როგორ მოხვდი მანდა? - გაიცანით "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი, რომელიც ჭადრაკისა და მესის ფანია

AutoSharing Option
ყველაფერს იფიქრებდა რამდენიმე დღის წინ 61 წლის კიკე სეტიენი, გარდა იმისა, რომ "ბარსელონას" მწვრთნელი გახდებოდა, მაგრამ ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის გამორიცხული, თვით ასეთი სიურპრიზიც კი.

იმდენად უნდოდა "ბარსას" ხელმძღვანელობას მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს გამოცვლა, რომ ხავის, რონალდ კუმანის და მაურისიო პოჩეტინოს უარის შემდეგ სხვა გზა რომ აღარ დარჩა, დროებით უმუშევარ სეტიენს მიადგა და 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი.

სეტიენი სანტანდერშია დაბადებული, ამ გუნდის ღირსებას იცავდა (ნახევარმცველი იყო), აგრეთვე "ატლეტიკოში", "ლოგრონესსა" და "ლევანტეში" ასპარეზობდა, ესპანეთის ნაკრებში 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1986 წელს
მექსიკაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი წაიყვანეს, მაგრამ მოედანზე არ შეუშვეს.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების მერე მშობლიურ "რასინგს", "პოლიდეპორტივოს", ეკვატორული გვინეის ნაკრებს, "ლოგრონესს", "ლუგოს", "ლას პალმასსა" და "ბეტისს" ედგა სათავეში.

სევილიური გუნდი კიკემ 2017 წლის მაისში ჩაიბარა. იმ სეზონში ლა ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავეს და ევროპა ლიგაზე გავიდნენ. 2019 წელს "ბეტისმა" პრიმერა მე-10 პოზიციაზე დაასრულა, მოხსნეს და მის ნაცვლად ხუანდე რამოსი დანიშნეს.

როგორია სეტიენის სამწვრთნელო ფილოსოფია? ჭკუას კარგავს ბურთის ფლობაზე. 2017 წლის შემოდგომაზე სეტიენის "ბეტისმა" "რეალი" 1:0 დაამარცხა, 2018 წლის სექტემბერში "ლეგანესთან" მატჩში ლა ლიგაში ბურთის ფლობის რეკორდი დაამყარა (82.5%), 2018 წლის ნოემბერში "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" 4:3 სძლია, ხოლო 2019 წლის მაისში "რეალს" ისევ მოუგო, ამჯერად 2:1.

სეტიენი ყოველთვის იხსენებს შეხვედრას, როდესაც "რასინგის" შემადგენლობაში "ბარსელონას" დაუპირისპირდა, რომელსაც იოჰან კრუიფი ედგა სათავეში. 90 წუთი ისე ირბინა, რომ ბურთს ახლოს არ მიაკარეს და აღფრთოვანებულს აღმოხდა: "ეს შესანიშნავია! მინდა ასეთი გუნდის წევრი ვიყო. კიდევ უფრი მსურს გავიგო, ამას როგორ ახერხებენ. როგორ შეიძლება ბურთს სულ აკონტროლებდნენ და მეტოქეს სულ არბენინებდნენ?"

კიკე ჭადრაკის ფანია. უთამაშია კარიაკინის, კრამნიკის და კასპაროვის წინააღმდეგ. ჭადრაკს ფეხბურთს ადარებს და ბევრ საერთოს ხედავს. მას უყვარს მესი. როდესაც გასული წლის მარტში ლეომ მის "ბეტისს" საჯარიმოდან ორი გოლი გაუტანა, სევილიურმა პუბლიკამ კი ოვაციები გაუმართა, სეტიენმა უძვირფასესი ფეხბურთელი უწოდა: "ძალიან მომეწონა ჩვენი გულშემატკივრების რეაქცია. მათ დააფასეს დიადი ფეხბურთელი, რომლისგანაც დავზარალდით. თუმცა ჩვენ მისი თამაშით სიამოვნებას ვიღებთ. ასეთი ფეხბურთელი მე არ მინახავს. არ ვიცი, იყო თუ არა პელე მასსავით სტაბილური".

მოკლედ, ვნახოთ, განახორციელებს თუ არა სეტიენი თავის საფეხბურთო ფილოსოფიას "ბარსელონაში", თუ უბრალოდ გაუგებრობაში მოხვედრილ ადამიანად დარჩება. როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვალვერდეს ყველა ვარიანტში აჯობებს და დანარჩენს ვნახავთ.
G.LA
13:07 14-01-2020
0
ჭადრაკის ფანი კი არა, მოჭადრაკე ყოფილა :) კრამნიკს ,კასპაროვს რომ ეთამაშები, ეს ფანობა აღარ არის :)
წრიპა
08:39 14-01-2020
0

სიახლეები პოპულარული