მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში არანაირი სიურპრიზები არ შემოგვთავაზეს. რა თქმა უნდა, გული დაგვწყდა, რომ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კვლავ არ შეიყვანა განაცხადში 18 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქოჩორაშვილი, მაგრამ ეგ არაფერი, ამ ნიჭიერ და პერსპექტიულ ყმაწვილს ყველაფერი წინა აქვს.
რაც შეეხება "რეალს", კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვეს მეკარე ტიბო კურტუა, რომელსაც როგორც ამბობენ, პრიმერაზე არ ათამაშებენ.
ანგარიში კატალონიურმა გუნდმა მე-17 წუთზე გახსნა - ლოსანოს დარტყმული ბურთი რიკოშეტით ბორხა გარსიას მიუვიდა, მან კაზემირო ჩამოიცილა და ნავასის კარის ცხრიანში გადაგზავნა.
38-ე წუთზე კი ასენსიო მეტოქის საჯარიმოში მოცელეს (არადა, ამის აუცილებლობა არ არსებობდა) და თერთმეტმეტრიანი სერხიო რამოსმა გამოიყენა.
მეორე ტაიმში ბლანკოსი დომინირებდა: ასენსიომ ისევ მოინადირა პენალტი, რომელიც ამჯერად ზუსტად ბენზემამ შეასრულა. შემდეგ ბეილმა ისკოს პასი მიიღო, მუნიესას გასცდა და ბურთს აკურატულად მიუჩინა ადგილი ბუნუს კარში. ბოლოს კი ბენზემამ დუბლი შეასრულა. ამ მომენტში მასპინძლები მიიჩნევდნენ, რომ კარიმი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მსაჯმა მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა.
ერთი სიტყვით, "სამეფო გუნდმა" კვლავ იმარჯვა და სკეპტიკოსებს ხმა ჩააკმენდინა. საკითხავი მხოლოდ ერთია - დიდი ხნით?
ჟირონა. "მონტილივი" 13 889 მაყურებელი
ჟირონა - რეალი 1:4
გოლები: 1:0 ბორხა გარსია (16), 1:1 სერხიო რამოსი (39, პენ), 1:2 ბენზემა (52, პენ), 1:3 ბეილი (59), 1:4 ბენზემა (80)
ჟირონა: ბუნუ, პორო (ადაი 79), ხუანპე, ესპინოსა, მუნიესა, გრანელი, ტიმორი, პონსი (ალეიშ გარსია 71), პორტუ, ლოსანო (სტუანი 58), ბორხა გარსია
რეალი: ნავასი, კარვახალი, რამოსი, ნაჩო, მარსელო (ვარანი 61), კროოსი, კაზემირო, ისკო (მოდრიჩი 77), ბეილი (ვასკესი 87), ბენზემა, ასენსიო
ხულენ ლოპეტეგი: "რეალს" გუნდური სულისკვეთება გაუჩნდა და გოლებიც გააქვს