ქარიმ ბენზემამ ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ 21 აპრილს გამართულ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე 30 გოლი დაუგროვდა.
მიუხედავად ამისა, არ წყდება საუბრები, რომ "რეალი" ახალი 9 ნომრის შეძენას აპირებს. განსაკუთრებით ბევრი იწერებოდა ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელ ლუკა იოვიჩზე. თუმცა ბენზემა არ წუხს დამატებით კონკურენციაზე.
კითხვაზე, უნდა იყიდოს თუ არა "რეალმა" ახალი 9 ნომერი, ბენზემამ უპასუხა:
"ეს კლუბზეა დამოკიდებული. მე არ ვდარდობ. მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ გავაკეთო ჩემი საქმე მინდორზე და როგორ დავეხმარო გუნდს".
ბენზემა ამბობს, რომ "რეალის"
დატოვებას არ აპირებს:
"მე "რეალში" დარჩენას ვგეგმავ. მე ხომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ".
ქარიმმა ბოლო 5 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. როგორც ჩანს, ძალიან მოსწონს თამაში ზიდანის ხელმძღვანელობით.
"ზიდანის გუნდში დაბრუნება ძალიან ბევრს ნიშნავს. მასთან ერთად ყველა ბედნიერია და მოუთმენლად ველოდებით შემდეგი სეზონის დაწყებას" - განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.