"მარკას" ჟურნალისტმა უგო კარესომ ესპანური გრანდების საკადრო პოლიტიკა გააანალიზა. მისი მტკიცებით, დიდი წმენდა დაიწყება და "რეალსა" და "ბარსელონას" 30 ფეხბურთელი დატოვებს.
ავტორი აღნიშნავს, რომ "ბარსაში" რაკიტიჩისა და უმტიტის მდგომარეობა უპერსპექტივოა, ისევე, როგორც "რეალში" ხამესის, ბეილის, მარიანოსა და ბრაიმ დიასის. ალბათ, მადრიდში არ დაბრუნდება ჰაკიმი, რომელიც კარგი მცველია, მაგრამ "რეალს" დაცვის ფლანგები საიმედოდ ჰყავს დაკომპლექტებული. სამაგიეროდ, ის შეიძლება რომელიმე ფეხბურთელის შესაძენად გამოიყენონ.
სებალიოსი ზიდანს არ სჭირდება, რეგილიონი "სევილიაში" დარჩება, ვალეხო, კუბო, მაიორალი და ოსკარ როდრიგესი იჯარიდან არ დაბრუნდებიან. რეინარსაც გაანათხოვრებენ. სამაგიეროდ,
დაბრუნდება ლუნინი, არეოლას შეცვლის და კურტუას დუბლიორი გახდება.
"სამეფო კლუბი" შეიძლება იოვიჩსაც დაემშვიდობოს. არამყარია გუნდში ვასკესის და მარსელოს მდგომარეობა. ამ უკანასკნელს "იუვენტუსი" ეპატიჟება.
"ბარსას" მწვრთნელი კიკე სეტიენი მზადაა, დე იონგის გარდა, ყველა ნახევარმცველს შეელიოს. ასევე ხელშეუხებელნი არიან მესი, სუარესი, ტერ შტეგენი, პიკე, ალბა და გრიზმანი. თუ უნდათ, ლაუტარო მარტინესი (ინტერი) და პიანიჩი (იუვენტუსი) შეიძინონ, არტურის და სემედოს გასხვისებაც მოუწევთ. გაურკვეველია გაიჯარებული კოუტინიოს, ვაგეს, ორიოლისა და ტოდიბოს მომავალიც.