მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა მისი ცხოვრების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "ინსტაგრამის" საშუალებით დააანონსა.
რამოსმა განაცხადა, რომ ფილმი 8 ნახევარსაათიანი ნაწილისაგან შედგება, მისი სახელი El Corazon De Sergio Ramos ("სერხიო რამოსის გული") იქნება და ის სერხიო რამოსს სულ სხვა კუთხით წარმოაჩენს.
"ჩემი შოუ Prime Video Sport-ის სექციაში გამოჩნდება და ეს ჩემი ცხოვრების სრულიად ახალი ხედვა იქნება. თვალი ადევნეთ სიახლეებს", - დაწერა სერხიო რამოსმა.
"ჩემი დოკუმენტური ფილმი 8 ნაწილისაგან შედგება. თითოეული 30-წუთიანი მონაკვეთია. პილარი და მე მივეჩვიეთ კამერის წინ დგომას. მე მომწონს, ჩვენ მოგვწონს და გვინდა, ეს ფილმი დავუტოვოთ ყველა იმ ბავშვს, ვისაც ოცნებები აქვს. ისინი შეძლებენ ნახონ, თუ რამდენად ბევრი რამ არის საჭირო ცხოვრებაში რაღაცის მისაღწევად და ამ მიღწევის შესანარჩუნებლად.
ეს მემკვიდრეობაა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანები მხოლოდ მოედანზე გხედავენ და თვლიან, რომ შენ მხოლოდ გძინავს და ვარჯიშობ. ეს კი ასე არ არის და ელიტაში ამდენი წელი დარჩენისთვის გაცილებით მეტი რამ არის საჭირო. ასე რომ, ფილმის საშუალებით ადამიანები ნახავენ, თუ როგორ ცხოვრობენ ფეხბურთელები მნიშვნელოვან მიზნებთან ერთად."