ლა ლიგა. XVI ტური: მესიშოუ ვალენსიაში [VIDEO]

AutoSharing Option
ლიონელ მესიმ ამ სეზონში საუკეთესო შოუ დადგა, ვალენსიაში მან ჰეთ-თრიკი და ორი საგოლე პასი მიითვალა. ასე იძია შური "ბარსელონამ" "ლევანტეზე", რომელმაც შარშან გუნდს ბრწყინვალე წაუგებელი სერია შეუწყვიტა და თან 5 გოლი გაუტანა. "ბარსა" ორ მდევარს, "ატლეტიკოსა" და "სევილიას" კვლავ 3-3 ქულით უსწრებს.


"სანტიაგო ბერნაბეუ" განრისხებული ელოდა მორიგ მადრიდულ დერბის - რამდენიმე დღის წინათ აქ "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უდიდესი მარცხი იწვნია საშინაო მატჩებში, თანაც, ეს მოხდა არა რომელიმე გრანდთან, არამედ მოსკოვის ცსკა-სთან.

მაყურებლის ხასიათზე
მოსაყვანად, მატჩის დაწყების წინ ლუკა მოდრიჩმა ახლახან მოგებული "ოქროს ბურთი" გამოფინა. ამან, რა თქმა უნდა, გაახარა 55 ათასამდე ადამიანი, მაგრამ აი, სოლარის გუნდის თამაში კვლავ უკეთესის სურვილს ტოვებს - ერთი, რომ გუნდმა დერბი აუტსაიდერ "რაიო ვალეკანოსთან" რის ვაი-ვაგლახით მოიგო - მე-2 დამატებულ წუთზე კურტუას რომ არ ეყოჩაღა, "რეალი" ორ ქულას დაკარგავდა.

მეორეც, გუნდს გოლების გატანა ძალიან უჭირს, მან ხომ სეზონის წინ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი დაკარგა, რომლის შემცვლელიც "რეალს" უბრალოდ არ უყიდია.

სოლარიმ სკამზე დატოვა ისკო, ხოლო გარეთ ბეილი განაცხადშიც ვერ მოხვდა ტრავმის გამო.


სამაგიეროდ, ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა მეორე მადრიდულმა კლუბმა და სტუმრად "ვალიადოლიდთან" 3:2 მოიგო. ეს იყო ანტუან გრიზმანის საღამო, ფრანგმა მე-300 მატჩი ლა ლიგაში დუბლითა და საგოლე პასით აღნიშნა.


"სევილია" "ჟირონას" "ერჩის" - რაც ეს გუნდი ლა ლიგაში გადმოვიდა, სულ "მშრალად" უგებს. ასე იყო ამჯერადაც. ასე რომ, ანდალუსიური კლუბი "ბარსას" დევნას აგრძელებს.

ტურის ფაქტები
  • "ლეგანესს" უკვე 6 ტურია, რაც არ წაუგია (2 მოგება, 4 ფრე). ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე გრძელი წაუგებელი სერიაა.
  • "რეალმა" ლა ლიგაში კარი მშრალად ზედიზედ სამ ტურში 2015 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად შეინახა.
  • "რეალმა" ლა ლიგის 16 ტურში 24 გოლი გაიტანა, რაც მისთვის 1993 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
  • მარკოს ლორენტე "რეალის" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც I ტაიმში ყველა პასი ზუსტი გააკეთა - 37.
  • "ვალენსია" მხოლოდ მეორე გუნდია ლა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პირველი 16 თამაშიდან 10 ფრედ დაასრულა. პირველი იყო ხიხონის "სპორტინგი" - 1982 წ.
  • "ატლეტიკომ" ბოლოს ორჯერ მოიგო მატჩი, რომელშიც გოლზე მეტი გაუშვა, არადა, წინა 5 შემთხვევაში სიმეონეს გუნდი ვერ იგებდა.
  • ანტუან გრიზმანმა ლა ლიგაში მე-300 მატჩი ჩაატარა და 125 გოლი გაიტანა.
  • "ხეტაფემ" ბოლო 7 ტურში მხოლოდ ერთი მატჩი დათმო (0:1 "ვალენსიასთან").
  • რაფაელ ვარანმა "რეალის" მაისურით 250 მატჩი ითამაშა.
  • პაბლო სარაბიასა (სევილია) და იაგო ასპასს (სელტა) ესპანელ ფეხბურთელებში ყველაზე მეტ გოლში აქვთ უშუალო მონაწილეობა მიღებული ლა ლიგაში - 12-12 (6 გოლი, 6 საგოლე პასი სარაბიასთვის).
  • "სევილია" ლა ლიგაში სულ სამჯერ შეხვდა "ჟირონას" და სამჯერვე მშრალი ანგარიშით მოუგო.
  • კრისტიან ტელიომ (ბეტისი) ლა ლიგაში პირველად გაიტანა გოლი საჯარიმო დარტყმით.
  • "ბეტისი" მეორე გუნდია ლა ლიგაში, რომელმაც ერთ სეზონში სამ კატალონიურ კლუბს მოუგო მისსავე მოედანზე.
  • კარლოს ბაკა (ვილიარეალი) ლა ლიგის ყველა დროის კოლუმბიელი გოლეადორი გახდა - 53 გოლი.
  • ლიონელ მესიმ ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა - 23 (14 გოლი, 9 საგოლე პასი).
  • 14 გოლით ლიონელ მესი ევროპის ტოპ-5 ლიგის მთავარი მეგოლეა.
  • ლიონელ მესიმ 2018 წელს კლუბსა და ნაკრებში 50 გოლი გაიტანა.
  • ბოლო 9 კალენდარული წლიდან 8-ში მესიმ კლუბსა და ნაკრებში ერთად 50 და მეტი გოლი გაიტანა.

ლა ლიგა. XVI ტური
სელტა-ლეგანესი 0:0

ხეტაფე-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 მოლინა (3)

ვალიადოლ.-ატლეტიკო 2:3
გოლები: 0:1კალინიჩი (26), 0:2 გრიზმანი (45), 1:2 კალერო (57), 2:2 საულ ნიგესი (63 ს.კ.), 2:3 გრიზმანი (80)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში (60. თომასი) - ა. კორეა (75. მარტინში), როდრი, კოკე, საულ ნიგესი - კალინიჩი (69. ვიტოლო), გრიზმანი

რეალი-ვალეკანო 1:0
გოლი: 1:0 ბენზემა (13)
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, მ. ლორენტე, მოდრიჩი (92. ვალვერდე) - ლ. ვასკესი, ბენზემა (78. ვინისიუსი), ასენსიო (71. სებალიოსი)

ეიბარი-ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 როდრიგო (29), 1:1 შარლესი (56-პენ)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა (42. დიაქაბი), გაია - სოლერი, კოკლენი (45. პიჩინი), პარეხო, ჩერიშევი (82. ფ. ტორესი) - როდრიგო, ს. მინა

სევილია-ჟირონა 2:0
გოლები: 1:0 ბანეგა (55-პენ), 2:0 სარაბია (64)
სევილია (3-1-4-2): ვაცლიკი - კიაერი (79. მერკადო), კარისო, გომესი - ბანეგა - ხესუს ნავასი, სარაბია, მესა, ესკუდერო (89. პრომესი) - ანდრე სილვა, ბენ იედერი (92. არანა)

ესპანიოლი-ბეტისი 1:3
გოლები: 1:0 ს. გარსია (24), 1:1 ლო სელსო (43), 1:2 ტელიო (85), 1:3 ო. დუარტე (91. ს.კ.)
გამოუყენებელი პენალტი: ლო სელსო (17. ბეტისი)

უესკა-ვილიარეალი 2:2
გოლები: 1:0 კუჩო (44-პენ), 1:1 ბაკა (63), 1:2 მორენო (81), 2:2 ლონგო (94)
გამოუყენებელი პენალტი: მელერო (66. უესკა)
გაძევება: მარიო გასპარი (65. ვილიარეალი)

ლევანტე-ბარსელონა 0:5
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (35), 0:2 მესი (43), 0:3 მესი (47), 0:4 მესი (60), 0:5 პიკე (88)
ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი - პიკე, ლონგლე, ვერმალენი (52. არტური) - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ვიდალი (78. კოუტინიო), ალბა - მესი, ლ. სუარესი, დემბელე (82. დ. სუარესი)
გაძევება: კაბაკო (77. ლევანტე)

ორშაბათი. 17 დეკემბერი
ალავესი-ბილბაო 23:59

ბომბარდირები: 14 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - ლუის სუარესი (ბარსელონა), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა).

მომდევნო ტური
21 დეკემბერი: ჟირონა-ხეტაფე, რეალ სოსიედადი-ალავესი
22 დეკემბერი: ბეტისი-ეიბარი, ატლეტიკო-ესპანიოლი, ბარსელონა-სელტა, ბილბაო-ვალიადოლიდი
23 დეკემბერი: ვალენსია-უესკა, ლეგანესი-სევილია, რაიო ვალეკანო-ლევანტე
3 იანვარი: ვილიარეალი-რეალი

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული