რა აკლია "რეალს"? - პირველ რიგში, ედენ აზარი!

AutoSharing Option
ამ სეზონში მადრიდის "რეალი", რბილად რომ ვთქვათ, ვერ ასპარეზობს მისთვის საკადრის დონეზე, ლა ლიგაში "ბარსელონას" არნახულად ჩამორჩა - 19 ქულით (თუმცა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და მის გულშემატკივრებს ნუ დააიმედებს ზედმეტად ერთ-ერთი აუტსაიდერის, ლა კორუნიას "დეპორტივოს" განადგურება (7:1), რამეთუ გუნდი სერიოზულადაა გადასახალისებელი.


გადასახალისებელია მეკარიდან დაწყებული, მეორე თავდამსხმელით დამთავრებული. თანაც, მისი ლიდერი რონალდო 33-ე წელიწადშია და რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ეს უკვე სპორტსმენისთვის სერიოზული ასაკია. ნუ, ფაქტობრივად,
უკვე ვეტერანია.

ეს ესმის კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, ძალიან პრაგმატულად აფასებს ყველაფერს და ზაფხულში ბლანკოსში საკადრო შოკური თერაპიის ჩატარებას აპირებს. ეგაა, თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ცოტაა ვარსკვლავები და ერთობ რთულია "სამეფო გუნდის" დონის მოთამაშეების მოძიება.

პირველი რიგის ამოცანა კი "რეალისთვის" პლეიმეიკერის შეძენაა, რომელიც ცენტრში ბურთს დაიჭერს, თამაშს სასურველ ტემპში წარმართავს, გადაცემებს დაარიგებს, გუნდს უდირიჟორებს და ა.შ. ამიტომ უნდა მწვრთნელ ზინედინ ზიდანს ედენ აზარის გადაბირება. 27 წლის ედენმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 20 მატჩში 8 გოლი გაიტანა და მართლაც შესანიშნავ ფორმაშია, კლუბთან 2020 წლის 30 ივნისამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კი ჯერ უარს აცხადებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მისი მამა ტიერი შვილს დღენიადაგ "რეალში" გადასვლისაკენ მოუწოდებს. ბარემ გეტყვით, რომ ტიერიც ფეხბურთელი იყო, ბელგიის მე-2 ლიგის "ლუვეროსში" საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, დედა კატრინი კი პირველი ლიგის გუნდის თავდამსხმელი გახლდათ. ედენის გარდა, მათ კიდევ სამი ვაჟიშვილი ჰყავთ და სამივენი ფეხბურთელები არიან.

მოკლედ, ტიერი აცხადებს, რომ არ სურს მის ძეს მეტად "არისტოკრატობა" და მართალია, გვარიანი გასამრჯელო აქვს, კვირაში 200 ათასი ფუნტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მადრიდისკენ მიუწევს გული.

თავად ედენი კი ეტყობა, ვერ ჩამოყალიბდა და ამბობს, რომ ჯერ ნავთსაყუდელის გამოცვლას არ გეგმავს და თუ თანანაკრებელი ტიბო კურტუა შრომით ხელშეკრულებას გააგრძელებს, ისიც ასევე მოიქცევა. გეცოდინებათ უთუოდ, ტიბოსაც ბლანკოსი ეპატიჟება და რადგან მისი ორი შვილი ესპანეთში ცხოვრობს, მასაც ლა ლიგაში უნდა კარიერის გაგრძელება.

არადა, ეს ორი ბელგიელი ახლა ჰაერივით სჭირდება "რეალს"...
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორ კი გეტყობა გვარიანი რალის ფანი ხარ, მარა არც აზარი და არც ტიბო (რაც არ უნდა გული დაგწყდეს) არსადაც არ მიდიან. სჯობს ხეტაფე სარაგოსებში ეძიოს ბლანკოსმა გუნდის მომავალი :)
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული