ლა ლიგა. XIII ტური: "სევილია" პირველია [VIDEO]

AutoSharing Option
ლიდერთა ფრით "სევილიამ" ისარგებლა და ჩემპიონატის ლიდერი გახდა. ეს 21-ე საუკუნეში 13 მატჩიდან 26 ქულით გალიდერების მეორე შემთხვევაა. როგორც წესი, ლიდერებს უფრო მეტი ქულა აქვთ ხოლმე. კიდევ ერთი უცნაურობა ისაა, რომ ბომბარდირთა დავას 10 გოლით "ჟირონას" ურუგვაელი ფორვარდი კრისტიან სტუანი ლიდერობს...


როდესაც მთელი მსოფლიოს ვარსკვლავები არიან შეკრებილნი ლიონელ მესის თამადობით; როდესაც "ატლეტიკო" და "ბარსელონა" თამაშობენ და... კარში პირველი ზუსტი დარტყმა 77-ე წუთზე მოდის, ეს მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება მიუთითებდეს - ლა ლიგა კრიზისში შედის.

"ვანდაზე" 77-ე წუთზე პირველი დარტყმა პირველი გოლით დასრულდა, რომელიც ერთ დროს აღიარებული გოლეადორი დიეგო კოშტასთვის ამ სეზონში პირველი იყო. და მაინც, "ატლეტიკოს" მოგება არ ეწერა - უსმან დემბელეს "ბარსელონაში" გადასვლის დღიდან აკრიტიკებენ, როცა ბურთი ხეირიანად ვერ აკენწლა, თუმცა ფაქტია, ამ სეზონში ფრანგმა უკვე მე-7 ქულა მოუპოვა პირადად ჩემპიონს. "ბარსამ" ტრავმის გამო ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაკარგა, სერხი რობერტო და რაფინია (სეზონის ბოლომდე).


ფაქტები
  • უსმან დემბელეზე (ბარსელონა) მეტი ქულა პირადად არავის მოუტანია თავისი გუნდისთვის - 7.
  • სერხიო ბუსკეტსი გახდა მე-7 ფეხბურთელი, ვინც "ბარსელონას" მაისური 500-ჯერ მოირგო. ის მესამე ნახევარმცველია ჩავი ერნანდესისა (767) და ანდრეს ინიესტას (674) შემდეგ.

როგორც ჩანს, არც სანტი სოლარის უწერია დიდი დღე "რეალის" თავკაცის პოსტზე. არგენტინელის გუნდი წინა მწვრთნელის, ხულიენ ლოპეტეგის სამშობლოში, ბასკეთში შეარცხვინეს, სადაც სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. "რეალის" დაცვა, სერხიო რამოსის ხელმძღვანელობით, "ჩავარდა". სოლარიმ კი პირველად წააგო "სამეფო კლუბის" თავკაცის პოსტზე, მაგრამ "ეიბართან" განადგურება იმ კატეგორიიდან არის, რომელსაც მადრიდულ კლუბში იშვიათად პატიობენ.


ფაქტები
  • ქარიმ ბენზემა 7-ჯერ მოხვდა ოფსაიდში, რაც რეკორდია "რეალის" ფეხბურთელისთვის ლა ლიგის მატჩში.
  • "რეალზე" მეტი გოლი სტუმრად მხოლოდ "უესკამ" გაუშვა - 19 და 16.
  • გონსალო ესკალანტე (ეიბარი) ამ სეზონში 2 გოლით იწონებს თავს. წინა სეზონში მან 28 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

26 ქულის დაგროვება "ალავესსაც" შეეძლო, მაგრამ სულაც წააგო. ლიდერთა შორის შეეძლო ყოფნა "ესპანიოლსაც", თუმცა ამ გუნდმაც წააგო. სამაგიეროდ, მარსელინოს "ვალენსიამ" სეზონში მე-3 გამარჯვებით ოდნავ გამოისწორა სატურნირო მდგომარეობა.

ტურის ფაქტები
  • გასულ და ახლანდელ სეზონებში ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი თავით კრისტიან სტუანიმ (ჟირონა) გაიტანა - 14.
  • 13 ტურის შემდეგ 26 ქულა ლიდერისთვის ყველაზე ცოტაა ლა ლიგის სტარტზე 21-ე საუკუნეში. ანალოგიური შედეგი ჰქონდა დეპორტივოს (2001/02).
  • პაბლო სარაბიამ (სევილია) 18 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა ყველა შეჯიბრებაში, რაც ესპანელი ფეხბურთელისთვის საუკეთესო მაჩვენებელია - 12 გოლი, 6 საგოლე პასი.
  • "ბილბაომ" ანტირეკორდი დაამყარა - ზედიზედ 12 ტურში ვერ მოიგო (8 ფრე, 4 წაგება).
  • ამ ტურში "ვალენსიას" ფორვარდებმა ზუსტად იმდენი გოლი გაიტანეს, რაც მთელ წინა მატჩებში - 3.
  • როდრიგო მორენო და სანტი მინა ერთად 5 სეზონია, რაც თამაშობენ "ვალენსიაში", თუმცა როდრიგომ მინას საგოლე პასი კარიერაში პირველად გადააწოდა.

ლა ლიგა. XIII ტური
ლეგანესი-ალავესი 1:0
გოლი: 1:0 ენ ნესირი (42)

ეიბარი-რეალი 3:0
გოლები: 1:0 ესკალანტე (16), 2:0 ენრიჩი (52), 3:0 კიკე (57)
რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა (54. კარვახალი), ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (63. ისკო), სებალიოსი, კროოსი - ბეილი, ბენზემა, ასენსიო (74. ვინისიუსი)

ვალენსია-ვალეკანო 3:0
გოლები: 1:0 მინა (35), 2:0 მინა (61), 3:0 გამეირო (76)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვასი, გაბრიელ პაულისტა, დიაქაბი, გაია - სოლერი (81. ვეზუ), კოკლენი, პარეხო, გედეში (72. ფ. ტორესი) - როდრიგო, მინა (67. გამეირო)
გაძევება: ადვინკულა (87. რაიო ვალეკანო)

უესკა-ლევანტე 2:2
გოლები: 1:0 რივერა (23), 1:1 როჯერი (45+1), 2:1 ეჩეიტა (51), 2:2 ბოატენგი (74)

ატლეტიკო-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (77), 1:1 დემბელე (90)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე, როდრი, საულ ნიგესი, ლემარი (64. ვიტოლო) - დიეგო კოშტა (80. ა. კორეა), გრიზმანი
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა - სერხი რობერტო (46. რაფინია), ბუსკეტსი, არტური (80. დემბელე), ვიდალი (85. მალკომი) - მესი, ლ. სუარესი

ბილბაო-ხეტაფე 1:1
გოლები: 1:0 ნოლასკოაინი (67), 1:1 მატა (77)

სევილია-ვალიადოლიდი 1:0
გოლი: 1:0 ანდრე სილვა (30)
სევილია (3-4-1-2): ვაცლიკი - კარისო, კიაერი, გომესი - ალ. ვიდალი, მესა, ბანეგა (73. ფ. ვასკესი), ესკუდერო - სარაბია (88. პრომესი) - ბენ იედერი, ანდრე სილვა (82. ამადუ)

ესპანიოლი-ჟირონა 1:3
გოლები: 0:1 სტუანი (4), 0:2 სტუანი (6), 1:2 ბ. იგლესიასი (74), 1:3 დუმბია (90)

ვილიარეალი-ბეტისი 2:1
გოლები: 1:0 მორენო (52), 2:0 ჩუკვუეზე (54), 2:1 ლო სელსო (90)

ორშაბათი. 26 ნოემბერი
სოსიედადი-სელტა 23:59

ბომბარდირები: 10 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
30 ნოემბერი: რაიო ვალეკანო-ეიბარი
1 დეკემბერი: სელტა-უესკა, ვალიადოლიდი-ლეგანესი, ხეტაფე-ესპანიოლი, რეალი-ვალენსია
2 დეკემბერი: ბეტისი-რეალ სოსიედადი, ჟირონა-ატლეტიკო, ბარსელონა-ვილიარეალი, ალავესი-სევილია
3 დეკემბერი: ლევანტე-ბილბაო.

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული