ლა ლიგა. XXIX ტური: რონალდომ პოკერი შეასრულა და ლუის სუარესს გადაასწრო [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის ბომბარდირთა დავას რომ ჩახედოთ, აღმოაჩენთ, რომ კრიშტიანო რონალდო ლეო მესის უკვე სამი გოლითღა ჩამორჩება.

პორტუგალიელმა კატალონიურ "ჟირონასთან" პოკერი შეასრულა და ლუის სუარესს გადაასწრო. არადა, არც ისე დიდი ხნის წინათ მის კრიზისზე ლაპარაკობდნენ.

ბომბარდირთა დავით იმიტომ დავიწყეთ, რომ სხვა მხრივ, ლა ლიგაში თითქმის ყველაფერი გარკვეულია, მით უფრო, "ატლეტიკოს" მარცხის შემდეგ.

ვალენსია-ალავესი
"ღამურებმა" ზედიზედ მესამე ტურში მოიგეს და არაფრით თმობენ მე-3 ადგილისთვის ბრძოლას. კარგად ითამაშა სიმონე ძაძამ, რომელმაც ჯერ კედელი გაუთამაშა როდრიგოს, შემდეგ კი თავად გაიტანა სეზონში მე-12 გოლი. მეორე
ტაიმში "ვალენსიას" დაცვის მარცხენა ფლანგის ჩავარდნას "ალავესის" გოლი მოჰყვა, მაგრამ ყველაფერი ლაგუარდიას ავტოგოლმა "დაალაგა" - 3:1.

იმ დროს, როცა "ვალენსია" "ალავესს" ეთამაშებოდა, მისი ფრანგი ნახევარმცველი ფრანსუა კოკლენი სასწრაფო ოპერაციას იკეთებდა მყესებზე. კოკლენმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო. კოკლენი, დიდი ალბათობით, წლეულს ვეღარ ითამაშებს.

ფაქტები
  • როდრიგოს გოლისას 9-პასიანი კომბინაცია გათამაშდა, რაც ლა ლიგაში "ვალენსიას" რეკორდულია ამ სეზონში.
  • დანი პარეხომ (ვალენსია) ამ სეზონში მე-7 საგოლე პასი გააკეთა და შარშანდელი რეკორდული მაჩვენებელი გაიმეორა.
  • "ვალენსიამ" და "ბეტისმა" ლა ლიგაში ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს თავით - 13-13.
  • "ვალენსიამ" ბოლო 21 შესაძლებელი ქულიდან 19 მოიპოვა.

ბარსელონა-ბილბაო
ლეო მესიმ 25-ე გოლი გაიტანა ჩემპიონატში, მანამდე კი თავი პაკო ალკასერმა გამოიჩინა - "ბარსამ" ცალი ფეხით აჯობა "ბილბაოს", რომელსაც მეტოქის კარში ხეირიანად არც დაურტყამს. ლიდერს ლუის სუარესის გარეშე სულაც არ გასჭირვებია. დარჩენილ 9 მატჩში "ბარსას" 16 ქულაც ჰყოფნის ჩემპიონობის მოსაპოვებლად.

ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "არ მეშინია, რომ ხალხი ამ სეზონში სამი ტიტულის მოგებას მომთხოვს. დიახ, ამის შანსი გვაქვს, მაგრამ ჯერ ყველაფერი ბურუსითაა მოცული. გამიხარდება, ჩემპიონატს თუ წაუგებლად დავასრულებთ, მაგრამ რატომ ვსაუბრობთ ჯერ ამაზე? წაგებით შესაძლოა, მომდევნო ტურშიც კი წავაგოთ. სეზონის ბოლოს ძალიან რთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ თუ ამ ფორმას შევინარჩუნებთ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს".


ფაქტები
  • ლიონელ მესიმ (ბარსელონა) 2018 წელს ყველა შეჯიბრებაში 16 გოლი გაიტანა.
  • "ბარსელონას" წაუგებელი სერია 36 მატჩამდე გაიზარდა ლა ლიგაში (30 მოგება, 6 ფრე).
  • თუ საჯარიმო დარტყმებს არ ჩავთვლით, მესიმ ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან.
  • ჟორდი ალბამ (ბარსელონა) 8 საგოლე პასი გააკეთა, რაც ლა ლიგის მცველებში საუკეთესო შედეგია.

სხვა თამაშები
სევილიაში "ბეტისი"-"ესპანიოლის" მატჩზე ყველაფერი მოხდა კარგი ფეხბურთის გარდა - კოკისპირულ წვიმაში, მოულოდნელად, მორწყვის სისტემა ჩაირთო. მანამდე სტადიონზე შუქი გაითიშა, ბოლოს კი სეტყვის აკომპანემენტში დასრულდა შეხვედრა, რომელშიც პაუ ლოპესის კარში კურიოზული გოლები გადიოდა (ძირითადად, ბარსელონელთა სათადარიგო მეკარის შეცდომების წყალობით) - 3:0.

"ატლეტიკო", თითქოს, მშვიდად იგებდა ანტუან გრიზმანის პენალტით, მაგრამ "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" თავისი ბოლომდე ვერ გაიტანა - თურქმა ენეს უნალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა - მადრიდელთა ჩამორჩენა ლიდერთან უკვე 11 ქულაა და ყველა კითხვას პასუხი გაეცა - "ბარსა" ტიტულს ნამდვილად არ გაანიავებს.

დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს თამაში გუნდმა ჩემ გამო წააგო".


გვიან საღამოს კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 9-გოლიან მატჩში კრიშტიანო რონალდოს ბენეფისი ვიხილეთ - პოკერი და 1 საგოლე პასი "ჟირონას" წინააღმდეგ - 6:3 "სამეფო კლუბის" სასარგებლოდ.

თამაშამდე დღის სინათლე იხილა "ნაიკის" სარეკლამო კლიპმა, სადაც რონალდო არცთუ თავმდაბლად ამბობს, რომ მას ბადალი არა ჰყავს - ეს სიტყვები მან პოკერის შესრულებით გაამაგრა.


ფაქტები
  • მორალესმა (ლევანტე) "ეიბარის" წინააღმდეგ 6 მატჩში 6 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (3 გოლი, 3 პასი).
  • "დეპორტივოს" ლა ლიგაში 14-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • რიად ბუდებუზმა (ბეტისი) ლა ლიგაში ერთ თამაშში პირველად შეძლო გატანაც და ასისტენტობაც.
  • ჯუნიორ ფირპომ (ბეტისი) ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
  • "ხეტაფემ" სტუმრად ბოლო 12 მატჩში პირველად გაიმარჯვა.
  • ეს კრიშტიანო რონალდოს (რეალი) 50-ე ჰეთ-თრიკი იყო (კლუბსა და ნაკრებში).
  • ქარიმ ბენზემამ ამ სეზონში 8 საგოლე პასი გააკეთა, რაც "რეალის" ფეხბურთელებში საუკეთესო მაჩვენებელია.
  • კრისტიან სტუანიმ (ჟირონა) ევროპის ტოპ-5 ლიგაში ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა თავით - 8.
  • კრიშტიანო რონალდომ ევროპი ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა 2018 წელს - 21.
  • როდრი ერნანდესმა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ 102 პასი შეასრულა. ეს მისი რეკორდია ლა ლიგაში.
  • ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) 2018 წელს ყველა შეჯიბრებაში 16 გოლი გაიტანა.
  • "ლეგანესმა" ლა ლიგაში ისტორიაში პირველად დაამარცხა "სევილია".

ლა ლიგა. XXIX ტური
ლევანტე-ეიბარი 2:1
გოლები: 1:0 მარტი (25), 1:1 შარლესი (63), 2:1 ე. ბოატენგი (64)

დეპორტივო-ლას პალმასი 1:1
გოლები: 0:1 ჰალილოვიჩი (3), 1:1 ალბენტოსა (22)

ვალენსია-ალავესი 3:1
გოლები: 1:0 როდრიგო (19), 2:0 ძაძა (33), 2:1 სობრინო (49), 3:1 ლაგუარდია (54 ს.კ.)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გაბრიელ პაულისტა, გარაი (46. მურილიო), გაია - სოლერი, პარეხო (84. მაქსიმოვიჩი), კონდოგბია, გედეში - როდრიგო (72. ვიეტო), ძაძა

სოსიედადი-ხეტაფე 1:2
გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (23), 1:1 დაკონამი (45), 1:2 ანხელი (51)
რეალ სოსიედადი (4-3-3): მოია - ოდრიოზოლა, რ. ნავასი, ე. მორენო, დე ლა ბელია - ილიარამენდი, ზუბელდია, ზურუტუზა (73. ხუანმი) - კანალესი (67. იანუზაი), ვილიან ჟოზე, ოიარზაბალი (84. აგირეჩე)

ბეტისი-ესპანიოლი 3:0
გოლები: 1:0 ჯუნიორი (34), 2:0 ბუდებუზი (56), 3:0 გერერო (69)

ლეგანესი-სევილია 2:1
გოლები: 1:0 ბუსტინცა (41), 2:0 ერასო (69), 2:1 ლაიუნი (90)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ლაიუნი, კიაერი, ლონგლე, ესკუდერო (78. არანა) - ნ"ზონზი, ბანეგა - სარაბია, ნოლიტო (63. რამირესი), ფ. ვასკესი (72. მურიელი) - ბენ იედერი
გაძევება: სარაბია (84)

ბარსელონა-ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 პ. ალკასერი (8), 2:0 მესი (30)
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - დემბელე (64. ინიესტა), პაულინიო, რაკიტიჩი, კოუტინიო (85. ანდრე გომეში) - მესი, პ. ალკასერი (74. ა. ვიდალი)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, ნუნიესი, ი. მარტინესი, საბორიტი - სან ხოსე, ბენიატი (46. იტურასპე) - სუსაეტა (63. ვილიამსი), რაულ გარსია, ლეკუე - საბინი (71. ადურისი)

სელტა-მალაგა 0:0

ვილიარეალი-ატლეტიკო 2:1
გოლები: 0:1 გრიზმანი (20-პენ), 1:1 უნალი (82), 2:1 უნალი (91)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხ. ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - ა. კორეა (71. ვიტოლო), თომასი, საულ ნიგესი, კოკე (85. ფ. ტორესი) - დიეგო კოშტა, გრიზმანი (81. გაბი)
გაძევება: ვიტოლო (93)

რეალი-ჟირონა 6:3
გოლები: 1:0 რონალდო (11), 1:1 სტუანი (29), 2:1 რონალდო (47), 3:1 ლ. ვასკესი (59), 4:1 რონალდო (64), 4:2 სტუანი (67), 5:2 ბეილი (86), 5:3 ხუანპე (88), 6:3 რონალდო (91)
რეალი (4-4-2): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - ლ. ვასკესი, კროოსი, კოვაჩიჩი (71. მოდრიჩი), ასენსიო (70. ბეილი) - ბენზემა (83. ისკო), რონალდო

ბომბარდირები: 25 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 17 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 16 - იაგო ასპასი (სელტა).

მომდევნო ტური
31 მარტი: ჟირონა-ლევანტე, ბილბაო-სელტა, ლას პალმასი-რეალი, სევილია-ბარსელონა;
1-ლი აპრილი: ესპანიოლი-ალავესი, ლეგანესი-ვალენსია, ეიბარი-რეალ სოსიედადი, მალაგა-ვილიარეალი, ატლეტიკო-დეპორტივო;
2 აპრილი: ხეტაფე-ბეტისი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული