ესპანეთის თასის მერვედფინალში "რეალმა" გასვლაზე "ვილიარეალს" 3:2 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.
"ვილიარეალმა" "რეალი" 7 იანვარს სახლში 2:1 დაამარცხა, ამჯერად კი მადრიდელებმა იმარჯვეს.
მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და პირველი ტაიმი კაპუსა და ჩუკვუეზეს გოლებით 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ ინიციატივა სტუმრებმა ხელთ იგდეს, ვინისიუსი მეკარე იორგენსენთან პირისპირ გავიდა და ანგარიში შეამცირა. "რეალმა" დიდი ძალებით შეუტია, "ვილიარეალი" თავს უხეიროდ იცავდა, მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს უტოვებდა და მილიტაომ ანგარიში გაათანაბრა. მერე კამავინგამ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. თუმცა "სამეფო გუნდმა" მაინც მიაღწია მიზანს - გამარჯვების გოლი სებალიოსმა გაიტანა.
22 იანვარს ლა ლიგაზე "ვილიარეალი" "ჟირონას" უმასპინძლებს, ხოლო "რეალი" 23 იანვარს გასვლაზე "ბილბაოს" დაუპირისპირდება.
ვილიარეალი. "სერამიკა". 20 124 მაყურებელი
ვილიარეალი - რეალი 2:3
გოლები: 1:0 კაპუ (4), 2:0 ჩუკვუეზე (42), 2:1 ვინისიუსი (57), 2:2 მილიტაო (69), 2:3 სებალიოსი (86)