის თამაში საეჭვოა.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
"ზენიტი" - "მალმიო"

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" "მალმიოს" მასპინძლობს.
ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ამ გუნდების გზები არასდროს გადაკვეთილა.
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს მაგომედ ოზდოევი და ვიაჩელსავ კარავაევი გამოაკლდებათ. შესაძლოა ამ სიას დეიან ლოვრენიც შეუერთდეს.
გაცილებით დიდი დანაკლისით ითამაშებენ შვედები. მათ ოლე ტოივენის, იონას კნუდსენის, პატრიოტ სეჟდუს, ნიკლას მოისანდერისა და ფელიშ ბეიჟმოს გარეშე მოუწევთ თამაში. კითხვის ნიშნის ქვეშაა ოსკარ ლევიცკის, სორენ რიკსისა და სერხიო პენას თამაშიც.
მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული