ლა ლიგა. XXXVI ტურის წინ: "ღამურების" ბოლო შანსი?

AutoSharing Option
ლა ლიგაში ჩემპიონის ვინაობა გარკვეულია. ცნობილია მეორე და მესამეადგილოსანთა ბედიც.

ახლა მთავარი ბრძოლა მე-4 ადგილისთვისაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ბოლო საგზურს იძლევა. თეორიული შანსი "ბილბაოსა" (50 ქულა) და "ალავესს" აქვთ, თუმცა ჩემპიონატის დასრულებამდე 5 და, მით უფრო, 8-ქულიანი ჩამორჩენა ძალიან ბევრია.

ასე რომ, რეალური შანსი მხოლოდ სამ კლუბს აქვს - "ხეტაფესა" და "სევილიას" 55-55 ქულა აქვთ, "ვალენსიას" კი - 52. თითქოს მოილაპარაკესო, წინა ტურში სამივე დამარცხდა. "ღამურები" სულაც სეზონში მეორედ დამარცხდნენ შინ და თან ეს უმოტივაციო "ეიბართან" "მოახერხეს". "ვალენსიას" ერთი უპირატესობა
აქვს, მას შეუძლია ლიგის საგზური ევროთასის მოგებით მოიპოვოს, თუმცა ეს დამატებითი ტვირთიცაა.

"ხეტაფე" "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" "ჟირონას" მასპინძლობს, რომლისთვისაც თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. "ვალენსია" ბოლოადგილოსან "უესკას" ესტუმრება, ხოლო "სევილია" შინ "ლეგანესს" მიიღებს. მოკლედ, ეს ტური ბოლო შანსია "ღამურებისთვის". თუ არაგონში ვერ მოიგებენ, ურჩევნიათ, მთლიანად ევროპალიგაზე გადაერთონ.

უკვე ოფიციალურად გაჩემპიონებული "ბარსელონა", რომელიც ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის ფინალშიცაა, "სელტას" ესტუმრება. თუ ლიონელ მესის რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა არ სურს ("ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში კილიან მბაპე ჰყავს კონკურენტად), მაშინ ერნესტო ვალვერდეს მთელი სასტარტო შემადგენლობის დასვენება შეუძლია.

ზინედინ ზიდანი უკვე მომავალი ჩემპიონატის კონტურებს ამუშავებს. ასე რომ, "ვილიარეალთან" საშინაო შეხვედრაში აქაც ექსპერიმენტებს უნდა ველოდოთ. "ატლეტიკო" "ესპანიოლს" ბარსელონაში ესტუმრება და აქაც ორივე გუნდი აბსოლუტურად უმოტივაციოა.

ფაქტები
  • "ბარსელონას" ლა ლიგაში ბოლო 23 მატჩია, რაც არ წაუგია.
  • "რაიო ვალეკანომ" ლა ლიგაში ბოლო 7 საგარეო მატჩი წააგო.
  • "ლეგანესმა" ლა ლიგაში ბოლო 32 ტურიდან 29-ში ვერ შეძლო გამარჯვება სტუმრად.
  • "უესკამ" ბოლო 6 ტურიდან 5-ში ფრედ ითამაშა.
  • "რეალმა" ბოლო 4 საშინაო მატჩი მოიგო ლა ლიგაში.
  • "ესპანიოლს" ლა ლიგაში 3-მატჩიანი ფრეების სერია აქვს.

ლა ლიგა. XXXVI ტური
პარასკევი, 3 მაისი
სევილია-ლეგანესი 23:00

შაბათი, 4 მაისი
ლევანტე-რაიო ვალეკანო 15:00
ესპანიოლი-ატლეტიკო 18:15
ალავესი-სოსიედადი 20:30
სელტა-ბარსელონა 22:45

კვირა, 5 მაისი
ხეტაფე-ჟირონა 14:00
ეიბარი-ბეტისი 16:00
რეალი-ვილიარეალი 18:15
ვალიადოლიდი-ბილბაო 20:30
უესკა-ვალენსია 22:45

ბომბარდირები: 34 - მესი (ბარსელონა); 21 - სუარესი (ბარსელონა), ბენზემა (რეალი); 18 - სტუანი (ჟირონა); 17 - ბენ იედერი (სევილია); 16 - ასპასი (სელტა); 15 - გრიზმანი (ატლეტიკო).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული