ლა ლიგა. IV ტური: "ვანდა" გრიზმანმა გახსნა, "რეალი" პელეს "სანტოსს" გაუტოლდა [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის მთავარი მოვლენა ლა ლიგის ოჯახში ახალი წევრის შემატებაა - რა თქმა უნდა, 68-ათასიან "ვანდა მეტროპოლიტანოს" ვგულისხმობთ, სადაც "ატლეტიკომ" ისტორიაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა.

ატლეტიკო-მალაგა
რომ არა სტადიონის გახსნა, ამ მატჩის გამორჩევა არც მოგვაფიქრდებოდა, ისეთ მდგომარეობაშია "მალაგა", მაგრამ შაბათს ახალთახალი სტადიონი ზარზეიმით გაიხსნა და... კინაღამ დიეგო სიმეონეს გუნდს ფეხი დაუცდა.

ანტუან გრიზმანმა გამარჯვების გოლი მისი პირველი დარტყმით გაიტანა ანდალუსიელთა კარში, მანამდე კი მას ბურთი ყველაზე იშვიათად მისდიოდა მოედანზე მყოფ 22 ფეხბურთელს შორის, ხოლო პირველ ტაიმში ერთადერთი საგოლე მომენტი სტუმარ ბორხა ბასტონს
ჰქონდა.

"ძალიან მოხარული ვარ გამარჯვების გამო. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მე გავიტანე პირველი გოლი ახალ სტადიონზე. იმედია, აქ კიდევ ბევრი გამარჯვების მომსწრე გავხდები. ბიჭები ძალიან ვნერვიულობდით პირველი მატჩის გამო. ეს საუკეთესო სტადიონია, სადაც მითამაშია", - განაცხადა მატჩის გმირმა. "გრიზმანი ისევ ხდება "ატლეტიკოს" ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. ეს იყო შესანიშნავი გოლი", - კმაყოფილია დიეგო სიმეონე.

სხვათა შორის, "ვანდაზე" ანშლაგი არ ყოფილა - სულ 63 114 ბილეთი გაიყიდა.

ფაქტები
  • გაბიმ "მალაგასთან" 96 ზუსტი პასი გააკეთა. ეს მისთვის ლა ლიგაში საუკეთესო შედეგია.
  • 65,7% - 2017 წელს "ატლეტიკოს" ასეთი მაღალი ბურთის ფლობის პროცენტი არასოდეს ჰქონია.
  • ანტუან გრიზმანმა "ვანდა მეტროპოლიტანოზე" პირველი გოლი გაიტანა მისი პირველივე დარტყმით.
  • "ატლეტიკომ" ვერ შეძლო პირველი მატჩის მოგება ვერც "მეტროპოლიტანოზე" (1929) და ვერც "კალდერონზე" (1966), მაგრამ მოახერხა "ვანდაზე" (2017).

ხეტაფე-ბარსელონა
როგორც წესი, თუ "ბარსელონა" სტუმრად პირველ ტაიმს აგებს, იმ თამაშის შემოტრიალებას კატალონიური კლუბი ვეღარ ახერხებს, თუმცა ერნესტო ვალვერდეს შეცვლებმა გაამართლა და "ბარსამ" იაპონელი გეკო შიბასაკის გოლს დენის სუარესისა და ახალწვეული პაულინიოს გოლებით უპასუხა - "ბარსელონა" კვლავ ქულათა დაუკარგავად ასპარეზობს ლა ლიგაში.

ცუდი კი ის არის, რომ პირველ ტაიმში მსოფლიოს ნომერ მეორე ძვირად ღირებულმა ფეხბურთელმა (სანამ მბაპეს ტრანსფერი იჯარად ითვლება) უსმან დემბელემ მუხლის ხრტილები დაიზიანა და 20 წლის ფრანგი დაახლოებით 3,5-4 თვით დააკლდება გუნდს.

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ ეს შემოტრიალება კიდევ უფრო გაგვაძლიერებს, ბიჭები დაიჯერებენ, რომ ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეუძლიათ. ამ მატჩმა დაამტკიცა, რომ სკამზე გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც რეალური დახმარება შეუძლიათ. დღეს პრობლემები გარკვეულწილად, ცუდი მინდვრის საფარის გამო გვქონდა".

ფაქტები
  • გეკუ შიბასაკი მეორე იაპონელია, რომელმაც "ბარსელონას" გოლი გაუტანა ლა ლიგაში 1998/99 წლების სეზონის შემდეგ პირველი ინუი იყო.
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 3 გოლი იაპონელი ფეხბურთელებისგან გაუშვა (ინუი - 2, შიბასაკი - 1).
  • "როდრიგომ" 11 გოლი გაიტანა ლა ლიგაში "ვალენსიას" მაისურით 11 სხვადასხვა გუნდის კარში.
  • პაულინიომ "ბარსას" მაისურით გაიტანა კარში პირველივე ზუსტი დარტყმით.
  • "ხეტაფე" ერთადერთი გუნდია, რომელსაც დენის სუარესმა გაუტანა, როგორც "ვილიარეალის" მაისურით, ასევე "ბარსელონის".

სოსიედადი-რეალი
"რეალ სოსიედადი" აღარ არის ქულადაუკარგავი - "სამეფო კლუბმა" სან-სებასტიანში 3:1 იმარჯვა და ამით უნებურად "ბარსელონა" ერთპიროვნული ლიდერი გახადა. "სამეფო კლუბს" არ ჰყავდა ოპტიმალური შემადგენლობა, დისკვალიფიკაციის ბოლო ვადას იხდიდა კრიშტიანო რონალდოც, თუმცა ბასკების დასამარცხებლად ბორხა მაიორალისა და გარეთ ბეილის გოლებიც (ერთი ავტოგოლი იყო) საკმარისი აღმოჩნდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოლი ბეილისთვის, რადგან მას ბოლო დროს "სამეფო კლუბის" ტორსიდა უსტვენდა ცუდი თამაშის გამო.

ფაქტები
  • "სამეფო კლუბმა" ლა ლიგაში ზედიზედ 11 საგარეო მატჩი მოიგო. ეს "რეალის" საუკეთესო შედეგია.
  • გარეთ ბეილმა 6 გოლი გაიტანა "ანოეტაზე", რაც ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია სტუმარი გუნდის ფეხბურთელისთვის.
  • ბორხა მაიორალმა (რეალი) 9 შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა "სამეფო კლუბის" მაისურით.
  • კევინ როდრიგეში (რეალ სოსიედადი) ამ სეზონში პირველი ფეხბურთელია, ვინც ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და ავტოგოლიც.
  • "რეალმა" გოლის გატანა ზედიზედ 73 მატჩში შეძლო. ამით პელეს "სანტოსის" რეკორდი გაიმეორა (1961-63).

სხვა ფაქტები
  • პეპე მელს (დეპორტივო) არასოდეს მოუგია მისი ყოფილი კლუბის, "ბეტისის" წინააღმდეგ - 2 ფრე, 1 წაგება.
  • ანდრეს გუარდადომ (ბეტისი) ამ სეზონში 3 საგოლე პასი მიითვალა, რაც ნახევარმცველებში საუკეთესო მაჩვენებელია.
  • ხოაკინ სანჩესმა ლა ლიგაში "ბეტისის" მაისურით დუბლი 4 549 დღის შემდეგ შეასრულა.
  • დანი პარეხომ (ვალენსია) ლა ლიგაში 250-ე მატჩი ითამაშა.
  • "ვილიარეალმა" "ალავესი" ლა ლიგაში 3-გოლიანი სხვაობით პირველად დაამარცხა.
  • სედრიკ ბაკამბუმ (ვილიარეალი) ბოლო სამი ზუსტი დარტყმით სამი გოლი გაიტანა.
  • "ალავესი" ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუტანია.
  • "ბილბაომ" საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა კარის მშრალად შენახვაში, რომელიც 290 წუთს უდრიდა.
  • სერხიო რიკოს (სევილია) კარში ზედიზედ ორი ტურია ინიშნება პენალტი და არ გადის.
  • ლოიკ რემის (ლას პალმასი) ამ სეზონში ორი გოლი აქვს გატანილი ორი დარტყმით.

ეიბარი-ლეგანესი 1:0
გოლი: 1:0 გალვესი (53)


ლევანტე-ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 როდრიგო (31), 1:1 ბარდი (41)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გარაი, მურილიო, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია, ა. პერეირა (61. გედეში) - როდრიგო, მინა (73. ძაძა)


ხეტაფე-ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 შიბასაკი (39), 1:1 დ. სუარესი (62), 1:2 პაულინიო (84)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, უმტიტი, პიკე, ალბა - რაკიტიჩი (77. პაულინიო), ბუსკეტსი, ინიესტა (46. დ. სუარესი) - მესი, ლ. სუარესი, დემბელე (29. დეულოფეუ)


ბეტისი-დეპორტივო 2:1
გოლები: 1:0 ხოაკინი (14), 1:1 კარტაბია (23), 2:1 ხოაკინი (76)


ატლეტიკო-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 გრიზმანი (61)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - საულ ნიგესი, თომასი (46. ფერეირა-კარასკო), გაბი, კოკე - ა. კორეა (66. ფ. ტორესი), გრიზმანი


ალავესი-ვილიარეალი 0:3
გოლები: 0:1 ბაკამბუ (32), 0:2 ბაკა (52), 0:3 ბაკამბუ (62)


ჟირონა-სევილია 0:1
გოლი: 0:1 მურიელი (69)
სევილია (4-3-3): ს. რიკო - კორშია, კარისო, ლონგლე, კაროლე - ბანეგა, ნ'ზონზი, განსო (63. ფ. ვასკესი) - მონტოია (77. მერკადო), მურიელი, სარაბია (86. კრონ-დელი)
გამოუყენებელი პენალტი: გრანელი (91. ჟირონა)


ლას პალმასი-ბილბაო 1:0
გოლი: 1:0 რემი (87)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ბოვედა, ნუნიესი, ლაპორტი, საბორიტი - იტურასპე (87. ბენიატი), ვესგა - სუსაეტა (63. მუნიაინი), რაულ გარსია, საბინი (63. ადურისი)


სოსიედადი-რეალი 1:3
გოლები: 0:1 მაიორალი (19), 1:1 როდრიგეში (28), 1:2 როდრიგეში (36 ს.კ.), 1:3 ბეილი (61)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, ელუსტონდო, დ. ლორენტე, როდრიგეში - ჩაბი პრიეტო (69. ხუანმი), ილიარამენდი, ზურუტუზა - იანუზაი (77. აგირეჩე), ვილიან ჟოზე, კანალესი (57. ველა)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, ტ. ერნანდესი (93. ნაჩო) - მოდრიჩი, კაზემირო, ისკო - ბეილი, მაიორალი (75. ლ. ვასკესი), ასენსიო (86. სებალიოსი)


ორშაბათი, 18 სექტემბერი
ესპანიოლი-სელტა 23:00

ბომბარდირები: 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - მაქსი გომესი (სელტა), ხუანმი (რეალ სოსიედადი).

მომდევნო ტური
19 სექტემბერი:
ვალენსია-მალაგა;

20 სექტემბერი:
ბარსელონა-ეიბარი, ბილბაო-ატლეტიკო, ლეგანესი-ჟირონა, დეპორტივო-ალავესი, სევილია-ლას პალმასი, რეალი-ბეტისი;

21 სექტემბერი:
ვილიარეალი-ესპანიოლი, სელტა-ხეტაფე, ლევანტე-რეალ სოსიედადი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული