"ბარსელონა" - საქმე არც ისე ცუდადაა...

AutoSharing Option
ლეო მესის "ძელების ჰეთ-თრიკი" გამოუვიდა (ბოლო დეკადაში პირველად ერთმა მოთამაშემ მატჩში სამჯერ გაარტყა ბურთი ძელებს), თუმცა ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, ხოლო ერნესტო ვალვერდემ ლა ლიგაში ბარსელონური დებიუტი "ბეტისის" დამარცხებით (2:0) აღნიშნა. როგორი იყო "ბარსა" I ტურში ნეიმარის გარეშე?

"ბარსელონას" MSN თვალსა და ხელს შუა დაეშალა - თუკი ლუის სუარესი რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება გუნდს, ნეიმარი უკვე სხვა გუნდის ფანებს ახარებს. ერნესტო ვალვერდემ, პირველ რიგში, კატალონიური გრანდის თამაში შეტევაში უნდა დაალაგოს. სუპერკოპას პირველ თამაშში ბასკმა "ბარსასთვის" კლასიკად ქცეულ 4-3-3-ს მიმართა, მაგრამ
"რეალთან" 1:3 დამარცხდა და ცვლილებებზეც დაფიქრდა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონამ" თამაში 3-5-2 ტაქტიკური სქემით დაიწყო და 4-4-2-ით დაასრულა. არც ერთმა ვარიანტმა შედეგი არ მოიტანა...

მესამე თამაშისთვის ვალვერდემ მიაგნო ლეო მესისთვის ყველაზე უპრიან პოზიციას (ამ სიტუაციაში) და არგენტინელი მისთვის კარგად ნაცნობი "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე დააბრუნა. მოკლედ, ვალვერდემ "ბეტისთან" თამაში 4-2-3-1-ით დაიწყო. შესაძლოა, ეს მეტოქის სისუსტის ბრალია (აბა, სად "რეალი" და სად "ბეტისი"?), მაგრამ ფაქტია, მოთამაშეებმა ამ განლაგებით გაცილებით უკეთ ითამაშეს და მოედანზე თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობდნენ. მესი პეპის ეპოქაში ძირითადად ასე თამაშობდა და ის "ბეტისთანაც" მწვავე იყო (არ დაგვავიწყდეს სამი ძელი).

მესი "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე მოქმედებდა, ხოლო ფლანგებიდან მას ჟერარდ დეულოფეუ და პაკო ალკასერი ეხმარებოდნენ, პლეიმეიქერობა კი... სერხი რობერტომ იტვირთა. სერხი რობერტოს ასაკი და გამოცდილება ემატება და იგი ახლაც ითხოვს, რომ შუა ხაზში ათამაშონ. მან თავი კარგად გაართვა ამოცანას, მაგრამ ნახევარდაცვაში არც ისე იოლი კონკურენცია ელის. სხვას რომ თავი დავანებოთ, ანდრეს ინიესტა გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიშიც დაიწყო.

"ბეტისთან" მეკარესა და დაცვის კვარტეტს პრობლემები არ ჰქონია. სერხი რობერტო ერთ-ერთი საუკეთესო იყო (ალბათ, მესის შემდეგ). კარგი იყო დეულოფეუც, აი, ალკასერი კი... ის სასტარტო 11-ეულის ყველაზე ცუდი ფეხბურთელი იყო. თუმცა ვალვერდეს შეუძლია მშვიდად იყოს, ინიესტას დაბრუნებასთან ერთად, მალე პაულინიოც ათამაშდება. არ დაგვავიწყდეს, რომ უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს კვლავ აკავშირებენ ესპანურ გრანდთან... "ნეიმარის წასვლის შემდეგ "ბარსელონამ" შეტევაში სიღრმე დაკარგა და ეს აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ", - ამბობს ვალვერდე.

Whoscored.com-ის საუკეთესო ხუთეული "ბეტისთან" მატჩში: მესი - 8,4 ბალი; რობერტო - 7,5; რაკიტიჩი - 7,4; დეულოფეუ - 7,3; ბუსკეტსი - 7,2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული