ლიონელ მესი - ფეხბურთელი, რომელიც "თამაშს აკეთებს"

AutoSharing Option
თანამედროვე ფეხბურთი ვარსკვლავების მწვავე დეფიციტს განიცდის.

მაგალითად, ახლა ისეთი ამბავია ატეხილი თავდამსხმელ ალექსის სანჩესის "არსენალიდან" "მანჩესტერში" გადასვლაზე, გეგონება, პელე ან დიეგო მარადონა იყოს. ფეხბურთი უფრო ძალისმიერი გახდა. უფრო იმას აფასებენ და ითვლიან, ვინ რამდენი გაირბინა, თითქოს დოღი ან მარათონი იყოს.

დარბიან უსაშველოდ და დაუსრულებლივ. თამაში, უფრო სწორად, დიდებული თამაშთა თამაში მწვალებლობას დაემსგავსა, რომლის ყურება ხანდახან არათუ მოსაწყენი, არამედ შეუძლებელია.

სპორტის ნომერი პირველი სახეობა კი მუდამ ფინტით ფასობდა, დრიბლინგით, კარგი პასით, ლამაზად ბურთაობით, შემოქმედებითობით. ატყდა რამდენჯერმე ერთი ამბავი, როგორ გაბედა და
ნეიმარმა მეტოქე მცველი მოატყუა და გააბითურაო, თითქოს რამე დაეშავებინოს ან ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს.

რას იზამ, დრო იცვლება, თუმცა თვით კონსერვატიულ ინგლისშიც კი მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა შეეცვალათ და იქაურმა კლუბებმა ტექნიკური მოთამაშეების შეძენა დაიწყეს.

ვინაა თანამედროვე ფეხბურთში ისეთი, რომელსაც საფეხბურთო ჟარგონზე თუ ვიტყვით, "თამაშის გაკეთება" შეუძლია? რონალდო? არა, უფრო გუნდი თამაშობს მასზე და არა ის გუნდზე. კრიშტიანოს თავის გამოსაჩენად აუცილებლად გოლები სჭირდება. ნეიმარი? არა. თუმცა კი, ეს ორივე ნამდვილი ვარსკვლავია. ალბათ, მეტ-ნაკლებად ედენ აზარი და რა თქმა უნდა, ლეო მესი!

ის წინ მიუძღვის გუნდს, ქმნის მომენტებს, ყველაზე რთულ სიტუაციებში არღვევს მეტოქის დაცვას, არასოდეს იქცევა ეგოისტურად, უკეთეს პოზიციაზე მყოფ პარტნიორს პასს არასოდეს დაუგვიანებს და არ დაამადლის.

  • როგორ ამოდის მესი დაცვიდან "ბეტისთან" მატჩში

ლიონელი საოცრად სტაბილურია. პრიმერას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ერთადერთია, ვინაც ყოველ სეზონში ყველა ტურნირზე მინიმუმ 25 გოლი გაიტანა. ამ სეზონში ლა ლიგის 20 მატჩში უკვე 19-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 11 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ვისაც მართლაც ესმის და უყვარს ფეხბურთი, არ შეიძლება არ აღიარებდეს მის ტალანტს, ვინაიდან არაფრისგან შეუძლია შექმნას გოლი და თამაში შემოატრიალოს. კალათბურთის დარად, ფეხბურთში სტატისტიკურად ყველა შეხვედრის შემდეგ არ აფასებენ მოთამაშის ნაღვაწს მარგი ქმედების კოეფიციენტით, ე.წ. MVP-თი, თორემ ყველაზე ხშირად სწორედ ის იქნებოდა მატჩის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი.

ამ დროს ის არ დარბის 10 ან 12 კილომეტრს. ამას წინათ გამოითვალეს, რომ საშუალოდ 90 წუთის მანძილზე 6 კილომეტრს დარბის, ხშირად კი მოედანზე დადის.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში სახლში "ბარსასთან" 0:5-ზე განადგურების შემდეგ "ბეტისის" ვეტერანმა ნახევარმცველმა ხოაკინმა დაიჩივლა, ურიგოდ ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ არც კი ვიცი, მასზე რა ვთქვაო.

შეგირდი აქო მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ: "თქვენ უნდა დატკბეთ მისი თამაშით და გიხაროდეთ, რომ მის ეპოქაში ცხოვრობთ. თავის დროზე მრავალი თავსატკივარი გამიჩინა და ვიცი, რა არის ეს. ახლა შემიძლია მისი თამაშით სიამოვნება მივიღო. ის საუკეთესოა და ასეთად დარჩება".

დიახ, ფეხბურთი გუნდური სპორტის სახეობაა, ასულგრანაში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ წუთით წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ის ლეოს გარეშე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თანამედროვე საფეხბურთო სამყაროს ნამდვილად არ ყავს ასეთი აკადემიური საფეხბურთო ინტელექტით გამორჩეული სხვა სპორტსმენი გარდა მესისა.უდავოდ მოვლენაა ფეხბურთში.
რობერტ ჩხარტიშვილი
21:50 22-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული