კატალონიური "ბარსელონას" ფრანგმა ფეხბურთელმა უსმან დემბელემ მარცხენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა. ამის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალური საიტი წერს.
მათივე ინფორმაციით, ფრანგი შემტევი გუნდს, სავარაუდოდ, 3-4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ მცირე დისკომფორტი დემბელემ 9 მარტს "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ მატჩშიც იგრძნო, თუმცა შეხვედრა ბოლომდე ჩაამთავრა. ამის შემდეგ დემბელე მოედანზე 13 მარტს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ლიონის" წინააღმდეგაც გამოვიდა, სადაც 20 წუთი ითამაშა და გოლის ავტორიც გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩების განრიგს უეფა 15 მარტს, ნიონში დაგეგმილ კენჭისყრის ცერემონიაზე გამოაცხადებს.