ლა ლიგა. XV ტური: თბილისი ლა ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
გახსოვთ, ალბათ, თბილისში გადაჭედილ "დინამო არენაზე" სევილიელი ევერ ბანეგას საპასუხოდ, ლიონელ მესიმ ორი ლამის იდენტური საჯარიმო გაიტანა უეფას სუპერთასზე.

ასეთი რამ მას აქამდე ლა ლიგაში არასოდეს გაუკეთებია, შაბათს კი ბარსელონურ დერბიში შეძლო.

მესი საჯარიმოებს მსოფლიოში ყველაზე კარგად ასრულებს, "ბარსა" კი ისევ ლიდერია. აი, ეს კაცი ჟურნალისტებმა "ფრანს ფუტბოლის" გამოკითხვაში მეხუთე ადგილზე გაიყვანეს...

არ არის დიეგო კოშტა, არის ნიკოლა კალინიჩი! სლავმა "ატლეტიკოში" მეორე მატჩში მეორე გოლი გაიტანა, მადრიდულმა კლუბმა კი, სატურნირო თვალსაზრისით ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში 3:0 იმარჯვა "ალავესთან" თამაშში.

სიმეონეს გუნდის
კრიზისი დაცვის ხაზში გრძელდება - პირველ ტაიმში დაიმტვრა ლუკა ერნანდესი მსოფლიოს ჩემპიონი ლაზარეთში გოდინს, ხუანფრანსა და ფილიპე ლუიშს შეუერთდა.

დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "ეს იყო ძალიან დაძაბული შეხვედრა კარგ ფორმაში მყოფი მეტოქის წინააღმდეგ, რომელმაც ყოველთვის კარგად იცის, რას აკეთებს მოედანზე. ჩვენ განსაკუთრებით კარგად პირველ ტაიმში ვითამაშეთ, როცა ბევრი მომენტი შევქმენით. მონტეროს გამოსვლამ კი გაგვაძლიერა. ტრავმები ხდება, ამას შეგუებული ვარ. იმედია, ლუკას მდგომარეობა რთული არ არის. კიდევ კარგი, გოდინი და ფილიპე მალე დაბრუნდებიან".

აბელარდო ("ალავესის" მწვრთნელი): "ეს იყო "ალავესის" ყველაზე ცუდი თამაში სეზონში. შედეგი ისეთია, როგორიც უნდა იყოს, მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. 0:1-ზე გათანაბრების შანსი გვქონდა, თუმცა "ატლეტიკოს" მეტი შანსი ჰქონდა. ჩვენთვის ცხოვრება აქ წაგებით არ სრულდება".


"ბარსას" მდევარმა "სევილიამ" დასანანი ქულები დაკარგა "მესტალიაზე" "ვალენსიას" წინააღმდეგ. არადა, გუნდი 92-ე წუთამდე იგებდა.

პაბლო მაჩინი ("სევილიას" მწვრთნელი): "სამწუხაროა, რომ ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ უპირატესობა. ბოლო წამებზე კბილებით უნდა დაგვეცვა კარი, მაგრამ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომებიც მოგვდის. "ვალენსიამ" ქულა მოიპოვა, ჩვენ კი ორი დავკარგეთ".

ბარსელონური დერბი ცნობილ საქალაქო დაპირისპირებებში ერთ-ერთი ყველაზე უთანასწოროა. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა "ბარსამ" "ესპანიოლს" მისსავე სტადიონზე 4:0 მოუგო. ლეო მესიმ ლა ლიგაში პირველად შეასრულა ჯარიმების დუბლი - ორი შესანიშნავი საჯარიმო გაიტანა. სხვათა შორის, ეს მას თბილისში უკვე გაუკეთებია - უეფას სუპერთასზე. უსმან დემბელე კი ამ სეზონში "ბარსას" შეუცვლელ ვარსკვლავად იქცა. ფრანგის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "მესი უბრალოდ ექსტრაორდინარული ფეხბურთელია. მან ორი გოლი გაიტანა, უამრავი მომენტი შექმნა. ეს დიდებულია. ვიცოდით, რომ "ესპანიოლი" კარგი გუნდია, რომელიც შინ დიდებულად თამაშობს. წინა მატჩის გარდა, ყველა მოიგო. საერთო ჯამში, კარგი თამაში გვქონდა. პირველ ტაიმში 3:0-მა მეორეში მატჩის მიმდინარეობა შეცვალა. დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია".


ზღაპრული თამაში გაიმართა ბასკეთში, სადაც "ეიბარი" შარლესის დუბლის წყალობით 4:2-ს უგებდა "ლევანტეს", მაგრამ წლეულს ვალენსიური კლუბი ერთობ ყოჩაღია და ეს თამაშიც გადაარჩინა - 4:4.

მას კარგად არც ამჯერად უთამაშია, თუმცა შეტევის ტანდემში მეწყვილე ქარიმ ბენზემას მაინც სჯობდა და, რაც მთავარია, გარეთ ბეილმა შეძლო გოლის გატანა და "მშრალი" სერიის 802-წუთიან ნიშნულზე შეწყვეტა. ასე მოკრძალებულად მოუგო "სამეფო კლუბმა", სადაც ისევ არ სწყალობენ ისკოს, ლა ლიგის უარეს გუნდს.

ტურის ფაქტები
  • "რეალმა" "უესკასთან" მატჩის პირველ ტაიმში მეტოქის კარისკენ მხოლოდ 2-ჯერ დაარტყა. ეს "სამეფო კლუბისთვის" ყველაზე უარესი მაჩვენებელია ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში).
  • ალვარო ოდრიოზოლას (რეალი) პასების 92.3% ზუსტი იყო პირველ ტაიმში.
  • გარეთ ბეილს (რეალი) ლა ლიგაში 802 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გატანილი. ეს მისი ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერია იყო. ამ ხნის განმავლობაში მან 40-ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარისკენ.
  • "ეიბარმა" ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარისკენ - 32 - თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა.
  • ხოსე ლუის მორალესმა (ლევანტე) "ეიბარის" წინააღმდეგ 7 მატჩში 7 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (4 გოლი, 3 საგოლე პასი).
  • ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ლა ლიგის ერთ მატჩში პირველად გაიტანა ორი გოლი უშუალოდ საჯარიმო დარტყმით.
  • უსმან დემბელემ (ბარსელონა) ბოლო 8 მატჩში (ყველა შეჯიბრებაში) 8 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (3 გოლი, 5 საგოლე პასი).
  • ლიონელ მესი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგაში ზედიზედ 13 სეზონში შეძლო 10 და მეტი გოლის გატანა.
  • ლიონელ მესიმ ლა ლიგაში 2018 წელს 8 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით. ეს ორჯერ მეტია მეორე ადგილზე მყოფი ენის ბარდის (ლევანტე) შედეგზე.
  • მესის 8 გოლი საჯარიმოებიდან 2018 წელს არა მარტო ევროპის ტოპ-5 ლიგის ყველა ფეხბურთელს უსწრებს, არამედ, ყველა კლუბსაც. მეორე ადგილზეა "ლიონი" 5 გოლით.
  • კარლოს ბაკამ (ვილიარეალი) "სელტასთან" დუბლი შეასრულა და რადამელ ფალკაოს გაუთანაბრდა 52 გოლით ლა ლიგაში. ფალკაო აქამდე ერთპიროვნული ლიდერი იყო კოლუმბიელ ფეხბურთელთა შორის.
  • "ესპანიოლმა" ბოლო 19 თამაში ვერ მოუგო "ბარსელონას" - 4 ფრე, 19 წაგება.
  • ბრაის მენდესმა (სელტა) ლა ლიგაში ბოლო 6 მატჩში 9 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (4 გოლი, 5 საგოლე პასი).
  • "ვალენსიამ" მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე ქულები ბოლოს 2016 წლის აპრილში მოიპოვა, მაშინაც "სევილიას" წინააღმდეგ.
  • პაბლო სარაბიამ (სევილია) ამ სეზონში ლა ლიგაში 11 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 6 საგოლე პასი), რაც ნახევარმცველებში ევროპის ტოპ-ლიგებში მეორე შედეგია ფლორიან ტოვენის (მარსელი) შემდეგ - 13.
  • ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) მესამე ცდაზე გაუტანა "ალავესს". ახლა ლა ლიგაში მხოლოდ ორი კლუბი რჩება, რომელთათვისაც ფრანგს გოლი არ გაუტანია, თუმცა მათ კარში გოლის გატანა მას ძალიან გაუჭირდება - "მალიორკა" გავარდნილია, ხოლო "ატლეტიკოში" ახლა თავად ირიცხება.
  • "ატლეტიკომ" 4-ტურიანი პაუზის შემდეგ შეძლო პირველ ტაიმში გოლის გატანა.
  • მადრიდის დერბიში "ლეგანესი" "ხეტაფეს" მე-4 მატჩია, რაც ვერ უგებს.
  • ტიბო კურტუამ "რეალის" კარი ზედიზედ სამ თამაშში (ყველა შეჯიბრებაში) პირველად შეინახა მშრალად.
  • ქარიმ ბენზემამ (რეალი) ამ სეზონში პირველად ვერ მოახერხა კარში დარტყმა (ყველა შეჯიბრებაში).

ლა ლიგა. XV ტური
ლეგანესი-ხეტაფე 1:1
გოლები: 0:1 კაბრერა (39), 1:1 ნიომი (64)
გაძევება: რ. პერესი (93. ლეგანესი)

ატლეტიკო-ალავესი 3:0
გოლები: 1:0 კალინიჩი (25), 2:0 გრიზმანი (82), 3:0 როდრი (87)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი, ლ. ერნანდესი (36. ხიმენესი), საულ ნიგესი - ა. კორეა, როდრი, თომასი, ლემარი (64. მონტერო) - კალინიჩი (56. ვიტოლო), გრიზმანი

ვალენსია-სევილია 1:1
გოლები: 0:1 სარაბია (55), 1:1 დიაქაბი (92)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა (63. დიაქაბი), გაია - სოლერი, პარეხო, კოკლენი, გედეში (61. ჩერიშევი) - მინა (69. ბატჩუაი), როდრიგო
სევილია (3-5-2): ვაცლიკი - მერკადო, კიაერი, გომესი - პრომესი, სარაბია, ბანეგა, ესკუდერო, ფ. ვასკესი (77. ამადუ) - ანდრე სილვა, ბენ იედერი (85. მურიელი)

ვილიარეალი-სელტა 2:3
გოლები: 0:1 ბ. მენდესი (44), 0:2 იოკუშლუ (49), 0:3 მ. გომესი (51), 1:3 ბაკა (83), 2:3 ბაკა (87)

ესპანიოლი-ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 მესი (17), 0:2 დემბელე (26), 0:3 ლ. სუარესი (45), 0:4 მესი (65)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, ლონგლე, პიკე, ალბა - რაკიტიჩი (82. დ. სუარესი), ვიდალი, ბუსკეტსი - მესი, ლ. სუარესი (79. ელ ჰადადი), დემბელე (68. კოუტინიო)

ეიბარი-ლევანტე 4:4
გოლები: 1:0 ენრიჩი (8), 1:1 მორალესი (9), 1:2 რობერი (25), 2:2 ესკალანტე (57), 3:2 შარლესი (61-პენ), 4:2 შარლესი (65), 4:3 ტონიო (75), 4:4 მაიორალი (91)

უესკა-რეალი 0:1
გოლი: 0:1 ბეილი (8)
რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, სერხიო რამოსი, ვარანი, კარვახალი - სებალიოსი (58. ვალვერდე), მ. ლორენტე, მოდრიჩი (66. ისკო) - ლ. ვასკესი, ბენზემა, ბეილი (76. ასენსიო)


სოსიედადი-ვალიადოლ. 1:2
გოლები: 0:1 ტონი (16), 0:2 ანტონიტო (54), 1:2 ოიარზაბალი (62)

ბეტისი-რ. ვალეკანო 2:0
გოლები: 1:0 ლო სელსო (59), 2:0 სიდნეი (76)

ორშაბათი. 10 დეკემბერი
ბილბაო-ჟირონა 23:59

ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - ლუის სუარესი (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა).

მომდევნო ტური
14 დეკემბერი: სელტა-ლეგანესი
15 დეკემბერი: ხეტაფე-რეალ სოსიედადი, ვალიადოლიდი-ატლეტიკო, რეალი-ვალეკანო, ეიბარი-ვალენსია
16 დეკემბერი: სევილია-ჟირონა, ესპანიოლი-ბეტისი, უესკა-ვილიარეალი, ლევანტე-ბარსელონა
17 დეკემბერი: ალავესი-ბილბაო

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული