მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა და ასპარეზობას ევროპის ლიგაზე განაგრძობს. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბლაუგრანასთვის" ახალი დეკადა საშინლად დაიწყო.
და მაინც, როგორ მივიდა კატალონიური კლუბი აქამდე?
მესი წავიდა
ყველაფერი ზაფხულში დაიწყო, როდესაც კლუბი უდიდეს ფინანსურ კრიზისში გადავარდა. ალბათ, უმეტესობა თვლიდა, რომ ლიონელ მესი "ლურჯ-ბროწეულისფერების" ღირსებას კიდევ რამდენიმე წლით დაიცავდა, თუმცა ეს ასე არ გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი მზად იყო ხელფასი საგრძნობლად დაეკლო, ხელშეკრულება ვერ გაფორმდა.
ლეომ ესპანეთი თვალცრემლიანმა დატოვა და გადაბარგდა პარიზში, "ბარსელონამ" კი ახალი ცხოვრება
ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე დაიწყო, ამავდროულად, რა თქმა უნდა, უდიდესი ფინანსური პრობლემებით.
რთულია, როდესაც მსგავსი კალიბრის ფეხბურთელს კარგავ, თუმცა კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობა ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებდა. მეტიც, მესის სათამაშო ნომერი ახალგაზრდა ანსუ ფატის გადასცეს (ესპანელი ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება), თუმცა თინეიჯერმა თითქმის მთელი სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა.
ახალწვეულების გაფორმების პრობლემა
ფინანსური კუთხით დაწესებული შეზღუდვების გამო გუნდს სერხიო აგუეროს, ერიკ გარსიას, მემფის დეპაისა და ლუკ დე იონგის გაფორმება გაუჭიანურდა.
ამავდროულად, გუნდში ფეხბურთელების გაყიდვა/განათხოვრება დაიწყო. ლაპორტასა და სხვა ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, 120 მილიონ ევროდ შეძენილი ანტუან გრიზმანი მადრიდის "ატლეტიკოში" გაუშვეს, პიანიჩი - "ბეშიქთაშში"; მეტიც, მარჯვენა მცველიც (ემერსონი) კი გაყიდეს, არადა, გუნდს ამ პოზიციაზე ძალიან უჭირს.
საშინელი შედეგები
"ბარსელონამ" ლა ლიგაში სეზონი 6-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაიწყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულად იყო... პირველივე ტურში კატალონიელები "ბაიერთან" 0:3 დამარცხდნენ, შემდეგ იმავე ანგარიშით "ბენფიკასთანაც" წააგეს...
შიდა ჩემპიონატში ქულების დაკარგვა გახშირდა, ლიგაზე კი მხოლოდ 2 გოლი გაიტანეს და ისიც კიევის "დინამოსთან"; ჩააგდეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა პორტუგალიელებთან, ბოლო ტურში კი "რეკორდმაისტერმა" "ბლაუგრანას" 3:0 სძლია და ევროპის ლიგისკენ მოისროლა.
გუნდს კარში დარტყმა აშკარად უჭირს, რაზედაც გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობაც მეტყველებს (2:9). მეტიც, პირველად ესპანელებმა ლიგის მე-3 ტურში გაისროლეს ზუსტად კარისკენ, რაც, დამეთანხმებით, საშინელი შედეგია. ლა ლიგაში კი ლიდერ მადრიდის "რეალს", არც მეტი და არც ნაკლები, 16 ქულით ჩამორჩებიან ("ბარსას" 23 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს).
რონალდ კუმანი
რატომ არ დაითხოვეს ნიდერლანდელი მალევე? როდესაც საქმე ცუდად მიდიოდა, რატომ არ გაათავისუფლა ხელმძღვანელობამ სპეციალისტი, რომელიც იმედებს ვერ ამართლებდა?
კუმანის ბოლო თვეს ყველაფერი საშინლად მიდიოდა, ექსპერიმენტები, წაგებები, ლუკ დე იონგის ტრანსფერი და ანტირეკორდები. მეტიც, კლასიკოს შემდეგ მწვრთნელის მანქანას თავს "ბლაუგრანას" გულშემატკივრები დაესხნენ.
შემდეგ თითქოსდა რაღაც უკეთესობისკენ უნდა წასულიყო, "ალ-სადიდან" გუნდში ხავი დაბრუნდა, ესპანელი სპეციალისტის ხელი ფეხბურთელებს აშკარად დაეტყო, მაგრამ ექსნახევარმცველს ხელში ჯადოსნური ჯოხი ხომ არ უჭირავს, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოქნევით მოაგვაროს? ალბათ, ყველა ერთ აზრზეა, რომ ნიდერლანდელი მალევე უნდა დაეთხოვათ და დღეს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არ იქნებოდა.
ტრავმები, ტრავმები და კიდევ ტრავმები
ამ მომენტისთვის "ბლაუგრანას" რამდენიმე ლიდერი ტრავმირებულია.
გუნდში ყველაზე მეტი სერხიო ბუსკეტსმა და მემფის დეპაიმ ითამაშეს, ანსუ ფატიმ მონაწილეობა 5 შეხვედრაში მიიღო, ბრაიტვეიტმა - 3-ში. უსმან დემბელე კი მოედანს დეკემბრის თვეში დაუბრუნდა (შედარებით უკეთაა ათამაშებული).
როგორც მოსალოდნელი იყო, პედრი გადაიწვა, "ოქროს ბიჭუნას" მოქმედმა გამარჯვებულმა 2021 წელი შეუსვენებლად ითამაშა, მისმა ორგანიზმმა კი ამდენს ვერ გაუძლო, სექტემბერში დაზიანება მიიღო და კლუბს მაშინ გამოაკლდა, როდესაც მისი ნიჭის მქონე ფეხბურთელები ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
აგუერომ კარიერა დაასრულა
არგენტინელი ფორვარდი გუნდის ერთ-ერთ იმედად მოგვევლინა. მართალია, სერხიოს მესისთან სურდა თამაში, თუმცა 7-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელის წასვლის შემდეგ მისი კალიბრის ფორვარდის ყოლა უდიდესი ფუფუნება იყო. კუნი თავდაპირველად მოედანზე დაზიანების გამო ვერ გადიოდა, დაბრუნდა და მადრიდის "რეალსაც" გაუტანა.
თუმცა, სამწუხაროდ, "ალავესთან" მატჩის დროს სამხრეთამერიკელმა ფორვარდმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ცვლილება მოითხოვა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ექიმებმა ფეხბურთელს კარიერის დასრულება ურჩიეს.
ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რაც "ბლაუგრანას" თავს დაატყდა, თუმცა გუნდი საიმედო მწვრთნელის ხელშია, რომელსაც ეს ქალაქი და ეს კლუბი უყვარს. ყველაფერს დრო გვაჩვენებს. აღორძინდება თუ არა "ბარსელონა", ამას რამდენიმე წელიწადში ვნახავთ.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით