ლა ლიგა. XVIII ტური: მონტელას სევილიური კოშმარი [VIDEO]

AutoSharing Option
სევილიური დერბების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მატჩი ვიხილეთ. იტალიელ ვინჩენცო მონტელას სადებიუტო მატჩში ღამის კოშმარი ელოდა. "ბარსამ" მოიგო, ისევე, როგორც მისმა მდევრებმა... "რეალის" გარდა.

ატლეტიკო-ხეტაფე
ლა ლიგის ჩემპიონატი მადრიდული დერბით განახლდა - "ატლეტიკომ" "ხეტაფეს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ დიეგო კოშტა, რომლის ხელახალი დებიუტი მადრიდულ კლუბში სამეფო თასზე უკვე შედგა და ბრაზილიური წარმოშობის ფორვარდმა გოლის გატანაც მოახერხა. "ხეტაფესთან" შეხვედრაში კოშტა პირველად შეუწყვილდა შეტევაში ფრანგ ანტუან გრიზმანს. კიდევ ერთი დებიუტანტი, ვიტოლო, ამჯერად, სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა.

მე-18 წუთზე გრიზმანმა ანხელ
კორეას გაატანინა. 68-ე წუთზე კი ხორვატმა შიმე ვრსალიკომ, რომელიც ხუანფრანს ამჯობინეს, ლამის ცარიელ კარში გაატანინა დიეგო კოშტას.

აქ კი კოშტა გმირიდან ანტიგმირად იქცა, ის ტრიბუნებში ავარდა და ისე იზეიმა "ვანდა მეტროპოლიტანოზე" თავისი პირველი გოლი კარიერაში, მოედანზე ჩამოსულს კი მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი "დაახვედრა". თუმცა "ატლეტიკოს" არც 10 კაცით გასჭირვებია სამი ქულის გაფორმება.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "მსაჯისთვის იოლი შეხვედრა არ იყო, რადგან ორივე გუნდს უყვარს ორთაბრძოლები. ის ცდილობდა, რაც შეეძლო. შევეცდები, ამ მატჩიდან მხოლოდ დადებითები დავიმახსოვრო, რაც კოშტამ გააკეთა მოედანზე.

გაძევებას რაც შეეხება, მსაჯს წესების მიხედვით უნდა ემოქმედა, ემოციას არ უნდა აჰყოლოდა და ის ასეც მოიქცა. წესები იმისთვის არის, რომ შეასრულო. თუმცა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დიეგო ჩვენთანაა. ვფიქრობ, თამაშით კმაყოფილები უნდა ვიყოთ - დაცვაში კარგად ვითამაშეთ და წინ მომენტები შევქმენით.

კოშტას გაძევებამდე შეტევებში ვყოჩაღობდით, გაძევების შემდეგ კი დაცვაში ჩინებულად ვითამაშეთ".


ფაქტები
  • პირველად მოხდა, რომ ლა ლიგის ერთსა და იმავე მატჩში დიეგო კოშტამ გაიტანა და თან ის გააძევეს.
  • პირველ ტაიმში მსაჯმა ფეხბურთელებს 7 ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც ამ სეზონის რეკორდია I ტაიმებისთვის.
  • ანხელ კორეამ გოლი მეტოქის საჯარიმოში მატჩში ბურთთან პირველი შეხებით გაიტანა.
  • დიეგო კოშტამ ბოლო 7 დაპირისპირებაში 5 გოლი გაიტანა.
  • დიეგო სიმეონემ ატლეტიკოს თავკაცის პოსტზე "ხეტაფესთან" მე-10 მატჩში მე-9 გამარჯვება იზეიმა (1 ფრე).
ვალენსია-ჟირონა
მარსელინო "ვალენსიას" სათადარიგოთა სკამზე კისრის ფიქსატორით იჯდა - მოგეხსენებათ, დეკემბერში მწვრთნელი საშინელ ავარიაში მოყვა და მხოლოდ ახლა შეძლო გამოჯანმრთელება.

"ვალენსიამაც" მოიგო, თუმცა კი თავიდან კლუბის აღზრდილი კრისტიან პორტუგესის (იგივე პორტუ) გოლით მარცხდებოდა.

პორტუმ "მესტალიაზე" გოლი არ აღნიშნა. "ღამურებმა" მეორე ტაიმში რამალიოს ავტოგოლისა და დანი პარეხოს პენალტის წყალობით იმარჯვეს - 2:1. "ვალენსია" კვლავ მესამეა და კუდში მიჰყვება "ატლეტიკოს". ამ შეხვედრაში საუკეთესო 21 წლის პორტუგალიელი გონსალო გედეში იყო.

მარსელინო ტორალი (ვალენსია): "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დამსახურებული, მაგრამ ძნელი გამარჯვება მოვიპოვეთ. "ვილიარეალთან" მატჩიც ანალოგიური იყო, მაგრამ ის თამაში დავთმეთ.

გედეში უკვე დიდი ფეხბურთელია. ის გუნდურად თამაშობს, ბევრს შრომობს და ძალიან ინდომებს. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია მისთვის კონტრაქტის გაფორმება და არც ინფორმაცია გამაჩნია ამის შესახებ. დიახ, ჩემი სურვილია, რომ გედეში "ვალენსიაში" დარჩეს, მაგრამ ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება. დღეს ფანები ძალზე დაგვეხმარნენ, ისინი უბრალოდ ბრწყინვალენი იყვნენ".

ფაქტები
  • ამ სეზონში ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი პენალტის ნიშნულიდან დანი პარეხოს აქვს გატანილი - 3.
  • "ვალენსიას" აქამდე ბოლო 4 მატჩში 3 მარცხი ჰქონდა, მაშინ, როცა წინა 13 შეხვედრა წაუგებლად განვლო (9 მოგება, 4 ფრე).

სევილია-ბეტისი
თამაშის წინა ღამეს "სევილიას" და "ბეტისის" ულტრასები შეთანხმდნენ და... ქალაქის ერთ-ერთ ხიდზე ჯგუფურად იჩხუბეს. შედეგად, პოლიციამ 24 მათგანი დააკავა, ერთმა კი საღამო დანით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გაატარა.

მოლოდინი დიდი იყო, იმის მიუხედავად, რომ "ბეტისის" სატურნირო მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა და ჩვენც საოცარი ფეხბურთი ვიხილეთ, გოლების წვიმით, მაღალი ტემპით, ძელებით, დერბისთვის ტრადიციული გაწევ-გამოწევით. აი, ასეთ შეხვედრაში შედგა იტალიელი ვინჩენცო მონტელას ნათლობა ლა ლიგაში. იტალიელს იოლი ცხოვრება არ ელის, რადგან მისი ხელმძღვანელობით "სევილიამ" საძულველ მეტოქესთან 3:5 წააგო.

ვინჩენცო მონტელა (სევილია): "ეს იყო საოცარი მატჩი, გოლების წვიმით ორივე ტაიმში. ჩვენ მეტის გატანა შეგვეძლო. მეორე ტაიმში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო, თუმცა შედეგი ცოტა უსამართლოა. მე ძალიან ბევრ დერბიში მითამაშია და კარგად მესმის "სევილიას" ფანების ახლანდელი მდგომარეობის. ერთად უნდა ვიშრომოთ, რომ უკეთესები გავხდეთ".


ფაქტები
  • ხოაკინ სანჩესმა მე-18 დერბი ითამაშა "ბეტისის" რიგებში, გაუსწრო კარდენიოსას და გახდა კლუბის რეკორდსმენი.
  • ფაბიან რუისის გოლი ლა ლიგის ისტორიაში უსწრაფესი გოლია "ბეტისის" ფეხბურთელის მიერ "სევილიას" კარში გატანილი.
  • ლა ლიგის არცერთ გუნდს არ გაუტანია ამდენი თავური გოლი, რამდენიც "ბეტისს" - 10.
  • ფედალმა (ბეტისი) და ლონგლემ (სევილია) ამ სეზონში 3-3 გოლი გაიტანეს, ყველაზე მეტი მცველებს შორის.
  • "ბეტისს" "სანჩეს პისხუანზე" 4 და მეტი გოლი ერთ თამაშში 1958 წლის მერე არ გაუტანია.
  • "ბეტისმა" "სევილიას" 5 გოლი ლა ლიგაში ისტორიაში პირველად გაუტანა.
  • 5-წლიანი პაუზის მერე "ბეტისმა" შეძლო "სევილიას" დამარცხება.
  • დერბიში 8 ზუსტი დარტყმიდან 8 გოლი გავიდა!

ბარსელონა-ლევანტე
მოკრძალებულმა "ლევანტემ" "კამპ ნოუზე" დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია, 60 ათასი კაციც არ მივიდა (სხვათა შორის, ეს ზედიზედ მესამედ მოხდა). ერნესტო ვალვერდეს გუნდმა მშვიდად აჯობა ვალენსიურ კლუბს. ლეო მესიმ თავის მე-400 მატჩში ლა ლიგის ეგიდით გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ლეომ 365 გოლი გაიტანა ლა ლიგაში და გაუთანაბრდა გერდ მიულერს, რომელმაც ბუნდესლიგაში სწორედ 365 გოლი გაიტანა.

ამ შეხვედრაში ლა ლიგაში 22 წლის ხოსე არნაისის დებიუტი შედგა, რომელმაც მანამდე სამეფო თასზე გოლის გატანა მოასწრო. იმის გამო, რომ გუნდს უსმან დემბელე დაუბრუნდა, ვალვერდემ ისევ 4-3-3-ზე გადააწყო გუნდის ტაქტიკა.

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "იმის მიუხედავად, რომ ფავორიტები ვართ, ვიცით, რომ კონკურენტებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. ამიტომ ჩვენც ბოლომდე ვიბრძოლებთ. "ლევანტე" არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, ჩვენ კი მას სამი გოლი გავუტანეთ.

დემბელემ პირველად ითამაშა და მას ჯერ რიტმში ჩაჯდომა უჭირს, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად მოუმატებს. პაულინიოს 7 გოლი არ მიკვირს, რადგან მას საოცარი ალღო აქვს თითქმის დაკარგული ბურთების მოპოვების, ყოველთვის იქ ხვდება ბურთს, სადაც საჭიროა".


ფაქტები
  • ლეო მესიმ ლა ლიგის მე-400 თამაშში 365-ე გოლი გაიტანა.
  • ლუის სუარესმა "ბარსას" ბოლო 7 თამაშიდან 6-ში გაიტანა (8 გოლი).
  • სერხი რობერტომ კარიერაში პირველად შეძლო ზედიზედ სამ მატჩში საგოლე პასის შესრულება.
  • პაულინიომ ლა ლიგის ნახევარმცველებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (7).
  • ლუის სუარესმა "ბარსელონას" მაისურით 132-ე გოლი გაიტანა და სამუელ ეტო'ოს გადაასწრო კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში.

სხვა მატჩები
წუხელ ზინედინ ზიდანის "რეალმა" ვიგოში "სელტას" წინააღმდეგ ითამაშა. დანიელ ვასის გოლს გარეთ ბეილმა დუბლით უპასუხა. მეორე ტაიმში იაგო ასპასმა ხელიდან შესანიშნავი შანსი გაუშვა, როცა პენალტი ვერ გაუტანა კეილორ ნავასს. "სელტამ" მაინც გაათანაბრა და "სამეფო კლუბს" ძვირფასი ორი ქულა დააკარგვინა.


სხვა ფაქტები
  • გარეთ ბეილმა ზიდანის ხელმძღვანელობით "რეალის" მე-200 გოლი გაიტანა.
  • ხოსე ანხელს (ეიბარი) 5 საგოლე პასი აქვს ლა ლიგაში, ყველაზე მეტი მცველებში ჟორდი ალბასთან (ბარსელონა) ერთად.
  • ამ სეზონში "ლეგანესზე" (7) მეტჯერ კარი მშრალად მხოლოდ "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" (11-11) შეინახეს.
  • არიც ადურისმა (ბილბაო) ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში 6 პენალტი გაიტანა.
ლა ლიგა. XVIII ტური
ატლეტიკო-ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 ა. კორეა (18), 2:0 დიეგო კოშტა (68)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, სავიჩი, გოდინი, ლ. ერნანდესი - ა. კორეა (84. ხ. ხიმენესი), კოკე (88. ფ. ტორესი), გაბი, ფერეირა-კარასკო (60. თომასი) - დიეგო კოშტა, გრიზმანი
გაძევება: დიეგო კოშტა (68)

ვალენსია-ჟირონა 2:1
გოლები: 0:1 პორტუ (8), 1:1 რამალიო (27), 2:1 პარეხო (48-პენ)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ნ. ვიდალი (67. ვეზუ), გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - ა. პერეირა (82. მაქსიმოვიჩი), პარეხო, კონდოგბია, გედეში - როდრიგო, მინა (74. ვიეტო)

ლას პალმასი-ეიბარი 1:2
გოლები: 1:0 ვიერა (32-პენ), 1:1 ორელიანა (73), 1:2 ენრიჩი (77)

სევილია-ბეტისი 3:5
გოლები: 0:1 რუისი (1), 1:1 ბენ იედერი (13), 1:2 ფედალი (21), 2:2 კიაერი (40), 2:3 დურმისი (63), 2:4 ს. ლეონი (65), 3:4 ლონგლე (67), 3:5 ტელიო (96)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კორშია (85. სარაბია), კიაერი, ლონგლე, ესკუდერო - ნ'ზონზი, ბანეგა - ხესუს ნავასი, ფ. ვასკესი (57. ხ. კორეა), ნოლიტო (71. მურიელი) - ბენ იედერი

ლეგანესი-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 გაბრიელი (75)

ბარსელონა-ლევანტე 3:0
გოლები: 1:0 მესი (12), 2:0 ლ. სუარესი (38), 3:0 პაულინიო (93)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო (85. არნაისი), მასკერანო, ვერმალენი, ალბა - პაულინიო, რაკიტიჩი, ინიესტა (76. ანდრე გომეში) - დემბელე (67. სემედუ), მესი, ლ. სუარესი

ბილბაო-ალავესი 2:0
გოლები: 1:0 ეჩეიტა (8), 2:0 ადურისი (64-პენ)
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - დე მარკოსი (83. ლეკუე), ეჩეიტა, ლაპორტი, საბორიტი - იტურასპე, მ. რიკო - სუსაეტა, რაულ გარსია (80. ბენიატი), ვილიამსი - ადურისი (91. საბინი)

ვილიარეალი-დეპორტივო 1:1
გოლები: 1:0 უნალი (30), 1:1 ანდონე (84)

სელტა-რეალი 2:2
გოლები: 1:0 ვასი (33), 1:1 ბეილი (36), 1:2 ბეილი (38), 2:2 მ. გომესი (82)
რეალი (4-3-1-2): კ. ნავასი - ჰაკიმი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი (77. ლ. ვასკესი), კაზემირო, კროოსი - ისკო (77. კოვაჩიჩი) - რონალდო, ბეილი (85. ასენსიო)
გამოუყენებელი პენალტი: ასპასი (72. სელტა)

ორშაბათი, 8 იანვარი
მალაგა-ესპანიოლი 23:59

ბომბარდირები: 16 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - იაგო ასპასი (სელტა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 10 - სიმონე ძაძა (ვალენსია).

მომდევნო ტური
12 იანვარი: ხეტაფე-მალაგა
13 იანვარი: ჟირონა-ლას პალმასი, რეალი-ვილიარეალი, ეიბარი-ატლეტიკო, დეპორტივო-ვალენსია
14 იანვარი: ლევანტე-სელტა, ალავესი-სევილია, ესპანიოლი-ბილბაო, სოსიედადი-ბარსელონა
15 იანვარი: ბეტისი-ლეგანესი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული