ლა ლიგა. XXIII ტურის წინ: როგორია მადრიდული დერბი კლასიკოს შემდეგ?

AutoSharing Option
შუა კვირაში სათასო ელ კლასიკო გადახდილ "სამეფო კლუბს" არანაკლები დაპირისპირება ელის მადრიდული დერბი "ვანდა მეტროპოლიტანოზე". შაბათს დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" სანტიაგო სოლარის "რეალს" მასპინძლობს.

გარდა იმისა, რომ ეს მადრიდული დერბია და ამიტომაც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობაც აქვს - "ატლეტიკო" 44 ქულით მეორე ადგილზეა და ორი ქულით უსწრებს "რეალს". გამარჯვების შემთხვევაში, სოლარის გუნდი მეორე ადგილზე გადავა! იმის გათვალისწინებით, თუ რა კრიზისში იყო გუნდი არცთუ ისე დიდი ხსნის წინათ, ეს დიდი მიღწევა იქნება.

სოლარის გუნდში ტრავმირებული არავინაა, კლასიკოზე დაბრუნდა გარეთ
ბეილიც, რომელმაც მეორე ტაიმში ითამაშა. დანი კარვახალი და რაფაელ ვარანი ისევ გუნდში იქნებიან, წინა ტურში ორივე მცველი დისკვალიფიკაციას იხდიდა. დიდი ალბათობით, შემტევ ტრიოში ფლანგებზე ისევ ლუკას ვასკესი და ვინისიუს ჟუნიორი ითამაშებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უელსელ სუპერვარსკვლავს ისევ სათადარიგოთა სკამიდან მოუწევს თამაშში ჩართვა.

სოლარიმ უნდა გადაწყვიტოს დაცვის მარცხენა ფლანგზე ვინ ათამაშოს, სერხიო რეგილონი თუ მარსელო. ელ კლასიკოზე მან არჩევანი გამოცდილ ბრაზილიელზე გააკეთა.

სიმეონეს გუნდში გამორიცხულია სტეფან სავიჩის თამაში, საეჭვოა დიეგო კოშტასა და კოკეს გამოჩენა. სამაგიეროდ, ვარჯიშები განაახლა დიეგო გოდინმა და ურუგვაელი სასტარტო 11-ეულში მოიაზრება.

მარცხენა ფრთაზე საულ ნიგესი იქნება და არა თომა ლემარი, რომელიც ვერაფრით აჩვენებს იმ თამაშს, რაც "ატლეტიკოს" ფანებს დააკმაყოფილებს. საპირისპირო ფლანგზე კი სასტარტოში, წესით, ანხელ კორეა იქნება. დიდი ალბათობით, ახალწვეული ალვარო მორატა შეტევაში ანტუან გრიზმანს შეუწყვილდება.

სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - ა. კორეა, როდრი ერნანდესი, თომასი, საულ ნიგესი - მორატა, გრიზმანი
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ლუკას ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი.

მადრიდული დერბი ერთადერთი საინტერესო დაპირისპირება არ არის ტურში. ლიდერი "ბარსელონა" "სან მამესს" სტუმრობს. მართალია, "ბილბაო" ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. მეოთხეადგილოსანი "სევილია" კი ბასკურ "ეიბარს" მასპინძლობს.

  • ფაქტები"ატლეტიკომ" და "რეალმა" ბოლო 4 დაპირისპირება (ყველა შეჯიბრება) ფრედ ითამაშეს. ფრე დაფიქსირდა ამ მატჩების ყოველი პირველი ტაიმის შემდეგაც.
  • ლა ლიგის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან 7-ში "ატლეტიკომ" კარი მშრალად შეინახა.
  • "ატლეტიკომ" ლა ლიგის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან 8 მოიგო.
  • ლა ლიგაში "რეალის" ბოლო 7 საგარეო მატჩიდან 6-ში 2.5 გოლზე მეტი დაფიქსირდა.
  • ლა ლიგის ბოლო 6 ტურიდან 5-ში "ატლეტიკოს" თამაშში 2.5 გოლზე ნაკლები დაფიქსირდა.
  • "რეალმა" ლა ლიგის ბოლო 4 ტურში, სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.

ლა ლიგა. XXIII ტური
პარასკევი, 8 თებერვალი
ვალიადოლიდი-ვილიარეალი 23:59

შაბათი, 9 თებერვალი
ხეტაფე-სელტა 16:00
ატლეტიკო-რეალი 19:15
ესპანიოლი-რაიო ვალეკანო 21:30
ჟირონა-უესკა 23:45

პარასკევი, 10 თებერვალი
ლეგანესი-ბეტისი 15:00
ვალენსია-სოსიედადი 19:15
სევილია-ეიბარი 21:30
ბილბაო-ბარსელონა 23:45

ორშაბათი, 11 თებერვალი
ალავესი-ლევანტე 23:59

ბომბარდირები: 21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი), იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ვისამ ბენ იედერი (სევილია).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული