კიდევ ერთი ქართველი Ibrox-ზე და ხოჭოლავა "სევილიას" წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პრევიუ

AutoSharing Option
დღეს, 14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მეორე დღის შეხვედრები გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს G ჯგუფის მატჩი, სადაც "დორტმუნდი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. საინტერესო შეხვედრას ველოდებით შოტლანდიაშიც, ხვიჩას "ნაპოლის" "აიბროქსზე" რთული შეხვედრა ელის. 

"მილანი" - ზაგრების "დინამო" (20:45)

E ჯგუფში "მილანი" ზაგრების "დინამოს" უმასპინძლებს. ბოლოს გუნდები ერთმანეთს 22 წლის წინ დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა. პირველ შეხვედრაში "შავ-წითლები" "ზალცბურგს" ესტუმრნენ და ავსტრიაში ფრეს (1:1) დასჯერდნენ. ხორვატულმა გუნდმა კი სენსაცია შემოგვთავაზა და ჯგუფის ფავორიტი ლონდონის "ჩელსი" 1:0 დაამარცხა.

"როსონერის" ზლატან
იბრაჰიმოვიჩი, რადე კრუნიჩი, ანტე რებიჩი, დივოკ ორიჯი და ალესანდრო ფლორენცი დააკლდებიან, "დინამოს" კი - ბოშკო შუტალო და ლუკა მენალო.

დონეცკის "შახტარი" - "სელტიკი" (20:45)

F ჯგუფში "შახტარი" "სელტიკს" დაუპირისპირდება. უკრაინელებმა პირველ ტურში მცირე სენსაცია შემოგვთავაზეს და სტუმრად "ლაიფციგი" 4:1 განადგურეს, რასაც გერმანელთა თავკაცის, დომენიკო ტედესკოს გათავისუფლება მოჰყვა. "სელტიკი" ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან მადრიდის "რეალთან" 0:3 დამარცხდა. ამ ტურნირზე გუნდები ერთმანეთს მეხუთედ ხვდებიან, ურთიერთშეხვედრებში ორივეს 2-2 გამარჯვება აქვს მოპოვებული. 

დღეს "შახტარს" ვიქტორ კორნიენკო ვერ დაეხმარება, საეჭვოა ანდრეი ტოტოვსკის თამაშიც. გლაზგოელთაგან შეხვედრას გამოტოვებენ ჯეიმს მაკარტი და კარლ სტარფელტი.

"ჩელსი" - "ზალცბურგი" (23:00)

E ჯგუფის მორიგ შეხვედრაში ლონდონის "ჩელსი" "ზალცბურგს" უმასპინძლებს. ინგლისელებმა ახალი ჩემპიონთა ლიგის სეზონი მოულოდნელი მარცხით დაიწყეს. თომას ტუხელის გუნდი ზაგრების "დინამოსთან" დამარცხდა, დღეს "არისტოკრატებს" გამარჯვებისკენ ახალი თავკაცი გრემ პოტერი გაუძღვება, "ბრაიტონის" ყოფილი დამრიგებელი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრას გამართავს. რაც შეეხება "ზალცბურგს", ავსტრიულმა გუნდმა პირველ შეხვედრაში "მილანთან" 1 ქულა მოიპოვა.

"ლურჯებს" ტრავმის გამო ნგოლო კანტე ვერ დაეხმარება. საეჭვოა ედუარ მენდის თამაშიც; სტუმრები კი შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდებიან: მამადუ დიამბუ, სეკუ კოიტა, ბრაიან ოკო, კამილ პიატოვსკი, ომარ სოლეტი, სამსონ ტიჯანი და მაქსიმილიან ვობერი დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებენ, ასევე საეჭვოა ლუკა სუჩიჩის თამაშიც.

"კოპენჰაგენი" - "სევილია" (23:00)

G ჯგუფში დათა ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" "სევილიას" დაუპირისპირდება, მასპინძლები პირველ ტურში "დორტმუნდთან" 0:3 განადგურდნენ. მძიმე მარცხი განიცადეს ესპანელებმაც, ხულიენ ლოპეტეგის გუნდმა "მანჩესტერ სიტისგან" 4 უპასუხო ბურთი გაუშვა. გუნდები დღეს ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

დანიელებს აკინკუნმი ამო, კამილ გრაბარა, მარიუშ ოიკონომუ და ანდრეას კორნელიუსი დააკლდებათ, სევილიელებს კი ხესუს კორონა, მარკაო და ოლივერ ტორესი ვერ დაეხმარებიან.

"მანჩესტერ სიტი" - "დორტმუნდი" (23:00)

იმავე G ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა "მანჩესტერ სიტისა" და "დორტმუნდს" შორის გაიმართება. დღეს ერლინ ჰოლანი ყოფილი გუნდის კარის დალაშქვრას ეცდება. ასევე, დიდი ალბათობით, ეს მატჩი გადაწყვეტს ჯგუფის პირველადგილოსნის ბედსაც. "ქალაქელები" და "ყვითლები" ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს მეხუთედ უპირისპირდებიან. წინა მატჩებში ორი გამარჯვება ინგლისელებმა მოიპოვეს, ერთხელ გერმანელებმა გაიმარჯვეს, ერთი შეხვედრაც კი ფრედ დასრულდა. 

პეპ გვარდიოლას გუნდიდან საეჭვოა აიმერიკ ლაპორტისა და კაილ უოკერის თამაში, სტუმრებს კი მაჰმუდ დაჰუდი, სებასტიან ალე და გრეგორ კობელი დააკლდებათ.

"იუვენტუსი" - "ბენფიკა" (23:00)

H ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს "იუვენტუსი" და "ბენფიკა" დაუპირისპირდებიან. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სადებიუტო შეხვედრა "პარი სენ ჟერმენთან" 2:1 დათმო, პორტუგალიელებმა კი ჰაიფას "მაკაბი" 2:0 დაამარცხეს და ჯგუფის სათავეშიც იმყოფებიან. გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

დღეს იტალიელებს ფედერიკო კიეზა, ჟორჟე კაიო, მანუელ ლოკატელი, პოლ პოგბა ადრიენ რაბიო და დაუდა პიტერსი ვერ დაეხმარებიან, "არწივებს" კი ვიქტორ ჟოაო, ლუკას ვერისიმო, მორატო და ტომას ტავარეში გამოაკლდებათ.

ჰაიფას "მაკაბი" - "პარი სენ ჟერმენი" (23:00)

იმავე H ჯგუფში "მაკაბი" ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლებს. პსჟ "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ მორიგი 3 ქულის მოპოვებას ისრაელში შეეცდება. გუნდები ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან.

"მაკაბის" მაჰმუდ ჯაბერი და სუფ პოდგორეანუ დააკლდებათ, ფრანგულ გუნდს კი პრესნელ კიმპემბე, კეილორ ნავასი და რენატო სანჩესი ვერ დაეხმარებიან.

"რეინჯერსი" - "ნაპოლი" (23:00)

A ჯგუფის მეორე შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" შოტლანდიაში "რეინჯერსს" დაუპირისპირდება, "ლივერპულთან" ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ლუჩანო სპალეტის გუნდი ჯგუფის აუტსაიდერს ესტუმრება, შოტლანდიელები პირველ შეხვედრაში "აიაქსთან" 0:4 განადგურდნენ, ახლა კი საშინაო კედლებში პირველი ქულების აღებას გეგმავენ. გუნდები აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

მასპინძლები მატჩს დიდი დანაკლისით ხვდებიან: იანის ჰაჯი, ფილიპ ჰელანდერი, ტომ ლოურენსი, ჯონ მაკლაფინი, ნამდი ოფობო, კემარ რუფი და ჯონ შუტარი დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებენ, იტალიელებს კი ვიქტორ ოსიმენი, ირვინ ლოსანო, ქარიმ ზედადკა და დიეგო დემე დააკლდებათ.

მადრიდის "რეალი" - "ლაიფციგი" (23:00)

F ჯგუფის მორიგ მატჩში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის "რეალი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს. "სამეფო გუნდმა" სეზონი ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად დაიწყო და "სელტიკი" 3:0 გაანადგურა, გერმანელები კი საშინაო კედლებში "შახტართან" 1:4 განადგურდნენ, რის გამოც დომენიკო ტედესკომ თანამდებობა დატოვა. "წითელ ხარებს" მარკო როზე უხელმძღვანელებს. გუნდები დღეს ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

"ბლანკოსს" ქარიმ ბენზემა, ედერსონ მილიტაო და ლუკას ვასკესი ვერ დაეხმარებიან,  "ლაიფციგს" კი ლუკას კლოსტერმანი, დანი ოლმო და კონრად ლაიმერი გამოაკლდებათ.

altმატჩის დღე! კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე და შეტევაში სერიოზული დანაკლისით

altჩემპიონთა ლიგა. II ტური: "ლივერპულმა" "აიაქსი" დაამარცხა და "ნაპოლის" 3 ქულით დაწინაურების შანსი მიეცა - "ბაიერნმა" "ბარსელონას" სძლია [VIDEO]

altსპალეტი: "რეინჯერსთან" "კვარას" დაცვაშიც თავგანწირვა მართებს











მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული