ესპანეთის ნაკრები შესაძლოა, ვარსკვლავებმა პროტესტის ნიშნად დატოვონ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრები შესაძლოა, ვარსკვლავებმა პროტესტის ნიშნად დატოვონ.

გგონიათ, ეს ყველაფერი კატალონიის სეპარატიზმს უკავშირდება? არა, როგორც ფრანგები ამბობენ, Cherchez la femme - ეძიეთ ქალი!

სექტემბრის ბოლოს ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციაში ახალი შეფი მივიდა - ხუან ლუის ლარეამ პოსტზე ანხელ ვილიარი შეცვალა, რომელსაც ახლა არ ეფეხბურთება.

ახალმა თავმა მაშინვე განაცხადა, რომ აუცილებლად გაათავისუფლებს ნაკრებში მარკეტინგის დირექტორ მარია ხოსე კლარამუნტს, მაგრამ ამას მოჰყვა "ფურია როხას" ლიდერების მკვეთრი განცხადება, თუ კლარამუნტს გაუშვებთ, ნაკრებიდან ჩვენც წავალთო.

ამ შემთხვევაში ჟერარდ პიკესა და სერხიო რამოსის პოზიციები (პოლიტიკისგან
განსხვავებით) ერთნაირი აღმოჩნდა. პროტესტს შეუერთდა სერხიო ბუსკეტსიც.

სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლიხტენშტაინთან მოგებული თამაშის შემდეგ ფეხბურთელებმა გასახდელში არ შეუშვეს!

19 ოქტომბერს კლარამუნტის გადადგომა ოფიციალურად გამოცხადდა, ახლა კი მთელი ესპანეთი განრისხებული ვარსკვლავების რეაქციას ელოდება.

ვინ არის მარია კლარამუნტი?
პეპე კლარამუნტი "ვალენსიას" 70-იანი წლების ლეგენდა იყო. მარია სწორედ მისი შვილია. 2011 წელს იგი ნაკრებში მარკეტინგის დირექტორად დანიშნეს, მერე კი მან ფერნანდო იეროს თანამდებობაც შეითავსა და ნაკრების სპორტული დირექტორიც გახდა.

კლარამუნტს დიდი გავლენა აქვს ფეხბურთელებზე. ამასთან, მას უთანხმოება ჰქონდა ნაკრების წინა თავკაც ვისენტე დელ ბოსკესთან.

სხვათა შორის, მარია კლარამუნტს თანამდებობად ოფიციალურად "მარკეტინგის დირექტორი" უწერია, მაშინ, როცა ასეთი პოსტი ფედერაციის წესდებით, გათვალისწინებული არც არის. ასე რომ, არავინ იცის, ზუსტად რა ფუნქციები ჰქონდა ნაკრებში მარია კლარამუნტს.

Sportall.Ge

რეალურად კლარამუნტი ნაკრებში ქვეყნის უპირველესი გუნდის ბრენდის წინ წამოწევას ემსახურება. ის არეგულირებს ფეხბურთელების ურთიერთობას მედიასთან, ორგანიზებას უკეთებს ყველა სახის გასვლას, საქველმოქმედო ღონისძიებებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ორგანიზებას უკეთებს ამხანაგურ მატჩებსაც კი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მარია მუდამ რჩებოდა ჩრდილში, აქამდე არავის უნახავს მისი ინტერვიუ პრესის წარმომადგენლებთან.

რატომ უყვართ?
წლების განმავლობაში მარია კლარამუნტი დაუახლოვდა ნაკრების ფეხბურთელებს, ბევრთან კი უკვე მეგობრობს კიდეც. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა მას კასილიასთან, პიკესთან და რამოსთან აქვს. ამ ფეხბურთელებს კლარამუნტი საკუთარი საიმიჯო უფლებების სარფიანად გაყიდვაში ეხმარება.

გუნდის ახალ თავკაც ხულიენ ლოპეტეგსაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მასთან და არც იგი იყო წინააღმდეგი ურთიერთობის გაგრძელების, მაგრამ ხუან ლორეა ერთი-ერთში იმეორებს დელ ბოსკეს სიტყვებს - მარიას საკმარისზე დიდი გავლენა აქვს "როხას" ფეხბურთელებზე, ეს კი მათ საქმისადმი დამოკიდებულებაზე მოქმედებს.

Sportall.Ge

კლარამუნტი პირდაპირ კავშირში იყო Vos Sportsmarketing & Entertainment-თან, რომლის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა მას მერე, რაც მარიამ ფედერაციაში დაიწყო მუშაობა. ერთი წლის განმავლობაში ფირმის შემოსავალმა 746%-ით (!) მოიმატა.

ამბობენ, რომ გაიზარდა ცალკეული ფეხბურთელების შემოსავლებიც მაისურების გაყიდვით, ეროვნულ ნაკრებსა და "ვალენსიაში". მარიამ ფეხბურთელები არა მარტო ბიზნესწარმატებებით მოხიბლა, იგი ძალიან ყურადღებიანია მათ მიმართ და ადამიანური სირთულეების გადალახვაშიც ეხმარება.

როცა ნაკრების რომელიმე ფეხბურთელს პრობლემა აქვს, ის ურეკავს მარიას და არა მთავარ მწვრთნელს...

რატომ გაუშვეს?
ახალ პრეზიდენტს ზემოთ აღნიშნული ფირმის უცნაური შემოსავლები მოსვენებას უკარგავს და არც ის ავიწყდება, რომ მარიას დიდი კავშირები ჰქონდა ახლა ციხეში მჯდომ ანხელ ვილიართან.

მარიას შემოსავლებით ესპანეთის პროკურატურაშიც დაინტერესდნენ, მაგრამ ჯერჯერობით, ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ აღმოაჩინეს.

როგორც ვახსენეთ, წინა შტაბთან მას უთანხმოება ჰქონდა. დელ ბოსკეს გუნდის 2014 წლის მუნდიალზე ჩავარდნა სწორედ ვალენსიელ ქალბატონს ბრალდებდა, რადგან მან გაუკეთა ორგანიზება "როხას" ამერიკულ ტურნეს მუნდიალზე გამგზავრებამდე.

მარიას თაოსნობით ნაკრებმა ვაშინგტონში ღია ვარჯიში მოაწყო, შემდეგ კი ჰონდურასს ეთამაშა. ფინანსურად ეს ძალზე სარგებლიანი ნაბიჯი იყო, სპორტულად კი... ყველას გვახსოვს, როგორ ითამაშა "როხამ" ჰოლანდიის ნაკრებთან მუნდიალზე.

ახალმა ხელმძღვანელობამ ორი კურდღლის ერთად დაჭერა განიზრახა - ვილიართან ყველა კავშირის მოსასპობად გუნდიდან კლარამუნტი ჩახსნა, რითაც სინამდვილეში, საჭადრაკო დაფიდან სერიოზული ფიგურა აიღო. ასეთ რამეს კი გართულებების გარეშე არასოდეს ჩაუვლია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესპანეთის ნაკრების შორენა ყოფილა ეს ქალი
giorgi
16:42 26-10-2017
1
ესპანელებსაც ჰყოლიათ თავისი შორენა თეთრუაშვილი!
სააკაძე
16:34 26-10-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული