მოგეხსენებათ, "ვალენსიამ" ბილბაოს "ატლეტიკი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა, სადაც "ბეტისს" დაუპირისპირდება.
ესპანურმა გამოცემა AS-მა დაცვის ხაზის სიძლიერესა და გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა:
"ოთხშაბათს "ვალენსიას" უამრავი რამ ჰქონდა საზეიმო. მთავარი, რა თქმა უნდა, ესპანეთის თასის ფინალია, რომელიც 23 აპრილს გაიმართება. "ღამურების" მხრიდან გონსალო გედეშმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა, გამოსარჩევი დაცვითი მხარეა. ბორდალასმა გუნდი 3-მცველიან ტაქტიკაზე დააბრუნა, საკვანძო ფეხბურთელად გაბრიელ პაულისტა დადგა, რის შემდეგაც ამ სეზონში პირველად, "ვალენსიას" ზედიზედ 2 მატჩია გოლი არ გაუშვია. დაცვის ხაზის
გარდა, საკვანძო ფეხბურთელი იყო გიორგი მამარდაშვილიც.
ქართველმა მეკარემ თასის ფინალში გასვლა ტრიბუნაზე მსხდომ ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა. გიორგი შესანიშნავი იყო როგორც მაღალ ბურთებზე, ისე კარის ხაზზე. მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკმა" რამდენჯერმე დაარტყა, სადაც გოლკიპერის ჩარევა გახდა საჭირო, მამარდაშვილი დაკისრებულ მოვალეობას თავს მშვენივრად ართმევდა, რიგ მომენტებში კი, რომ არა მისი მშვენიერი გამოსვლა, შესაძლოა, სხვა ისტორიაც მიგვეღო, მაგალითად, ინიაკი უილიამსის ეპიზოდში.
"ღამურები" ახლა კარგ განწყობაზეა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მიმდინარეობისას გუნდმა უკვე 42 გოლი გაუშვა, ხოსე ბორდალასმა მიაგნო იმ ტაქტიკურ სქემას, რომლითაც "ანდალუსიური" გუნდის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში უნდა წარდგეს.
"მესტალიაზე" გამართული ნახევარფინალის მიმდინარეობისას აშკარად ჩანდა მასპინძელი გუნდის სათამაშო სქემაში ძირეული გადაცვლები. მაგალითად, მთავარმა მწვრთნელმა გუნდი 5:3:2 ტაქტიკით გამოიყვანა, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და 4:4:2-ზე გადაერთნენ. მეორე ტაიმის სტარტზე ხოსემ გუნდი კვლავ 3-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნა, თუმცა ამჯერად 5:4:1. როგორც ჩანს, "ვალენსიურმა" გუნდმა სათავისო სათამაშო სტილი დაიბრუნა, გადაწყობა კი მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს." - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ესპანეთის თასის ფინალი 23 აპრილს, "ბეტისის" წინააღმდეგ გაიმართება. დიდი ალბათობით, გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება.