კორდობაში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბარსელონამ" პენალტების სერიაში "სოსიედადი" დაამარცხა და ფინალში გავიდა.
მატჩის წინ ბასკური გუნდის ნახევარმცველმა მიკელ მერინომ თქვა, რომ "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" უკანასკნელ მატჩში მათ კი სძლია 2:1, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ამჯერად გამარჯვებისა და ფინალში "რეალთან" შეხვედრის იმედი გამოთქვა.
ლა ლიგაზე "გრანადასთან" მატჩისას "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ მცირე ტრავმა მიიღო და "სოსიედადთან" არ უთამაშია. 39-ე წუთზე "ბარსელონა" ფრენკი დე იონგმა დააწინაურა, ხოლო 51-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა თერთმეტმეტრიანიდან საპასუხო გოლი გაიტანა. ვერც ძირითადმა და ვერც დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და პენალტების სერია დაინიშნა, სადაც მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 2 დარტყმული მოიგერია, მისმა გუნდმა 3:2 იმარჯვა და ფინალში გავიდა.
"ბარსას" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა - ეს ყველა ტურნირზე მის მიერ გაცუდებული ზედიზედ მეხუთე პენალტია.
ფინალში "ბარსელონა" "რეალსა" და "ბილბაოს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.