ლა ლიგა. რონალდო ვერ იწყებს, ნეიმარი აღარ არის...

AutoSharing Option
დღეს მადრიდის სატელიტ ქალაქ ლეგანესში სტარტს აიღებს ესპანეთის ჩემპიონატის რიგით 87-ე გათამაშება, რომელიც 2018 წლის 20 მაისამდე გაგრძელდება. წინა 86 გათამაშებიდან 67 "რეალი"-"ბარსელონა"-"ატლეტიკოს" ტრიომ მოიგო (33 - "რეალი", 24 - "ბარსელონა", 10 - "ატლეტიკო"). წლეულსაც ამ სამეულის დავაში ძნელად თუ ვინმე ჩაერევა.

ესპანური ფეხბურთის ელიტას ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდნენ ვალენსიის "ლევანტე" და მადრიდის "ხეტაფე". რაც შეეხება კატალონიურ "ჟირონას", ეს გუნდი ელიტის დებიუტანტია და იქ საკმაოდ საინტერესო პროექტიც წამოიწყეს - ფაქტობრივად, "ჟირონა" "მანჩესტერ სიტის" შვილობილი კლუბია.

ესპანეთში ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ
რეგიონებს და ბარემ ვთქვათ, რომ ლა ლიგაში 4 მადრიდული ("რეალი", "ატლეტიკო", "ლეგანესი", "ხეტაფე"), ამდენივე ბასკური ("ბილბაო", "რეალ სოსიედადი", "ეიბარი", "ალავესი"), 3-3 კატალონიური ("ბარსელონა", "ესპანიოლი", "ჟირონა"), ვალენსიური ("ვალენსია", "ვილიარეალი", "ლევანტე") და ანდალუსიური ("სევილია", "ბეტისი", "მალაგა") კლუბებია, აგრეთვე, ორიც გალისიური კლუბი ("სელტა", "დეპორტივო") და ერთი კანარის კუნძულების წარმომადგენელია ("ლას პალმასი").

* * *
ახალი სტადიონით ხვდება ახალ პირველობას "ატლეტიკო" - ძველი "ვისენტე კალდერონის" ნაცვლად დიეგო სიმეონეს გუნდი საშინაო მატჩებს ახალთახალ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩაატარებს. სტადიონი ახალი შენდება, მაგრამ მის ადგილზე, მადრიდის აღმოსავლეთ გარეუბანში, სტადიონი 1990 წლიდან ფუნქციონირებდა. ის მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ააშენეს (მადრიდმა მასპინძლობის უფლება ვერ მიიღო), ხოლო 2004 წლიდან სტადიონი მიტოვებული იყო.

1996 წელს ამ სტადიონზე "ატლეტიკომ" სუპერთასის მატჩი მოუგო "ბარსელონას" - 3:1. რა თქმა უნდა, ესპანელი მშენებლები დროში ვერ ჩაეტივნენ, ამიტომ სტადიონი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, "ატლეტიკო" კი საწყის ტურებს ამის გამო სტუმრად ჩაატარებს.

სტადიონი არა, მაგრამ სტადიონის დასახელება შეიცვალა "დეპორტივომ" - სპონსორული შეთანხმების წყალობით, ამიერიდან მას "აბანკა-რიასორი" ეწოდება. ხოლო ელიტაში გადასვლის შემდეგ "ჟირონამ" საკუთარი სტადიონის, "ესტადი მონტილივის" ტევადობა 13,5 ათასამდე გაზარდა. ასე რომ, კატალონიური არენა ლა ლიგაში ორი გუნდის სტადიონის ტევადობას უსწრებს: "ლეგანესისა" (10,9 ათასი) და "ეიბარისას" (7 ათასი).

* * *
მთავარი სამწვრთნელო ცვლილება ლა ლიგაში უთუოდ, ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონაში" დანიშვნაა. "ბილბაოს" სიმპათიური გუნდის ექსთავკაცს, გაგიკვირდებათ და, მძიმე მემკვიდრეობა დახვდა "ბარსელონაში" და ახლა ბასკი სპეციალისტის მარიფათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

"ბილბაო" ხოსე ანხელ ("კუკო") სიგანდამ ჩაიბარა, "ლას პალმასის" თავკაცმა კიკე სეტიენმა - "ბეტისი", "სელტას" თავკაცმა ედუარდო ბერიცომ - "სევილია"; "ვალენსიაში" მარსელინო მივიდა, "სელტაში" ვაკანტური ადგილი ხუან კარლოს უნსუეს შეხვდა, მაურისიო პელეგრინო "ალავესიდან" "საუთჰემპტონში" წავიდა, ბასკურ კლუბში კი პელეგრინო თანამემამულე ლუის ზუბელდიამ შეცვალა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ბასკური ფესვები აქვს.

"ლას პალმასი" უცნობმა მწვრთნელმა მანოლო მარკესმა ჩაიბარა. 12 კლუბში ისევ ის მწვრთნელი რჩება, ვინც შარშანდელ ლა ლიგაში მოღვაწეობდა - ზინედინ ზიდანმა ახლახან ახალი კონტრაქტი გააფორმა "რეალთან", იგივე გააკეთა ცოტა უფრო ადრე "ატლეტიკოს" არგენტინელმა თავკაცმა დიეგო სიმეონემ.

* * *
საზაფხულო ტრანსფერები ჯერაც გახურებულია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ წუთისთვის ვერ ვიტყვით, რომ სამი გრანდიდან რომელიმე გაძლიერდა, პირიქით - კი ბატონო.

"ბარსელონას" დიდი დარტყმა მიაყენა ნეიმარის წასვლამ. ამან გუნდური სული შეარყია კატალონიურ გრანდში. სამაგიეროდ, კლუბის განკარგულებაში 222 მილიონი ევროა, რომელთაგანაც 40 მილიონი "ბარსამ" უკვე დახარჯა ბრაზილიელ პაულინიოში. დიდი ალბათობით, ჟოზეპ მარია ბარტომეუ ორ-სამ ხმაურიან ტრანსფერს განახორციელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ბარსა" "რეალთან" კონკურენციაში აუტსაიდერად მოჩანს.

რაც შეეხება თავად ჩემპიონს, გუნდს თითქოს არაფერი აკლია და საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ გაძლიერება ასეთი დონის კლუბებსაც სჭირდებათ. დანი სებალიოსი და ტეო ერნანდესი მომავალზე გათვლით არიან გუნდის მიერ შეძენილნი. სამაგიეროდ, "რეალი" ხამესს, პეპეს, მორატასა და დანილოს შეელია.

"ატლეტიკოს" გაძლიერება კი ობიექტური მიზეზებით არ გამოუვიდოდა - კლუბს ფიფას სანქცია ადევს. დიეგო სიმეონესთვის ისიც დიდი მიღწევაა, რომ გუნდმა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და ახალ სეზონში კვლავ კონკურენტუნარიანი იქნება.

* * *
რას ველით I ტურისგან - ჩემპიონი "რეალი" გალისიაში "დეპორტივოს" სტუმრობს, "ბარსა" კიკე სეტიენის ახალ გუნდს, "ბეტისს" მასპინძლობს, "ატლეტიკო" კი ელიტის დებიუტანტ "ჟირონას" ესტუმრება. პირველ ტურს ვინ ჩივის, კრიშტიანო რონალდო საწყის 4 მატჩს გამოტოვებს და მას კარგა ხანი ვერ ვნახავთ საქმეში.

ასე ძვირი დაუჯდა "რეალის" პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს სუპერთასის პირველ მატჩში მსაჯისთვის ხელის კვრა. რონალდოს მსგავსად, დისკვალიფიკაციის გამო I ტურს გამოტოვებენ: ბაკამბუ (ვილიარეალი), სამუ კასტილიეხო (ვილიარეალი), ერნანი (ლას პალმასი), ჩოლაქი (დეპორტივო), ესკალანტე (ეიბარი), გოდინი და ტომასი (ატლეტიკო).

ლა ლიგა. I ტური
პარასკევი. 18 აგვისტო
ლეგანესი-ალავესი 22:15
ვალენსია-ლას პალმასი 00:15
შაბათი. 19 აგვისტო
სელტა-სოსიედადი 20:15
ჟირონა-ატლეტიკო 22:15
სევილია-ესპანიოლი 00:15
კვირა. 20 აგვისტო
ბილბაო-ხეტაფე 20:15
ბარსელონა-ბეტისი 22:15
დეპორტივო-რეალი 00:15
ორშაბათი. 21 აგვისტო
ლევანტე-ვილიარეალი 22:15
მალაგა-ეიბარი 00:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული