გაიტანა მისმა მეწყვილემაც ეროვნულ გუნდში - სერხიო რამოსმა. მისი გარჯაც მხოლოდ ფრეს ეყო. ასე რომ, "ბარსასა" და "რეალს" შორის სტატუს-კვო შენარჩუნდა - 19 ქულა.
ეიბარი-სევილია
ვინჩენცო მონტელას საქმეები "სევილიაში" ვერ არის კარგად - ანდალუსიურმა კლუბმა, ყველასთვის მოულოდნელად, 1:5 წააგო "ეიბართან", რომლის რიგებშიც დუბლი ფაბიან ორელიანამ შეასრულა. მონტელა ბევრს ფიქრობს კოპა დელ რეის მატჩზე. ამის გამო მან სამი დებიუტანტი ათამაშა ბასკეთში და მწარედაც დაისაჯა.
ვინჩენცო მონტელა ("სევილიას" მწვრთნელი): "პირველ რიგში, მთავარზე ვიტყვი - მინდა ბოდიში მოვუხადო "სევილიას" ფანებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, რომ კოპას ფინალში გავიდეთ. ახლა მიჯრით ბევრი მატჩი ვითამაშეთ და ბევრი ფიზიკური და მენტალური ენერგია დავხარჯეთ. ასევე, მინდა, მივულოცო "ეიბარს", რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა. ისე, აქაური მოედანი ძალიან პატარაა, პატარაა სტადიონიც, რაც უცნაურ შეგრძნებას ტოვებს".
ფაქტები
- "ეიბარმა" 5 გოლი ლა ლიგაში სულ 4-ჯერ გაიტანა. 4-ჯერვე ეს ანდალუსიური კლუბების წინააღმდეგ მოახერხა.
- ამ სეზონში ხოსე ანხელზე (ეიბარი) მეტი საგოლე პასი ლა ლიგაში არც ერთ მცველს არ აქვს - 7.
- "ეიბარმა" ამ სეზონში მეორედ გაიტანა გოლი მატჩის პირველ წუთზე.
ლევანტე-რეალი
ზინედინ ზიდანის გუნდი, ალბათ, მაინც კრიზისშია და წინა ტურებში ზედიზედ ორი გამარჯვება გამონათება იყო - "სამეფო კლუბმა" სეზონში მეორედ ვერ დაამარცხა "ლევანტე", რომელიც ამ ფრეების წყალობით გავარდნის ზონას არა ერთით, არამედ სამი ქულით უსწრებს.
"ვერონადან" ვალენსიაში გადასულ 33 წლის ჯამპაოლო პაცინის, რომელსაც "სამპდორიაში", "ფიორენტინაში", "ინტერში", "მილანში" და სად აღარ უთამაშია, 12 წუთიც ეყო გოლის გატანის საფირმო ჩვენების ახლა უკვე ლა ლიგაში შესრულებისთვის - 2:2.
ზიდანმა ბოლო წუთებზე არა ბენზემა, არამედ კრიშტიანო რონალდო შეცვალა, რომელსაც მწვრთნელისკენ არც გაუხედავს. პორტუგალიელს არგუმენტი მას მერე მოემატებოდა, რაც პაცინიმ დარჩენილ დროში გათანაბრება შეძლო.
ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში მეორე გოლი გავიტანეთ და ვალდებულნი ვიყავით, შეგვენარჩუნებინა ეს უპირატესობა, მაგრამ ასე არ მოხდა და ორი ქულა დავკარგეთ. ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ მეტოქეს 4 შანსი მიეცა და აქედან ნახევარი გამოიყენა. ყოველთვის ვიტყვი, რომ პრიმერაში ჯერ არაფერი გარკვეულა. ხელიდან გავუშვით ზედიზედ მესამე მატჩის მოგების შანსი. ერთი სიტყვით, ეს იყო საზიზღრობა".
ჯამპაოლო პაცინი (ლევანტე): "ასეთი დებიუტი ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ფანტასტიკური საღამოა ჩემთვისაც და კლუბისთვისაც. პრიმერას პირველივე მატჩში გამოხვიდე და "რეალს" გაუტანო... ეს ყველაფერი წარმოუდგენლად საოცარია. კმაყოფილი ვარ, ასე რომ გავახარე ფანები".
ფაქტები
- პირველად ისტორიაში, "ლევანტემ" არ წააგო "რეალთან" სეზონის ორივე თამაში.
- ჯამპაოლო პაცინი ასაკით ყველაზე ხანდაზმულია ხორხე მოლინას შემდეგ, ვინც ამ სეზონში "რეალს" გოლი გაუტანა - 33 წლისა და 6 თვის.
- ქარიმ ბენზემამ ყველაზე მეტი საგოლე პასი ისკოს გაუკეთა - 8.
- სერხიო რამოსი ერთადერთი მცველია, რომელმაც ლა ლიგის ზედიზედ 14 სეზონში შეძლო გოლის გატანა.
- სერხიო რამოსმა ლა ლიგაში 11-თვიანი პაუზის მერე გაიტანა.
ესპანიოლი-ბარსელონა
არც ისე დიდი ხნის წინათ "ბარსელონამ" სეზონში პირველად სწორედ "ესპანიოლთან" წააგო (თასზე). ახლა კი კატალონიური გრანდი ახლოს იყო სეზონში პირველ წაგებასთან ლა ლიგაშიც, მაგრამ დატბორილ "კორნელია ელ-პრატზე" "ესპანიოლის" ფანების სიძულვილის მთავარმა ობიექტმა ჟერარდ პიკემ გადაარჩინა, რომლის თავური დროული იყო. მან ჟერარდ მორენოს გოლს უპასუხა - 1:1.
არასაკმარისი დრენაჟის "წყალობით", თამაში გაფუჭდა, რაც "ესპანიოლს" აძლევდა ხელს. ლეო მესი თამაშში მხოლოდ მეორე ტაიმში ჩაერთო და საგოლე პასი მიითვალა.
ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "იმ პირობების გათვალისწინებით, რაც მოედანზე იყო, ეს ქულა მნიშვნელოვანი შენაძენია".
ფაქტები
- "ბარსელონამ" ამ სეზონში უკვე 22-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს, ყველაზე მეტჯერ ევროპის ტოპ-5 ლიგაში.
- ფილიპე კოუტინიომ ლა ლიგაში პირველად ითამაშა ყოფილი გუნდის, "ესპანიოლის" წინააღმდეგ "ბარსელონას" მაისურით.
- "ბარსამ" პირველი 22 ტურის განმავლობაში არ წააგო. ეს კლუბის ახალი რეკორდია.
- "ბარსელონამ" 7-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა პრიმერაში.
სხვა მატჩები
სან-სებასტიანში "რეალ სოსიედადმა" 5 უპასუხო გოლი გაუტანა "დეპორტივოს", რომელიც საშინელ ფორმაშია და 9 დეკემბრის მერე არ მოუგია. ასიერ ილიარამენდიმ დუბლი შემოგვთავაზა, ერთი გოლი მან 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
ექსრეალელმა კარიერაში მეორედ შეასრულა დუბლი და ეს ისევ "დეპორტივოს" კარში მოახერხა. "დეპორტივო" უკვე ეძებს ახალ მწვრთნელს. სარეზერვო გუნდიდან დაწინაურებულმა კრისტობალ პარალიომ ვერ გაამართლა და 12 თებერვალს "ბეტისთან" "დეპორს" უკვე სხვა მწვრთნელი ეყოლება.
ჟირონაში "ბილბაოს" მარცხზე მეტად იერაი ალვარესის დაბრუნებაა აღსანიშნავი. ბასკთა მცველი სიმსივნესთან ბრძოლაში უკვე მეორედ გამოვიდა გამარჯვებული და 9-თვიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა.
ტურის ცენტრალურ მატჩში "ატლეტიკომ" საკუთარ სტილში, 1:0 დაამარცხა "ვალენსია" და ლიდერს 9 ქულამდე მიუახლოვდა. გამარჯვების გოლი ანხელ კორეას ანგარიშზეა.
ფაქტები
- "დეპორტივომ" 1957 წლის მერე პირველად გაუშვა პირველ 22 ტურში 50 გოლზე მეტი.
- ასიერ ილიარამენდიმ (რეალ სოსიედადი) ლა ლიგაში სულ 7 გოლი გაიტანა ბასკური კლუბის სახელით და აქედან 4 "დეპორტივოს" კარში.
- ვილიან ჟოზემ "რეალ სოსიედადის" ბოლო 13 გოლიდან 7 გაიტანა. აქედან 6 - პირველ ტაიმებში.
- "ბეტისს" ამ სეზონში თავით 11 გოლი აქვს გატანილი. ევროპის ტოპ-5 ლიგაში კლუბი მხოლოდ "ჩელსის" (13) და "მონაკოს" (12) ჩამორჩება და "ბაიერნს" (11) უტოლდება.
- იაგო ასპასმა (სელტა) 2018 წელს 4 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ესპანელ ფეხბურთელებს შორის ევროპის ტოპ-5 ლიგაში.
- მუნირ ელ ჰადადიმ (ალავესი) პირველად შეძლო სეზონში 10 გოლში მონაწილეობის მიღება (5 გოლი, 5 საგოლე პასი).
- "სელტამ" სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.
- "ხეტაფეს" 8 ტურია, შინ არ წაუგია (5 მოგება, 3 ფრე).
- "ბილბაოს" წაუგებელი სერია მე-10 მატჩზე გაჩერდა (3 მოგება, 7 ფრე).
- კრისტიან სტუანიმ "ჟირონაში" უკვე გაიტანა იმდენი გოლი (12), რამდენიც გასულ სეზონში "ესპანიოლის" მაისურით.
- "ვალენსიამ" ზედიზედ მეხუთე ორთაბრძოლა დათმო.
ლა ლიგა. XXII ტური
სოსიედადი-დეპორტივო 5:0
გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (32), 2:0 ილიარამენდი (62), 3:0 კანალესი (75), 4:0 ა. ელუსტონდო (82), 5:0 ილიარამენდი (89)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, რ. ნავასი, ა. ელუსტონდო, დე ლა ბელია - ზუბელდია, ილიარამენდი, ჩაბი პრიეტო (83. გურიდი) - ოიარზაბალი, ვილიან ჟოზე (85. აგირეჩე), ხუანმი (69. კანალესი)
ეიბარი-სევილია 5:1
გოლები: 1:0 კიკე (1), 2:0 ორელიანა (17), 2:1 სარაბია (21-პენ), 3:1 რამისი (32), 4:1 ორელიანა (32), 5:1 არბილია (83)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ლაიუნი, პარეხა, ლონგლე, ესკუდერო - ნ"ზონზი, მესა (53. ბანეგა) - სარაბია (75. ხესუს ნავასი), ნოლიტო, ს. რამირესი (66. ლ. მურიელი) - ბენ იედერი
ბეტისი-ვილიარეალი 2:1
გოლები: 1:0 მორონი (45+2), 2:0 მორონი (65), 2:1 ბაკა (80-პენ)
გაძევება: ბონერა (31. ვილიარეალი)
ალავესი-სელტა 2:1
გოლები: 1:0 ალფონსო (4), 2:0 ელ ჰადადი (18), 2:1 ასპასი (91)
ლევანტე-რეალი 2:2
გოლები: 0:1 ს. რამოსი (11), 1:1 ე. ბოატენგი (42), 1:2 ისკო (81), 2:2 პაცინი (89)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (90. ლ. ვასკესი) - ბეილი (66. ისკო), ბენზემა, რონალდო (82. ასენსიო)
ხეტაფე-ლეგანესი 0:0
ესპანიოლი-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 ჟ. მორენო (66), 1:1 პიკე (82)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ (59. ს. რობერტო), პიკე, უმტიტი, დინი (75. ალბა) - პაულინიო, ბუსკეტსი, ინიესტა - პ. ალკასერი (59. მესი), ლ. სუარესი, კოუტინიო
ჟირონა-ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 სტუანი (7-პენ), 2:0 სტუანი (65)
ბილბაო (3-5-2): ერერინი - ი. ალვარესი, ნუნიესი (62. ადურისი), ი. მარტინესი - ლეკუე, ბენიატი (62. სუსაეტა), იტურასპე, მ. რიკო, ა. ლოპესი - რაულ გარსია, ვილიამსი
ატლეტიკო-ვალენსია 1:0
გოლი: 1:0 ა. კორეა (59)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრალიკო, სავიჩი (29. ხ. ხიმენესი), გოდინი (51. ხუანფრანი), ლ. ერნანდესი - ა. კორეა, კოკე, საულ ნიგესი, ფერეირა-კარასკო (62. გაბი) - დიეგო კოშტა, გრიზმანი
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვეზუ, გაბრიელი, გარაი, გაია - მაკსიმოვიჩი (65. სოლერი), პარეხო, კონდოგბია, ლატორე (62. როდრიგო) - ს. მინა, ძაძა
ორშაბათი, 5 თებერვალი
ლას პალმასი-მალაგა 23:59
ბომბარდირები: 20 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 15 - იაგო ასპასი (სელტა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა).
მომდევნო ტური
9 თებერვალი: ბილბაო-ლას პალმასი;
10 თებერვალი: ვილიარეალი-ალავესი, მალაგა-ატლეტიკო, ლეგანესი-ეიბარი, რეალი-რეალ სოსიედადი;
11 თებერვალი: სევილია-ჟირონა, ბარსელონა-ხეტაფე, სელტა-ესპანიოლი, ვალენსია-ლევანტე;
12 თებერვალი: დეპორტივო-ბეტისი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"